Google+

რელიზები

26.12.2011
მიხიელ სააკაშვილმა ადიგენში ახალი, ულტრათანამედროვე საავადმყოფო გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ადიგენში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი ულტრათანამედროვე საავადმყოფო გახსნა. მიხიელ სააკაშვილმა ახალი კლინიკა ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან ერთად დაათვალიერა და რეგიონისთვის ამ საავადმყოფოს მნიშვნელობასა და ჯანდაცვის სფეროს განვითარების თაობაზე ისაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა  სადაზღვევო სისტემის განვითარების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ სამედიცინო მომსახურება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვისაც ხელისაწვდომი გახდეს, აუცილებელია მათი სადაზღვევო პოლისებით უზრუნველყოფა.

„ახალი საავადმყოფოს გახსნა ხალხს ძალიან უხარია. მთავარია, რომ აქ მკურნალობა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ რეგიონში გაჭირვებული ჯერ კიდევ ბევრია და ამიტომ სადაზღვევო პოლისები აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. ყოველივე ეს ხალხისთვის კეთდება და აქ მოსვლა ყველას უნდა გავუადვილოთ. ეს არის უნიკალური საავადმყოფო, რომლის მსგავსი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით არ არის. ახლა ექიმების პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მედპერსონალთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ, ეს ადგილი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს.    

„მალე თურქეთის საბაჟო გაიხსნება. წელს გოდერძის უღელტეხილის მშენებლობას ვიწყებთ და, დაახლოებით, 2-3 წელიწადში ბათუმისა და ახალციხის დამაკავშირებელი გზა გაკეთდება. სწრაფად განვითარდება აბასთუმანიც. იგეგმება კიდევ ერთი გზის მშენებლობა, რომელიც ახალციხესა და საირმეს ერთმანეთთან აბასთუმნიშ გავლით დააკავშირებს. ახალციხე, პრაქტიკულად, მთელ რეგიონს კრავს და, რეალურად, საქართველოს ცენტრი  გახდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი საავადმყოფოსთან შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი სკოლის მასწავლებლისაგან საჩუქარი მიიღო - ნათელა მაჭარაშვილმა მას ბავშვების ხელით გადაწერილი, ხის ლუსკუმში ჩასმული, მოპირკეთებული დედა ენა გადასცა. 

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის მიერ აშენებული კლინიკა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება ამბულატორიული, თერაპიული, ქირურგიული, სამშობიარო და სხვა მომსახურებით სარგებლობა. მრავალპროფილიანი ჰოსპიტალი, რომელიც მაღალტექნოლოგიური აპარატურითაა აღჭურვილი, 25 საწოლიანია და იქ 85 მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)