Google+

სიახლეები

29.12.2011
საქართველოს პრეზიდენტი ქედის მოსახლეობას შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

მე აქ ხშირად დავდივარ. ქედა დღეს ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო, მაგრამ ვისურვებდი, რომ დღევანდელზე ბევრად უფრო ლამაზი იყოს. ეს მხოლოდ სურვილი არ არის.

ჩვენ ყოველდღიურად მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ იმისთვის, რომ აქაურობა არა მხოლოდ გალამაზდეს, არამედ თითოეული თქვენგანის ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდეს.

არასდროს არ დამავიწყდება, რომ აჭარა გაათავისუფლეთ თქვენ. მაღალმთიანი  აჭარიდან ხალხი ავტომანქანებით დაიძრა, ქვემოთ ჩავიდა და რეგიონი მაშინდელი მმართველებისგან გაათავისუფლა. აჭარისთვის და, შესაბამისად, დანარჩენი საქართველოსთვის მაშინ დამთავრდა ყველაფერი ძველი და ახალი ეპოქა დაიწყო.

მინდა უბრალოდ გავიხსენო ის დრო, რომელიც თქვენც კარგად გახსოვთ. ასლან აბაშიძემ ერთი-ორი საავადმყოფო გარედან გადაღება, შიგნიდან ოდნავ გარემონტა, შემდეგ კი გამუდმებით იწონებდა თავს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ჩინოვნიკებთან.

ახლა საავადმყოფოები კი არ რემონტდება, არამედ მსოფლიოში საუკეთესო სამედიცინო ცენტრები შენდება; შენდება არა სადმე მოშორებით, არამედ თქვენს რაიონში, თქვენს დაბაში, თქვენს ქალაქებსა და სოფლებში.

მართალი გითხრათ, თავის მოსაწონებლად დროც აღარ მაქვს, რადგან თავადაც ვერ ვასწრებ ყველაფრის გახსნას და მონახულებას.

ეს არის განსხვავება აღმშენებლობის ეპოქასა და კუდაბზიკობას, ხალხზე ზრუნვასა და საკუთარ ჯიბეზე, საკუთარ ოჯახებზე ზრუნვას შორის. ერთდროულად ორივეს შეთავსება შეუძლებელია - ან შენ ზრუნავ საკუთარ ჯიბეზე ან ფიქრობ იმაზე, თუ როგორ შეუმსუბუქო მდგომარეობა შენს ხალხს, როგორ დაიხსნა ეს ბავშვები გაჭირვებისგან, როგორ შეუქმნა მათ  უკეთესი ცხოვრება.  

ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც არ იპარავს. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელმაც კარგად იცის, რომ ქვეყნის სათავეში ხალხის მოყვანილია, ხალხის სახელით დაიკავა ეს ადგილი, ხალხია მისი საბოლოო დანიშნულებაც და საბოლოო უფროსიც. რა თქმა უნდა, მთავრობამ ხალხისთვის უნდა გააკეთოს ყველაფერი.  

მთავარი მიზანი ისაა, რომ ეს საავადმყოფოები იყოს ხელმისაწვდომი. მე შევხვდი ხალხს, რომლებმაც ჯანმრთელობის პოლისების მეშვეობით გაიკეთეს ოპერაციები, თუმცა ისიც გავიგე, რომ პოლისი ოპერაციის საფასურს ფარავს, მაგრამ ვერ სწვდება დამატებით ხარჯებს. აქედან გამომდინარე, ამ ხალხს კიდევ სჭირდება დახმარება.

ეს საავადმყოფო ქედის შუაგულში ჩაიდგა და ბუნებრივია სამკურნალოდ აქ არც თურქეთიდან ჩამოვა ვინმე და, მით უმეტეს, არც გერმანიიდან, ამერიკიდან ან ჩინეთიდან. ეს არის თქვენთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

უწინ, მხოლოდ თბილისის 2-3 საავადმყოფოში იყო ასეთი დონის ან ამაზე უფრო ნაკლებად კომფორტული და აღჭურვილი პალატა, ისიც რამდენიმე.

