Google+

რელიზები

28.02.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ”სი-ენ-ენ”-ს ინტერვიუ მისცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელიდან ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ჟურნალისტის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა. ინტერვიუ 10 წუთს გაგრძელდა და საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ში ინტეგრაციის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და ჩვენს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების შესახებ გააკეთა კომენტარი. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება საქართველოს შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და, კერძოდ, მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების თაობაზე გაამახვილა.

"ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებას საქართველო დაჩქარებული ტემპით ცდილობს. ევრო-ატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის რთულ გზას ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით და კორუფციის ძალზე დაბალი მაჩვენებლებით გადის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ინვესტორებისთვის საქართველოს საკმაოდ მიმზიდველი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, რაც კაპიტალის დასაბანდებლად ესოდენ მნიშვნელოვანია. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების თემასაც შეეხო. მისი თქმით:

"საქართველოში ეკონომიკური აღმშენებლობა იმ პირობებში მიმდინარეობს, როდესაც რუსეთმა პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები დაგვიწესა. ახლო მომავალში საქართველო ჰონ-კონგის, სინგაპურის ან დუბაის მსგავსი ქვეყანა გახდება და შავიზღვისპირეთის რეგიონში მას ბადალი არ ეყოლება".

ინტერვიუს მსვლელობისას, საქართველოს პრეზიდენტმა იმ წარმატებებზეც ილაპარაკა, რომლებსაც ჩვენმა ქვეყანამ პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში მიაღწია. მან ყურადღება იმ ფაქტზეც გაამახვილა, რომ რეფორმების განხორციელების მხრივ, მსოფლიო ბანკის 2006 წლის მონაცემებით, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.

"საქართველოს დიდი შანსი აქვს სხვა ქვეყნებისათვის სანიმუშო მოდელი გახდეს, მაგრამ ამ გამარჯვებებისა და წარმატებების მიუხედავად, ქვეყანას პრობლემები მაინც აქვს - კრემლისა და კონფლიქტური რეგიონების სახით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთს დადებითი როლის შესრულება შეუძლია.

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში დღეს დაბრუნდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)