Google+

რელიზები

28.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი ხელვაჩაურის ინდუსტრიულ ზონაში გაჩერებული საწარმოს პრობლემებს ადგილზე გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი ხელვაჩაურში დღეს უკრაინული კომპანიის Disk M კუთვნილ საწარმოს ესტუმრა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ იაკობაშვილმა მიხეილ სააკაშვილს ადგილზე გააცნო ის პრობლემები, რომელიც მათ ელექტროენერგიის შეწყვეტის შედეგად შეექმნათ.  პრეზიდენტმა ადგილობრივ მთავრობას მოუწოდა მხარში ამოუდგეს  მეწარმეებს, რადგან წინა მთავრობის ინიციატივით, ხელვაჩაურში ინდუსტრიული ზონა სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ მსგავსი საწარმოები გახსნილიყო და ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებულიყო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობის უპირველესი საზრუნავი, ამ პრობლემის გადაჭრა უნდა იყოს.

 „ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონა არის ერთ-ერთი სერიოზული რამ, რაც ჩვენ შევქმენით. აქ კიდე ბევრი საწარმოს გახსნას ვგეგმავდით  და ამის პერსპექტივა არის. აჭარაში ბოლო პერიოდში სერიოზული პრობლემებია დენის უწყვეტ მომარაგებასთან დაკავშირებით. უკვე რამდენიმე დღეა აქ ვარ და ამას პირადი გამოცდილებით გეუბნებით. სახლში, რომლის მე-13 სართულზეც მე ვცხოვრობ, დენი ითიშება, ლიფტი ჩამოვარდა. გუშინწინ კაფეში ვისხედით და ორი საათის განმავლობაში არ იყო დენი. საქმიანი შეხვედრა გვქონდა და უშუქობამ ცოტა ხელი შეგვიშალა. ამას თავი დავანებოთ, აქ ხალხი ცხოვრობს და უფრო სერიოზულ პრობლემებთან აქვს საქმე. საქართველოს მთავრობას საკმარისი ფული, მილიარდები დავუტოვეთ, რომ ელექტროენერგიის  ყიდვის პრობლემა არ ჰქონდეს. ასევე დავუტოვეთ ელექტრომომარაგების გამართული სისტემა, ერთადერთი, რაც აქ სჭირდებათ არის, წესრიგი და ის, რომ ამ სისტემაში არ შემოვიდეს ქაოსის ელემენტები. როდესაც არის უწესრიგობა, მოუვლელობა და უდისციპლონობა, სწორედ ის ხდება, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე. მთავრობა დღე და ღამე უნდა იჯდეს ამ მეწარმეების გვერდით, ყოველდღე უნდა ამხნევებდეს მათ და ეკითხებოდეს რა სჭირდებათ, კიდეც რამის გაკეთება ხომ არ შეუძლია მთავრობას. სხვა ფუნქცია რა აქვს ამ ხელისუფლებას, თუ არა ინდუსტრიული და საწარმო პროცესის და სოფლის მეურნეობის მეწარმეთათვის ხელის გამართვა, მათი მხარდაჭერა, ახალი ინვესტიციების მოზიდვა. უპირველესად, მთავრობა უნდა ქმნიდეს ინფრასტრუქტურას, მათ შორის, გაყავდეს კარგი გზა  ადგილამდე, უზრუველყოფდეს უწყვეტ ელექტრომომარაგებას, ებრძოდეს კორუფციას, რათა  კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა არ შეაწუხონ მეწარმეები და გარშემო ამყარებდეს წესრიგს. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ადგილობრივ მთავრობას, მიაქციონ ყურადღება ასეთ საწარმოებსა და მეწარმეებს, რადგან რამდენიმეც რომ გაიქცეს აქედან, ეს გავრცელდება სხვა ადგილებშიც და აღარავინ შემოვა. ზოგიერთი საწარმო უკვე დაიხურა და შეიძლება, სხვებიც გაიქცნენ. გარდა იმისა, რომ ჩვენი შრომით უნდა ვირჩინოთ თავი და მსგავს საწარმოებში დავასაქმოთ ხალხი, სხვა საშველი საქართველოს არ აქვს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ელექტროენერგიის შეწყვეტის შედეგად უკვე გაჩერებულია მეორე საწარმო, რომელიც პენოპლასტს (XPS) აწარმოებს. პირველ საწარმოს კი, რომელიც 2011 წლიდან ფუნქციონირებს, იგივე პრობლემის გამო სერიოზული შეფერხებით უწევს მუშაობა, რაც, შესაბამისად, გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს ქმნის.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)