ახლა, უპირველესად, ყველაფერი საუკეთესო კეთდება იქ, სადაც ადრე ყველაზე ცუდი მდგომარეობა იყო. დახმარებას ყველაზე მეტად ვიწყებთ იქ, სადაც უწინ ხალხი ყველაზე დაუცველი იყო.

თქვენ იცით, რომ წელს ჩვენ ქედაში გავხსენით ღვინის პატარა ქარხანა და გაშენდა პატარა ვენახები.

თქვენ იცით, რომ ამოქმედდა სოფლის მეურნეობის სხვა პროგრამები. ასევე ვამატებთ ტრაქტორებს.

თქვენ იცით, რომ მომავალ წელს გოდერძის უღელტეხილზე ვიწყებთ გზის გაყვანას. ეს ნიშნავს იმას, რომ მაღალმთიანი აჭარა აღარ იქნება ჩიხი.

სხვათა შორის, ამასწინათ, ადიგენში ვიყავი და ადგილობრივი მოსახლეობა ამბობდა, რომ იქაურობა წარმოადგენს ჩიხს.

ამ გზის გასაყვანად დაგვჭირდება ორი, მაქსიმუმ სამი წელიწადი. ეს რთული გზაა, მაგრამ ამაზე გაცილებით უფრო რთული გზებიც გაგვიყვანია.

ეს ადგილი იქნება არათუ ბათუმის გაგრძელება, არამედ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი.

ჩვენ ვაკეთებთ პროგრამას ეკომიგრანტებისთვის, რომლის მეშვეობითაც ისინი ბათუმში მიიღებენ ბინებს. უახლოესი თვეების განმავლობაში 100 ოჯახი გადავა ქალაქში საცხოვრებლად.

ამას დაემატება შემდგომ წლებში კიდევ რამდენიმე ასეული ოჯახი. წელს და მომავალ წელს, ათასობით ეკომიგრანტი ოჯახი დაიწყებს ბინებში მასობრივ ჩასახლებას. ისინი დაიწყებენ ახალ ცხოვრებას, გაუჩნდებათ ახალი სამუშაო პერსპექტივები და თავიანთი შვილებისთვის ახალი მომავლის მშენებლობას დაიწყებენ.

ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება.

ჩვენ არაფერს არ ვამბობთ ტყუილად.

არც მე და არც ლევან ვარშალომიძე არსად არ დავდივართ ხელცარიელი.

ჩვენ ვამბობდით, რომ გამოვიყვანდით გზებს აჭარაში - გამოვიყვანეთ გზები აჭარაში.

ჩვენ ვამბობდით, რომ ავაშენებდით სოციალურ ობიექტებს - ვაშენებთ სოციალურ ობიექტებს.  

ჩვენ ვამბობდით, რომ შევქმნიდით სოფლის მეურნეობის პროგრამებს და ვქმნით კიდეც.

ჩვენ ვთქვით, რომ, უპირველესად, ბათუმში შევქმნიდით დასაქმების ძალზე სერიოზულ კერას. ახლა იქ  დღე და ღამე არ ჩერდება მშენებლობა.

ეს მხოლოდ დასაწყისის დასაწყისია, მაგრამ, საბოლოოდ, ბათუმი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და საინტერესო ქალაქი მსოფლიოში, მათ შორის, დასაქმების თვალსაზრისითაც.  

ჩვენ ვთქვით, რომ ეკომიგრანტებს წავიყვანდით აქედან  და დავიწყეთ კიდეც ამ მიმართულებით მუშაობა.  

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენს დანაპირებს ბოლომდე შევასრულებთ, რათა თქვენთან პირნათლად მოგვესვლებოდეს. ეს ჩვენი ღირსების საკითხია.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)