Google+

რელიზები

13.02.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალადამოქმედებული სასამართლო ექსპერტიზის ბიურო და მათან ერთად, რეგიონში დნმ-ის კვლევის უნიკალური ლაბორატორიაც დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის წესსაც გაეცნო და ავტოტექნიკური ექსპერტიზის თანამედროვე პროგრამაშიც გაერკვა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში დამნაშავეობის დონე მცირდება და ამ პროცესის გაგრძელებას ახლადშექმნილი ლაბორატორიაც შეუწყობს ხელს.

"რაც არ უნდა თქვან, საქართველოში დამნაშავეობის დონე ყოველთვიურად მცირდება. ვარდების რევოლუციის წინ, სტატისტიკის მიხედვით, მთელი საქართველოს მასშტაბით დღეში 16 მანქანას იპარავდნენ. დღეს ამავე მაჩვენებლის თანახმად მანქანის ქურდობის ერთი, ან ორი ფაქტი თუ ხდება. ფაქტობრივად, მანქანის ქურდობა, როგორც დანაშაულის სახე, საქართველოში აღარ არსებობს. შესაძლოა, ბევრმა ეს ვერც შეამჩნია, მაგრამ ხალხმა ეს იცის... ეს არც ისე ძნელი გასაკეთებელი აღმოჩნდა. უბრალოდ, ორგანიზება და მონდომება იყო საჭირო. პოლიციაში კორუფცია აღარ არის და ამ უწყების თანამშრომლებმა მუშაობა ისწავლეს, რამაც მსგავს შედეგამდე მიგვიყვანა... თუ სწავლობ, პატიოსნად მუშაობ და საქმეს აკეთებ, შედეგს აუცილებლად მიიღებ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში აღარავის სცემენ და აწამებენ, ყველა კატეგორიის დანაშაული შემცირდა. ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ ხალხმა პოლიციათან თანამშრომლობა დაიწყო, იძლევიან ჩვენებებს, გვაძლევენ ინფორმაციას, გვაქვს ტექნიკური საშუალებები და რაც მთავარია, გულით ვუდგებით საქმეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

აღნიშნულ ლაბორატორიაში შესაძლებელია ნარკოტიკული და ტოქსიკური თრობის ფაქტების გამოვლინება; ასევე ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებების არსებობის დადგენა. გასამართლებული 15 ათასი პირის თითის ანაბეჭდი და საგამოძიებო ორგანოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ინახება.

დნმ-ის ლაბორატორიისთვის ბიუჯეტიდან მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა კი დამატებით მილიონ 200 ათას ამერიკულ დოლარს გამოყოფს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)