Google+

რელიზები

21.01.2012
საქართველოს პრეზიდენტი რუსთავის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართა თათბირი

საქართველოს პრეზიდენტი დღეს რუსთავს ესტუმრა და ქალაქში მიმდინარე ის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, რომელთა განხორციელებაც უკვე დაწყებულია. ქვეყნის პირველი პირი მოსახლეობას ქალაქის რამდენიმე უბანში შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსთავში დღეს რეგიონის ხელმძღვანელობასთან თათბირის გასამართად საგანგებოდ ჩამოვიდა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, უპირველესად, მოსახლეობასთან შეხვედრა გადაწყვიტა, რათა ადგილობრივთა პრობლემები და სატკივარი პირადად მათგან მოესმინა. ქვეყნის პირველმა პირმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ამბიციაა, რუსთავი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სანიმუშო ქალაქი გახდეს. ეს კი, პრეზიდენტის თქმით, გზების, სასტუმროების, სპორტული კომპლექსების მშენებლობას, ასევე ქალაქის გამწვანებასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს. მიხეილ სააკაშვილმა მათთან სოციალური დაცვის, დასაქმების, განათლების, საყოფაცხოვრებო და ზოგადპოლიტიკურ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი არის უმუშევრობის პრობლემის დაძლევა და ამის პარალელურად, შემოსავლების გაზრდა. პრეზიდენტის განცხადებით, ამ მხრივ, პროგრესი უკვე შეინიშნება, რაც პრობლემის მოგვარების გზაზე, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან საუბრისას, ყურადღება ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზეც გაამახვილა. იგი დაზღვევის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საპენსიო ასაკის მოქალაქეებსა და 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მალე სახელმწიფო დაზღვევით შეეძლებათ სარგებლობა. ქვეყნის მეთაური სკოლების რეაბილიტაციისა და გადამზადების ცენტრების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოში განათლების მიღება და გადამზადება ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს უნდა შეეძლოს.  

„დღეს ჩვენ ის ხალხი გვებრძვის, რომელიც მაშინ კორუფციის სიმბოლო იყო, დემოკრატიაზე ის ხალხი გველაპარაკება, რომელიც მუდმივად აყალბებდა არჩევნებს, ის ხალხი გვეუბნება ჰესები არ ააშენოთო, რომელმაც 90-იან წლებში ჩაგვაბნელა და გაგვაუბედურა. ყველა ეს ადამიანი ახლა შეიკრიბა და სურთ, რომ წარსულში დაგვაბრუნონ. მათ გააჩერეს ის ხალხი, რომელმაც კარგად იცის საკუთარი შრომის ფასი. ვხედავ, რომ მძიმე მდგომარეობაში ხართ, მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინათ არაფერი არ კეთდებოდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში გაკეთდა ის, რაც არ გაკეთებულა საუკუნეების განმავლობაში ერთად. ახალ საავადმყოფოებში, ძირითადად, ის ხალხი მკურნალობს, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია. ისეთ სკოლებს ვაშენებთ, რომლებსაც თბილისის ვერც ერთი კერძო სკოლა ვერ შეედრება. ამ ბავშვებს თავიდანვე უნდა შევუქმნათ ისეთი გარემო, ისეთ საკლასო ოთახებში უნდა შედიოდნენ, ისეთი პედაგოგები უნდა ჰყავდეთ, რომ სიღარიბეში ცხოვრება აღარ მოუნდეთ და მეტის მისაღწევად ყველაფერი გააკეთოთ. ეს არის თანასწორობის იდეა; ეს არის ის, რაც გააკეთა ვარდების რევოლუციამ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული და უახლოეს მომავალში დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია შემაჯამებელ თათბირზე ქალაქის ხელმძღვანელობისგანაც მოისმინა. სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ თათბირს ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ მამუკა ჩიქოვანმა სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტებთან დაკავშირებით პრეზენტაციაც გამართა და იმის თაობაზე ისაუბრა, თუ რა გაკეთდა რუსთავში ბოლო წლების განმავლობაში. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, 3-4 წლის განმავლობაში რუსთავში 15-20 ათასი სამუშაო შეიქმნა, რაც 100 ათასკაციანი ქალაქისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. პრეზიდენტმა მათ შვეიცარიის განვითარების სააგენტოს კვლევის მონაცემებიც გააცნო და აღნიშნა, რომ ქალაქში, რომელშიც უმუშევრობის დონე 30-40 პროცენტამდე მერყეობდა, დღეს ეს მაჩვენებელი 10 პროცენტზეა დასული. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, პრეზიდენტს ეს მაჩვენებელი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა, რომ ქალაქში პრობლემური საკითხები თითოეული ადამიანის დონეზე გადაიჭრას; ბიზნესმენებს კი, ქვეყნის პირველმა პირმა წარმოების სწრაფად გაზრდისკენ მოუწოდა, რათა აღმშენებელობის პროექტების განხორციელებისას, პროექტის მესვეურებმა ადგილობრივი პროდუქცია გამოიყენონ და იმპორტული საქონლის შემოტანა აღარ გახდეს საჭირო. ეს ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კიდევ უფრო განვითარებასაც და, რაც მთავარია, სამუშაო ადგილების შექმნას.

„საბოლოოდ, ეს უნდა იყოს ძალიან კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად. მას უნდა დაუბრუნდეს  ინდუსტრიული ცენტრის ფუნქცია და აქ ცხოვრება უნდა იყოს პრივილეგია.  რუსთავი ძალიან შეიცვალა გარეგნულად, მაგრამ ცვლილება ხარისხობრივადაც უნდა დაეტყოს. ბოლო წლებში აქ ბევრად მეტი გაკეთდა, ვიდრე წარმოგვედგინა, მაგრამ რაც უფრო მეტი კეთდება, მით უფრო კარგად ჩანს რამდენი რამ არის გასაკეთებელი. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, თქვენი - ბიზნესმენების და აქ არსებული საწარმოების ლობირება, რათა მაქსიმალურად გაგიმარტივოთ მდგომარეობა და არავინ არ შეგიშალოთ ხელი. ადრე იყო კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ზოგიერთები მუშაობაში ხელს გიშლიდნენ - მათ გაფიცვებისა და საბოტაჟის ორგანიზებაც სცადეს და ბაზრების მონოპოლიზაციის  მცდელობაც ჰქონდათ, მაგრამ თქვენთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყნის შიგნით (ეს უფრო ადვილია) თუ გარეთ, ხელოვნური ბარიერები მოგიხსნათ. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ეს. დიდი იმედი მაქვს, რომ მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ეს ქალაქი წარმატების ეტალონად ვაქციოთ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ამის გაკეთება შესაძლებელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)