Google+

რელიზები

19.08.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის ახლადგახსნილი საბაგირო გზით იმგზავრა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმში ახლადგახსნილი საბაგირო გზით იმგზავრა, რომლის მშენებლობა ავსტრიულმა კომპანიამ „დოპელმაიერმა“ 2012 წლის 10 აპრილს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ფუნიკულიორი დაათვალიერა და იქვე მყოფ ტურისტებსა და ადგილობრივი სასტუმროების მეპატრონეებს გაესაუბრა. ქვეყნის პირველი პირი მათ ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე ესაუბრა და ყურადღება პატარა, მათ შორის ოჯახური ტიპის სასტუმროების გახსნის აუცილებლობაზე გაამახვილა.

„ალბათ გახსოვთ, აქ მშენებლობა რომ დავიწყეთ, ამბობდნენ, სააკაშვილმა ეკლესია დაანგრიაო.  სად არის დანგრეული ეკლესია? აი ეს არის ის სიცრუე, რომლებსაც წინა წლებში ყვებოდნენ. მათ უნდოდათ ხელი შეეშალათ ამ ინფრასტუქტურული პროექტებისთვის. ეკლესიაც აშენდა და  ფუნიკულიორიც. წელს ბათუმში ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ქართველების რაოდენობა შემცირდა და ბათუმელებმა ნაკლებად გააქირავეს  ბინები. თუმცა ბევრი ახალი სასტუმრო იხსნება. უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდა სწორედ იმის შედეგია, რასაც ვაკეთებდით და ეს უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობ, ახლა აჭარაშიც და სხვა რეგიონებშიც ადგილობრივმა მმართველობამ უნდა მიხედოს ხალხს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმშიც და სხვაგანაც უნდა გაგრძელდეს დაწყებული პროექტები, გაგრძელდეს მშენებლობა და ხალხის დასაქმება. ახლა არ არის იმის დრო, რომ მთავრობა წარსულს ქექავდეს - მუდმივად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე. ერთმანეთთან გარჩევებს გადაყვა მთავარი რამ: ყველაფერი დაპაუზებული და შეჩერებულია. ახლა ყველაფერი ინერციით კეთდება, მაგრამ ახალი უნდა შეიქმნას, ახალი უნდა განვითარდეს. ბოლო 9 თვის განმავლობაში, თუნდაც ამ ქალაქში, ერთი შენობის მშენებლობა არ დაწყებულა. მაშინ, როდესაც 50-სართულიანი შენობების მშენებლობა იწყებოდა ყოველ თვე. ეს არის პრობლემა! არადა, ეს იყო ხალხის დასაქმებისა და შემოსავლის წყარო. ეს არის ხალხის მომავალი. ამიტომ, ამ საკითხებზე უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

მიხეილ სააკაშვილი იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხო, რომელთა განხორციელება აჭარის მთავრობამ შეაჩერა. მისი თქმით, ამ პროექტების გაგრძელება ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. მან ხაზგასმით გამოყო პროგრამა „ბათუმი ბარაკების გარეშე“, რომლის გაგრძელებაც პრეზიდენტს აუცილებლად მიაჩნია.

„ჩვენი პროგრამის მიხედვით, აქ არც ერთი ბარაკი არ უნდა დარჩენილიყო. ამისთვის 80 მილიონი იყო ჩადებული და წინასწარი გათვლით, ეს პროგრამა სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. წარმოუდგენელია, როგორ ცხოვრობს აქ ხალხი... ბათუმი მთლიანად უნდა გაიწმინდოს ბარაკებისგან და აქ მცხოვრებ ხალხს ნორმალური ბინები მისცენ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებსაც უპასუხა. ჟურნალისტები  ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ლიკვიდაციის თემითა და ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნების საკითხით დაინტერესდნენ.   

„საქართველში რაც მეტი არხი იქნება, მით უკეთესია. სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს გაიხსნა ყველაზე მეტი არხი - ამ დროს გაიხსნეს „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, როგროც პოლიტიკური მაუწყებელი, ასევე „25-ე არხი“ და უამრავი სხვა რეგიონალური ტელევიზია. ჩვენ დროს დაიწყო ასობით ახალი გაზეთის გამოცემა. იმის მიუხედავად, ვინ რას ლაპარაკობდა, იხსნებოდა ტელევიზიები, გამოდიოდა ახალი გაზეთები და ყველა ამაზე ლაპარაკობდა. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში, რეალურად, სამი არხი იყო: „რუსთავი“, „იმედი“ და „პირველი არხი“. ახლა რამდენიმე ათეულია და რაც უფრო მეტი იქნება მით უფრო მეტი საშუალება ექნება ადამიანს, მიიღოს ინფორმაცია“ , - განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევისას, ქართული საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და მას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. დღეს ხალხისთვის შეთავაზებული კანდიტატები უფრო დაბლა დგანან, ვიდრე ჩვენი საზოგადოების განვითრების, ინტელექტისა და ღირსების დონე. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ზოგიერთისთვის მოულოდნელად, ხალხი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორიც შეესაბამება მათ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მათი არჩეული პრეზიდენტი, თუნდაც ახალი ფუნქციების პირობებში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.  

ბათუმის საბაგირო გზა ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლიდან დაეშვება და საათში 500 მგზავრს მოემსახურება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)