Google+

რელიზები

22.07.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა ქუთათელ გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესთან ერთად ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მათთან ერთად იმყოფებოდა იტალიელი არქიტექტორი ანდრეა ბრუნო, რომელიც ტაძრის აღდგენაზე ქართველ არქიტექტორებთან ერთად მუშაობს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამ ტაძრის რეაბილიტაცია მისი დიდი ხნის პროექტია.

„არცთუ ისე გააზრებული დემაგოგიაა ის, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა რამენაირად ეწინააღმდეგება ან ხელს არ უწყობს მართლმადიდებელ ეკლესიას. ამის პასუხად, მინდა ყველას შევახსენო ის, რომ ჩვენმა მთავრობამ საქართველოში ხუთასამდე ეკლესია აღადგინა. ჩვენ ვასრულებთ კონკორდატის პირობებს. სხვათა შორის, როგორც იუსტიციის მინისტრი, მე ვიყავი პირველი უწყების ხელმძღვანელი, რომელმაც ხელი მოაწერა პატრიარქთან კონკორდატის ხელშეკრულებას. მანამდე ეს არავის არ გაუკეთებია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვაგრძელებდით ამ პოლიტიკას - ტაძრებს ვაღდგენდით, ეკლესიას ყოველ მხრივ ვუწყობდით ხელს, მათ შორის, საბიუჯეტო თვალსაზრისით. ამავდროულად, იმათ საპასუხოდ, ვინც სვამს შეკითხვას - თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სხვა კონფესიებისა და ეთნიკური ჯგუფების მიმართ, მსურს, დავით აღმაშენებლის მაგალითი მოვიტანო, რომელიც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი ავტორიტეტი და ბევრად უფრო მაღლა მდგომი ქართველი იყო, ვიდრე ყველა პოლიტიკური პარტია ერთად და ყველა ის პოლიტიკანი, რომელიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, უტვინოდ ცდილობს იაფფასიანი და მოკლევადიანი  ქულების დაწერას. დავით აღმაშენებელი, რომელიც, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო, სინაგოგაშიც ლოცულობდა და მუსლიმურ მეჩეთშიც, ასევე დადიოდა სხვა კონფესიებთანაც, რადგან, ისინიც საქართველოს შვილები იყვნენ. წარმოუდგენელია, დიდი, ყოვლისმომცველი საქართველო სხვადასხვა ჯგუფების გაერთიანების გარეშე. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და  საქართველოს მთავრობა მოწოდების სიმაღლეზე დგას, ეს ბოლო კვირის განმავლობაშიც დადასტურდა. პოლიტიკური მოთამაშეების უმრავლესობამ კი, ეს ვერ მოახერხა, რაც ჩემთვის ძალზე სამწუხაროა და გულს მტკენს. ეს ასე არ უნდა იყოს. პასუხმისმგებლობა ქვეყნის სტაბილურობასა და უკეთეს მომავალზე ყველამ ერთად უნდა ვიტვირთოთ.

რაც შეეხება ბაგრატის ტაძარს, ვფიქრობ, რომ მის აღდგენას მომავალი წლის, 23 ნოემბერს გიორგობისთვის დავამთავრებთ. ეს ჩვენი და მეუფის დიდი ხნის პროექტია, რომელიც მისი ლოცვა-კურთხევითა და დიდი შემწეობით დასრულდება. იგი უდიდეს  საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა ქუთაისში და, შესაბამისად, მის ეპარქიაში.  ტაძრების აღდგენაც ერთ-ერთ  მთავარ მიზნად დავისახეთ. უკვე აღვადგინეთ გელათის აკადემია, ახლა კი, გელათის ტაძრის ზემოთ ძალიან ლამაზი გუმბათი კეთდება ფერადი კრამიტის გამოყენებით. ასევე, იცით, რომ უკვე აღდგა ტაძრები ქუთაისის გარშემო, მაგალითად, მოწამეთა, სადაც მონასტერი გაკეთდა. მეუფემ ქუთაისში ახალი ტაძრებიც ააშენა. ამას გარდა, იგი ბევრს მუშაობს ბავშვების აღზრდისა და დავრდომილთა ხელშეწყობის მხრივ, რაშიც ჩვენ ყოველგვარ თანადგომას ვუცხადებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას, ანდრეა ბრუნომ აღნიშნა, რომ მოხიბლულია როგორც ბაგრატის ტაძრით, ისე მთლიანად ქართული არქიტექტურით. მისი თქმით, ბაგრატის ტაძარი არქიტექტურის საუცხოო ნიმუშია, რომელსაც აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ძველი იერსახე.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)