Google+

რელიზები

28.12.2011
საქართველოს პრეზიდენტი სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგების პროცესით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგების პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა. პრეზიდენტის თქმით, ამ პროგრამის მიზანია, მოსახლეობას სტიმული მისცეს და მომავალ წელს მიწის ბევრად უფრო დიდი ფართობი დამუშავდეს. მთავრობის წევრებისგან ქვეყნის პირველმა პირმა დეტალური ინფორმაცია სოფლად ტრაქტორების რაოდენობის აღწერასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი შემოტანის საკითხზეც მოითხოვა. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, იმ პირებს, რომლებმაც ტრაქტორები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავის არიდების გზით შეიძინეს და ამის გამო ტექნიკას არ აჩენენ, ჯარიმა არ დაეკისრებათ. უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დამალული  გადასახადის დავალიანებაზე ამნისტიაც გამოცხადდება. ამ ტექნიკის ლეგალიზაციის პროცესზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ის იანვრის დამლევს დასრულდება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახლა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არსებული ტრაქტორები ხალხმა გამოიყენოს და მიწის დამუშავებას მოხმარდეს.

„საქართველოში, სულ ცოტა, 5-6 ათასი ტრაქტორი მაინც არის საჭირო იმისთვის, რომ წელში გავიმართოთ. დღეს ამის დეფიციტი გვაქვს. იმ ხალხს, ვისაც ტრაქტორი არ სჭირდება, შეუძლია სასუქი იყიდოს, ან, თუკი ვაუჩერს ამ მხრივ ვერ გამოიყენებს, ივნისში თანხა აიღოს. პირადად ჩემი რჩევაა, ვაუჩერი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოიყენონ.  30 ლარის გამოტანას, ვფიქრობ, ჯობს, მიწა დაამუშაონ, რადგან მომავალში ასე უფრო მეტი სარგებელს მიიღებენ. მათი მდგომარეობა გასაგებია, ვინც პატარა ქალაქში კორპუსებში ცხოვრობს და მიწები არ აქვთ, მაგრამ ვისაც მიწა აქვთ, ვაუჩერის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებით, მომავალში ბევრად მეტი მატერიალური ღირებულების შექმნა შეუძლია, ვიდრე მისი შენახვით. ეს ხალხმა ისედაც კარგად იცის. კონკრეტული ადამიანებისა და კონკრეტული ოჯახებისთვის ეს ვაუჩერები, გარკვეულწილად, ხელშეწყობაა. მინიმუმ, ეს მათთვის არის წახალისება, რომ მიწა არ მოაცდინონ და მის დამუშავებაზე იფიქრონ. მსოფლიო კრიზისის პირობებში, მით უმეტეს  მნიშვნელოვანია, რომ მიწის უფრო დიდი  რაოდენობა იყოს დამუშავებლი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს განუცხადა, ვაუჩერების დარიგება დაწყებულია და იანვრის შუა რიცხვებიდან გლეხებს შესაძლებლობა ექნებათ ის საჭროებისამებრ გამოიყენონ. ზაზა გოროზიას თქმით კი, იმ ტრაქტორების ლეგალიზაციის პროცესი,  რომლებიც სახელმწიფო რეგისტრაციაში არ არის გატარებული, კანონის შესაბამისად უნდა დარეგულირდეს. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საგადასახადო სამსახურთან მუშაობა უკვე დაიწყო.

რაც შეეხება ახალი ტრაქტორების შემოტანას, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, პირველი 100 ტრაქტორი ბელარუსიდან თებერვლის დამლევს შემოვა, რაც ახალი პროგრამის წარმატებით განხორციელებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)