Google+

რელიზები

09.07.2009
უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ობამა-მედვედევის შეხვედრის შედეგები შეაჯამა და საერთაშორისო პოლიტიკაში შექმნილი ვითარების ფონზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სერიოზული საფრთხე, მოცემულ სიტუაციაში, მოსკოვში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, აშკარად გამოჩნდა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მორიგი სამხედრო აგრესია აღარ ემუქრება.

"ვფიქრობ, ყველა ხვდება, რომ რუსეთი გეგმავდა მორიგ ომს საქართველოს წინააღმდეგ, რაც ალბათ სავალალო შედეგს მოიტანდა და 20-იან წლებში დაგვაბრუნებდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მთელი დემოკრატიული მსოფლიოს მხარდაჭერით მათ ამის საშუალება არ მიეცათ. პირველი სერიოზული გზავნილი საქართველოს მხარდაჭერის შესახებ ცივილიზებული მსოფლიოსგან რუსეთმა ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღო, სადაც მათ ვეტოს გამოყენება მოუხდათ. მიუხედავად ამისა, ალბათ მაინც ჰქონდათ იმედი, რომ აშშ-ს მხრიდან ასეთი პრინციპული მიდგომა არ იქნებოდა, თუმცა ობამამ ყველა საკითხში აშკარად დააფიქსირა საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია'', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ თავიდან აიცილა მორიგი სამხედრო საფრთხე რუსეთისგან, მეტი განვითარების საშუალება მიეცა. ‘'საქართველომ აუცილებლად უნდა გააგრძელოს წინსვლა, რაშიც, პირველ რიგში საქართველოში არსებული ოკუპირებული რეგიონების რეალური დეოკუპაცია იგულისხმება. იმედი მაქვს, ამ კუთხით მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოებისგან აქტიური მხარდაჭერა მომავალშიც გვექნება'', - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთს საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად ორი ძირითადი გეგმა ჰქონდა, რაშიც ერთის მხრივ შიდა არეულობის ხელშეწყობა და მეორეს მხრივ, საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე პოლიტიკური ვაჭრობა იგულისხმება.

"რუსეთი ერთის მხრივ აქტიურად ცდილობდა და ცდილობს საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაციის არევას, რა განზრახვითაც შემოედინებოდა და კიდევაც შემოედინება საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების დასაფინანსებლად რუსული ფული. მეორე მხრივ კი, რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე აქტიურად ცდილობდა ნებისმიერ პოლიტიკურ ფასად, თუნდაც ეს ყოფილიყო ავღანეთის საკითხი ან ბირთვული შეიარაღების შემცირება, გარიგება მომხდარიყო და საქართველოზე გავლენა მოეპოვებინა. თუმცა, ჩვენმა პარტნიორებმა არ გაგვწირეს და ეს ვაჭრობა არ შედგა'', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ამ ორი გეგმიდნ ვერცერთის შესრულება ვერ შეძლო, სანაცვლოდ კი, საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობა მკვეთრად გაიუარესა. "რუსეთმა საქართველოზე განხორციელებული აგრესიის შედეგად თავი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიგდო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი ტკივილი განვიცადეთ და ტერიტორიები დავკარგეთ, რაც ჩვენთვის უპირველესი პრობლემაა, რუსეთის მდგომარეობის ჩვენთან შედარება ალბათ შეუსაბამო იქნება. მათ ჩვენზე განხორციელებული აგრესია გლობალურ პოლიტიკურ პრობლემად შემოუბრუნდათ'', - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)