Google+

სიახლეები

28.05.2012
საქართველოს პრეზიდნეტი ანაკლიის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ანაკლიას ესტუმრა და კურორტის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი მათი მიმდინარეობის პროცესით დაინტერესდა და მშენებარე და დასრულებული ობიექტები მოინახულა. ქვეყნის პირველმა პირმა ახლადაშენებული ხელოვნურსაფარიანი სტადიონი დაათვალიერა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ამჟამად ათას მაყურებელს იტევს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ანაკლია საუკეთესო ადგილი გახდება საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების გასამართადაც.

„აქ არის იდეალური კლიმატი და, შესაბამისად, იდეალური ადგილია ჩვენი და უცხოური  გუნდების ჩამოსასვლელად. საბჭოთა კავშირის დროს აქ ბაზა იყო და ამ ტერიტორიას ვერაფრისთვის ვერ იყენებდნენ. განმუხურს ფუნქცია მიეცა. გარშემო სასტუმროებიც აშენდება. ეს სტადიონი, ამჟამად, 1000 მაყურებელს იტევს, თუმცა, შესაძლოა, ადგილების რაოდენობა 2000-მდე გაიზარდოს. საუკეთესო სტადიონი შენდება ზუგდიდშიც. ანაკლიაში უამრავი მატჩი გაიმართება და, შესაძლოა, ეროვნული ნაკრებიც ვათამაშოთ. ცარიელ ადგილზე უკვე რაღაც გაჩნდა, ეს მართლაც საოცრებაა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  

საქართველოს პრეზიდენტმა აკვა-პარკის მშენებლობაც მოინახულა, რომელიც ზაფხულის სეზონის დაწყებამდე დასრულდება. თანამედროვე გასართობ პარკში წყლის სასრიალოები დამონტაჟდება, კაფეები და სპორტული ობიექტები მოეწყობა და დამსვენებელს 24 საათის  განმავლობაში მოემსახურება.  

„ამ ადგილიდან პირდაპირ ზღვას გადაჰყურებ, უკან კი ულამაზესი, გრანდიოზული სასტუმრო შენდება. ამასთანავე, აქ იდეალური კლიმატია აკვაპარკისთვის - ნალექი მცირე რაოდენობით მოდის, მდინარისა და მთის ჰავა კი ერთმანეთს ერწყმის. განმუხურის ამ  ნაწილმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა. აქ უკვე შენდება ერთი ახალი სასტუმრო და მალე მეორეს მშენებლობაც დაიწყება. ანაკლია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი იქნება“, - აღნიშნა მან.  

საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიისა და განმუხურის მშენებარე სხვა ობიექტებთაც დაინტერესდა და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდზეც იმყოფებოდა, რომელიც ცოტა ხნის წინათ აშენდა.

„აქ იახტ კლუბი შენდება. ასევე, ბათუმის მსგავსად, გაკეთდება მოცეკვავე შადრევნები, რომლებიც ყველა სასტუმროდან, ხიდიდან და რესტორნიდან გამოჩნდება. ასევე შენდება მეორე, განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე რესტორანი. აქაურობა ბოლომდე გამოცოცხლდება და ამ ადგილს ძალიან ბევრი სტუმარი ეყოლება. ეს არის კერძო ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელშეწყობის შედეგი. ახალი ობიექტები რომ არ იყოს, აქ არაფერი არ იქნებოდა. ამ ხიდის მშენებლობა ყველასთვის სტიმული იყო, რომ გარშემო სასტუმროები და რესტორნები აეშენებინათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

სხვა ობიექტებთან ერთად, ანაკლიაში 5 ახალი სასტუმრო შენდება. 10 თვეში 13 სართულიანი სასტუმრო „ანაკლია“ გაიხსნება და მალე სოხუმის სასტუმრო „აფხაზეთის“ ანალოგიც აშენდება. ასევე კეთდება კაფე-რესტორნები, სანაპიროსთან კი, მოძრავი რესტორნის მშენებლობა მიმდინარეობს. მალე კურორტზე ხელოვნური ჩანჩქერებიც გაკეთდება. განმუხური-ანაკლიის დამაკავშირებელ ხიდთან კი სანაოსნო შენდება, სადაც იალქნიანი ნავებით სეირნობას ყველა მსურველი შეძლებს. ასევე კეთილმოეწყობა სანაპირო ზოლი;   დაწყებულია ანაკლია-ფოთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)