Google+

რელიზები

26.10.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ალვანში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გახსნა

დღეს ჩვენ ვხსნით მემორიალს, რომელიც ჩვენი ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის პატივსაცემად დაიდგა.

მოგესალმებით ყველას.

მინდა მივესალმო, ჩვენი გმირის დედას, ქალბატონ ლილის, მინდა მივესალმო ბავშვებს - ლევანს და ანას.

მინდა მივესალმო ომარ ქორთოშაძის ოჯახის წევრებს, რომლებიც ახლა აქ იმყოფებიან; კახა აბულიძისა და ზაზა მოზაიძის ოჯახის წევრებს. ესენი არიან ის ქართველები, ამ სოფლის მკვიდრები, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოსთვის ბრძოლებში.  

ყველა ეპოქას აქვს თავის სიმბოლო. მე დავიბადე და გავიზარდე არათავისუფალ საქართველოში. არათავისუფალი საქართველოს სომბოლო იყო ვაჟა-ფშაველას არწივი.

„არწივი ვნახე დაჭრილი, 
ყვავ-ყორნებს ეომებოდა, 
ეწადა ბეჩავს ადგომა, 
მაგრამ ვეღარა დგებოდა, 
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს, 
გულისპირს სისხლი სცხებოდა. 
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო, 
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, 
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს 
გაშლილს, გაფანტულს ველადა!“

ეს ლექსი გიორგი ანწუხელიძეზეა.

როდესაც საქართველოში უკვე მერამდენედ შემოსულმა დამპყრობელმა გიორგი ანწუხელიძე ტყვედ აიყვანა, იგი ტელეკამერების დააყენეს და ეუბნებოდნენ: თუ გინდა სიცოცხლე გადაირჩინო, აკოცე მიწას, დაგვჩოქე, აგვილოკე შეაგინე საქართველოს პრეზიდენტს, დაიმცირე თავი და ცოცხალს დაგტოვებთო.

იგი დიდი არჩევანის წინაშე დააყენეს. მე რომ იმ წამს გიორგის გვერდით ვყოფილიყავი, თუკი მისი სიცოცხლე ამით გადარჩებოდა, ვთხოვდი, რომ შეეგინებინა ჩემთვის.

მაგრამ ეს იყო სხვა არჩევანი - იმ წამს, იმ წუთს გიორგი ანწუხელიძე იყო საქართველო! თავისი ქმედებით მან თქვა: დღეს მე ვარ საქართველო! საქართველო კი არ დაიჩოქებს! საქართველო არ აულოკავს დამპყრობელს ჩექმას! საქართველო არ დაიმცირებს თავს! მე ვარ საქართველო!

სწორედ ამიტომ არის ის გმირი!

იმ წუთებში ის იყო ქართველობისა და საქართველოს განსახიერება, მთავარი სიმბოლო.

ყველა ეპოქას ჰყავდა თავისი გმირები.

დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო გენერალ მაზნიაშვილს.

მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობას აღარ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები გაიქცნენ, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ქართველი მტრის მხარეს იყო, როცა ორჯონიკიძე და სტალინი ემზადებოდნენ საქართველოში შემოჭრისა და მის ასაღებად, გენერალმა მაზნიაშვილმა შეკრობა ის ქართველები, რომლებიც მზად იყვნენ ებრძოლათ საქართველოსთვის, და ბოლო წუთამდე იბრძოდა ყველა სახის დამპყრობლებთან.

რა თქმა უნდა მაშინ გენერალი მაზნიაშვილი იყო საქართველო!

მე მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო დიდ ქართველ სასულიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეს გრიგოლ ფერაძეს.

გრიგოლ ფერაძე იყო თეოლოგიის დოქტორი, მღვდელი, ძლიან მნიშვნელოვანი ადამიანი საქართველოს ისტორიაში. გერმანელმა ფაშისტებმა გრიგოლ ფერაძე წაიყვანეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში - მე პირადად ვიყავი ჩასული და ვნახე ეს ადგილი. იქ გაზის კამერაში მიყავდათ პოლონური ოჯახი და გრიგოლ ფერაძემ ჩაანაცვლა ეს ოჯახი, პოლონელი ბავშვი და შეგნებულად გააკეთა არჩევანი წასულიყო სიკვდილზე. იმ წუთებში, ოსვენციმში გრიგოლ ფერაძე იყო საქართველო და საქართველოს სხვანაირად არ შეუძლია!

დღეს იმ პოლონელების თვალში, რომლებმაც იციან გრიგოლ ფერაძის გმირობა, საქართველო სამუდამოდ არის გრიგოლ ფერაძე!

მე მივიღე გადაწყვეტილება ეროვნული გმირის წოდება მივანიჭოთ მეორე დიდ ეროვნულ მოღვაწეს და ძალიან დიდ პატრიარქს ამბროსი ხელაიას.

ამბროსი ხელაია იყო მეტეხის ციხეში და ემუქრებოდა გარდაუვალი სიკვდილი, მას თავაზობდნენ, რომ ებრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. მან საკნიდან მიწერა წერილი გენუის კონფერენციას და მოითხოვა საქართველოს დამოუკიდებლობა. იმ წუთში ამბროსი ხელაია არ იყო ცალკე აღებული ქართველი, ცალკე აღებული სასულიერო მოღვაწე და პატრიარქი - ამბროსი ხელაია იყო საქართველო! იგი არასდროს არ დაუჩოქებდა რუსებს, არასდროს არ სთხოვდა მათ მოწყალებას და მთელ მსოფლიოს ეუბნებოდა: დიახ ჩვენ საქართველო ვართ და ჩვენ არ ვიხევთ უკან!

