Google+

რელიზები

16.06.2013
საქართველოს პრეზიდენტი FAO-ს 38-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

რომში FAO-ს საერთშორისო კონფერენციის დაწყებამდე, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს დაჯილდოებით გაიხსნა. სპეციალური პრემია „შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებისთვის“ FAO-ს გენერალურმა მდივანმა ჯოზე გრაციანო დასილვამ საქართველოს პრეზიდენტს გადასცა. FAO-ს გადაწყვეტილებით, სპეციალური პრემია გაეროს წევრი ქვეყნების იმ ლიდერებს გადაეცათ, რომლებაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. პრემიის მინიჭებისას, ორგანიზაცია ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და საკვების უსაფრთხოების მხრივ გატარებული პოლიტიკის შედეგებს ითვალისწინებს.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო კონფერენცია მონაწილე ლიდერების მიმართვით გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტმა, გამოსვლისას, ყურადღება ქვეყნის იმ წარმატებებსა და რეფორმებზე  გაამახვილა, რომელთა შედეგად საქართველო, როგორც წარმატების მოდელი მსოფლიოს  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

მიმართვისას, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მორიგ  პროვოკაციაზე ისაუბრა, რომლის შედეგადაც  იზღუდება უდანაშულო ადამიანების უფლებები და უკანონოდ ხდება საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება. პრეზიდენტის შეფასებით, 21-ე საუკუნეში, როდესაც მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი ადამიანების საარსებო პირობების გაუმჯობებსებისთვის იბრძვის, დაუშვებელია რუსეთის მსგავსი პოლიტიკა.

„ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მიერ ისევ ოკუპირებულია. ათასობით ოჯახს არ აქვს წვდომა საკუთარ მიწა-წყალთან. ჩვენს ქვეყანაში ახლახან ახალი მავთულხლართები გაავლეს. 2008 წლის საწყისი ოკუპაციის შემდეგ, სულ უფრო მეტი ხალხის საარსებო წყარო და მათი სახლ-კარიც კი, მავთულხლართებით აგებული ამ ღობეს მიღმა რჩება. ხდება ისეთი რამ, რაც არ შეიძლება მოხდეს 21-ე საუკუნეში. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო თანამეგობრობის სურვილზე - გამოასწოროს ხალხის პირობები, სრული აბსურდია მსგავსი რამ ხდებოდეს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ამას გარდა, მან ვრცლად ისაუბრა ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელთა შედეგად ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა სიღარიბის დონე.

„ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივია მოგმართოთ დღეს ამ დარბაზიდან, ამ მნიშვნელოვან ასამბლეაზე წამოვადგინო ჩემი საყვარელი ქვეყანა და მივიღო იმ პროგრესის აღიარება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ სიღარიბესთან და არასრულფასოვან კვებასთან ბრძოლის საკითხში მიაღწია.

მსოფლიოში ნებისმიერი არჩეული მთავრობისთვის, უფრო მეტიც, მსოფლიოში ნებისმიერი მთავრობისთვის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს სიღარიბესთან და მის უკიდურეს ფორმასთან - შიმშილთან ბრძოლა. ამ უდიდესი პრობლემის გადასაჭრელად, ძალისხმევა არავინ უნდა დაიშუროს და შედეგი მხოლოდ წარმატება უნდა იყოს.

საქართველოში კორუმპირებული ბიუროკრატიის, უკანონობისა და კატასტროფული ეკონომიკური მაჩვენებლები გვქონდა და ამ პარამეტრების ერთობლიობის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებული იყო. მათ ყველაზე მთავარი რამ - გადარჩენის საშუალებაც არ ჰქონდათ.

ჩვენ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით, რათა აღმოგვეფხვრა კორუფცია, დაგვემყარებინა კანონის უზენაესობა და აგვეშენებინა ისეთი სისტემა, რომელიც მუქარის ნაცვლად, წაახალისებდა ეკონომიკურ ინიციატივებს და ბრუნვას.

ეს ნაბიჯები, კონკრეტულ მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, დაგვეხმარა,  მნიშვნელოვნად  შეგვემცირებინა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებსაც მინიმალური საცხოვრებელი სტანდარტებიც არ გააჩნდათ.

მმართველობის 10 წლის განმავლობაში თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება და განხორციელებული რეფორმა, ემსახურებოდა ამ საბოლოო მიზანს: ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას.

სწორედ იმიტომ ვარ განსაკუთრებით ამაყი, რომ FAO-მ ჩვენი მიღწევები აღიარა.

1996 წელს რომში გამართულმა მსოფლიო სასურსათო სამიტმა ყოველი ხელისმომწერი ქვეყნისთვის დასახა ძალიან ამბიციური და კონკრეტული მიზნები  არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებით.

ამას მოყვა გაეროს რეზოლუცია და ათასწლეულის განვითარების მიზნები სიღარიბესთან და შიმშილთან ბრძოლის მხრივ. დღეს ამაყი ვარ, რადგან საქართველომ გადააჭარბა მსოფლიო სასურსათო სამიტის მიერ დასახულ მიზნებს და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, გავცდით დასახულ ამბიციებს.

მე ვარ ამაყი, მაგრამ, ამავდროულად, მესმის, რომ საქართველოსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც მეტის გაკეთება მართებს და ეს დასასწული კი არა, მხოლოდ დასაწყისია.

ასევე ძალიან კარგად მესმის, რომ სიღარიბის დონის შემცირების მიუხედავად (ჩვენი 10-წლიანი მაართველობის დროს, ეს მაჩვენებელი ჩვენ 51 პროცენტიდან  18 პროცენტამდე შევამცირეთ), ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ჩემი თანამემამულე არათუ არ ცხოვრობს მდიდრულად, ისევ საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფება.

ხალხს სჭირდება, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა გაგრძელდეს, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე და არასრულფასოვანი კვების პრობლემა. ხალხს სჭირდება მთელი ერის საერთო ძლისხმევა და ის, რომ გადავაბიჯოთ პოლიტიკური საზღვრებს. ხალხს სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და კონსტიტუციური წესრიგი.

ნამდვილად მჯერა, რომ მთავრობებს შეუძლიათ შეამცირონ სიღარიბე და გადაჭრან არასრულფასოვანი კვების პრობლემა, მაგრამ მათ ზიანის მოტანაც შეუძლია. მთავრობის უმთავრესი როლია, ხალხს მისცეს საშუალება გამოიჩინოს ინიციატივა და ამ ინიციატივებისგან თავადვე ნახონ სარგებელი ჯანსაღ ატმოსფეროში.

ბოლოს და ბოლოს, ხალხი თავად არის ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც მე ვისწავლე პრეზიდენტობის 10 წლისა და  პოლიტიკური აქტივობის 20 წლის გამოცდილების შედეგად: ჩვენ უნდა ვენდობოდეთ ხალხს, მივცეთ მათ საშუალება თავად დასახონ გეგმები და იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით.

ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ძირითადი მიზნების ფორმულირება მოვახდინოთ და კონკრეტული სახელმწიფო პროგრამებით გამოვასწოროთ კონკრეტული პრობლემები, მაგრამ ყველაზე მეტად ხალხს სჭირდება იყოს თავისუფალი და ძლიერი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)