Google+

რელიზები

02.07.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს პრეზიდეტის ადმინისტრაციაში შეხვდა და უწყების 7 თანამშრომელს ფასიანი საჩუქრები გადასცა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა პენიტენციალური რეფორმების წარმატებაზე ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ციხეებს კრიმნალური ავტორიტეტები მართავდნენ. პრეზიდენტი საპატრიმროებში დღეს არსებული ვითარებით და მსჯავრდებულების კვების საკითხებით დაინტერესდა.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან საქართველო ერთ-ერთია, რომელიც ციხიდან აღარ იმართება- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ხელისუფლებას დიდი თავდადების ფასად დაუჯდა და ამისათვის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანამშრომლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეფორმა სწორედ პენიტენციარულ სისტემაში განხორციელდა.

"ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს ერთ პატიმარზე დღეში 40-50 თეთრი იხარჯებოდა, ახლა ეს თანხა სამ ლარამდე გაიზარდა. რეალურად ჩვენ ათობით ათას ოჯახს სოციალური პრობლემა მოვუხსენით, რაც პატიმრების კვებასთან იყო დაკავშირებული. წინა წლებში პენიტენციარულ სისტემაში კრიმინალის ფაქტები ყოველდღიური იყო. ციხის უფროსი რეალურად ქურდი იყო. იუსტიციის სამინისტრო ქურდების დანამატი, რომელიც რეალურად შსს-ში შედიოდა. ჩვენ ეს სისტემა ამოვატრიალეთ",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის შედეგად ბოლო წლებში დანაშაული სამჯერ შემცირდა.

"ჩვენ არ გვიხარია ბევრი ადამიანის ციხეებში ყოფნა. ადამიანები ციხიდან გამოსწორებულები უნდა ბრუნდებოდნენ და არა გაკრიმინალებულები",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსი ჯარისკაცის დიმიტრი არტემიევის მიერ პერევში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის მიტოვების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცმა ავტორიტარული სახელმწიფოს ნაცვლად თავისუფლება აირჩია.

"დღეს დილით მითხრეს, რომ საოკუპაციო ჯარიდან გამოიქცა ჯარისკაცი და ჩვენგან თავშესაფარი ითხოვა. ეს უკვე მეორე რუსი ჯარისკაცია, რომელიც თავისუფლებას ირჩევს. თუმცა, უფრო მეტი მსურველია. დღეს საქართველო არა მხოლოდ საკუთარ, არამედ რუსეთში და მეზობელ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების თავისუფლებასაც იცავს",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის ლიდერების უცხოეთში შეხვედრებზეკომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ყველა პოლიტიკოსმა უნდა გაითვალისწინოს,რომ საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება დაუშვებელია.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის ინტერესების გამტარებელ ადამიანებთან ქართველი პოლიტიკოსების შეხვედრები პირად შეხვედრებად ვერ ჩაითვლება.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ხშირად ესმის ინფორმაციები ქართველი პოლიტიკოსების რუსეთის ინტერესების გამტარებელ ადამიანებთან შეხვედრების შესახებ.

მიხეილ სააკაშვილს რუსეთის წარმომადგენლებისგან "რაიმეს თხოვნა" ქვეყნისათვის სასარგებლოდ არ მიაჩნია და თვლის, რომ პოლიტიკოსები კიევში და ბერლინში სწორედ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს ხვდებიან.

"ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ. რუსეთმა საქართველოს დაყოფა და დამოუკიდებლობის გაუქმება გადაწყვიტა. ამაზე მეტყველებს შიდა არეულობები საქართველოში. ამ ყველაფერს ფული სჭირდება და რუსეთი უკან არ იხევს",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)