ამბროსი ხელაია არის საქართველოს ეროვნული გმირი, რადგან იმ წუთებში ის იყო საქართველო!

მე მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მივანიჭოთ მიხაკო წერეთელს. მიხაკო წერეთელი იყო ქართული ეროვნული იდეის მატარებელი მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, პრაქტიკულად, გამქრალი იყო ჯერ მეფის რუსეთის დროს, ხოლო შემდეგ, საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მტერმა ჩათვალა, რომ საქართველოში მთლიანად ამოძირკვეს ეროვნული მოძრაობა, მიხაკო წერეთელი სიცოცხლის ბოლომდე ამ ფასეულობების მატარებელი იყო. მე ვამაყობ არა მხოლოდ იმით, რომ მიხაკო წერეთელი იყო ჩემი წინაპარი, არამედ იმით, რომ იგი ქართველი იყო. იმ წუთებში, იმ წლებში, იმ ათლეულებში მიხაკო წერეთელი იყო ერთადერთი, ვისაც შეეძლო ეთქვა: მე ვარ საქართველო!

მე მივიღე გადაწყვეტილება ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო ექვთიმე თაყაიშვილს. მან შიმშილის ფასად შეინარჩუნა უზარმაზარი განძი, რომელიც ჰქონდა საქართველოს და რომელიც დღეს ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. მას შიოდა, წყუროდა, სიკვდილი ემუქრებოდა... მის ადგილას, ბევრი ამ ოქრო-ვერცხლს, მარგალიებსა და ბრილიანტებს გაყიდდა, მაგრამ ის არ იყო ცალკე აღებული პიროვნება და ცალკე აღებული ადამიანი. ის იყო საქართველო! მან თქვა: მე ვარ საქართველო! ამ განძს მე დავუბრუნებ ჩემს ქვეყანას!

მე მივიღე გადაწყვეტილება ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. ზვიად გამსახურდია, განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ათწლეულებში, როდესაც არავის ახსოვდა დამოუკიდებლობის იდეა, როდესაც ქართველების აბსოლუტური უმეტესობა დაავადებული იყო კომფორმიზმით - მე იმ ქვეყანაში ვცხოვრობდი და მახსოვს - და რომლის დაბრუნებასაც დღეს ცდილობენ. ზვიად გამსახურდია იყო იმ ეროვნული ჩირაღდნის მატარებელი. ზვიად გამსახურდია, სამეგრელოს შორეულ სოფელში მომწყვდეული, თანამებრძოლების მიერ მიტოვებული, არაპოპულარული, დევნილი, მოღალატეებით გარემოცული და ალყაშემორტყმული იყო მაშინდელი, 90-იანი წლების დამდეგის საქართველოს სომბოლო.  

ზვიად გამსახურდიას, თუნდაც ამ ტრაგიდიის პირობებში, როგორც არავის, შეეძლო ეთქვა: მე ვარ საქართველო!

მე გადავწყვიტე, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო მერაბ კოსტავას, რომელც ზვიად გამსახურდიასთან ერთად ასევე ამ დიდი იდეის მატარებელი იყო. მერაბ კოსტავა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი, რადგან მან მრავალი წელიწადი გაატარა უსაშინლეს წამებაში და ერთი წამითაც არ დაუხევია უკან. იგი ერთი წამითაც არ დათანხმებულა ეთანამშრომლა მჩაგვრელებთან და დამპყრობლებთან.

ეს ადამიანები არიან ეროვნული გმირები.

საქართველოს დღეს უდგას ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის ეპოქა.

9 წლის წინათ ჩვენ გადავიბარეთ საქართველო, რომელიც, რეალურად, ვერ აკონტროლებდა პანკისის ხეობას, ჯავახეთს; ასლან აბაშიძის სეპარატუსტული მთავრობის გამო ვერ აკონტროლებდა აჭარის ტერიტორიას; ბუნებრივია, ვერ აკონტროლებდა რუსების მიერ კონტროლირებად ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს.

ყველგან, სადაც რუსები პირდაპირ არ შემოვდნენ, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი და აღვადგინეთ მხოლოდ იმის წყალობით, რომ შევქმენით სახელმწიფო.

ამ სახელმწიფოს ქმნიდა უამრავი ადამიანი, რომელსაც არ სჭირდებოდა ტიტულები, მაგრამ ესმოდა, რომ კარგ საქმეს აკეთებდა. მათ სჭირდებოდათ მისაბაძი მაგალითი.

სწორედ ასეთი მისაბაძი მაგალითია გიორგი ანწუხელიძე.

მინდა ყველას გისურვოტ და ყველა ქართველმა ისე იცხოვროს, რომ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ამის შესაძლებლობა, ბედნიერება და ფუფუნება მოგვეცემა, ერთხელ მაინც გვქონდეს საშუალება ვთქვათ: მე ვარ საქართველო!

მინდა ქედი მოვიხარო თქვენ წინაშე, ქალბატონი ლილის წინაშე.

მტერს, დამპყრობელს 200 წლის განმავლობაში სურდა მგლების ქვეყანაში, ქართველებისგან გამოეყვანა ცხვრის ჯიში.

ნაწილობრივ მან ეს შეძლო კიდეც, მაგრამ გიორგი ანწუხელიძემ ყოველივე ამას ხაზი გადაუსვა და სწორედ ამ ბავშვებზეა ნათქვამი: „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!“   

მოვა დრო, როდესაც ისინი იტყვიან: ჩვენ ვართ საქართველო!

დიდი მადლობა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)