Google+

რელიზები

30.11.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის სხდომა გამართა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით, ანაკლიაში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომისიის სხდომა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებოდ მოიწვია, რათა შესაბამისმა ორგანოებმა ქართველ მეზღვაურთა იმიჯის გამოსასწორებლად სათანადო ზომები მიიღონ.

22 ნოემბერს ევროპის სანაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება ქართველ მეზღვაურთა განათლების, დიპლომირებისა  და სერთიფიცირების აღიარების შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება, 2006 წლის ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, იმ ქართველ მეზღვაურებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ გემებზე არიან დასაქმებული.  

პრეზიდენტმა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრისგან, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრისა და ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსისგან მოითხოვა.

სხდომის მსვლელობისას, ვერა ქობალიამ აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარების გამოსწორებას რამდენიმე წელი დასჭირდება, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. უპირველეს ამოცანად, მინისტრმა საზღვაო ადმინისტრაციაში  საკადრო ცვლილებების განხორციელება მიიჩნია. მისი გადაწყვეტილებით,  დაკავებული თანამდებობიდან ადმინისტრაციის ყველა ხელმძღვანელი პირი გათავისუფლდა და ახალი კადრები დაინიშნა. ვერა ქობალია მიზნად ისახავს ამ სფეროს გაძლიერებას, რისთვისაც ევროსტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. მისივე თქმით, აუცილებელია ევროპელი ექსპერტების ჩამოყვანა, რათა მათ ადგილზე შეისწავლონ არსებული ვითარება და სათანადო დასკვნებისა თუ რეკომენდაციების სახით, მდგომარეობის გამოსწორების ხელშეწყობა.      

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ სტატუსის აღსადგენად საჭიროა გარკვეული პროცედურების შესრულება. უპირველესად, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ბულგარეთი საქართველოსათვის სტატუსის აღდგენის წინადადებით შევა და მას შემდეგ, რაც ქართული მხარე ფორმალურ და შინაარსობრივ სამუშაოებს შეასრულებს, ევროკავშირი სტატუსს აღადგენს. თუ რა პერიოდი დასჭირდება ამ პროცედურის განხორციელებას, ნინო კალანდაძემ ვერ დაასახელა, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესია და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება თანამშრომლობა მხარეებს შორის. თუმცა, მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალისხმევას არ დაიშურებს ამ პროცესის დასაჩქარებლად.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსისა და საზღვაო ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელობის მოსაზრებაც მოისმინა. კაპიტანმა მამუკა ახალაძემ პრეზიდენტს მეზღვაურთა პოზიცია მოახსენა. მისი თქმით შექმნილი პრობლემა არა მარტო მათ, არამედ მათ ოჯახებსა და ნათესავებსაც ეხება. კვალიფიციური კადრების შერჩევას, ამ სფეროში ახალგაზრდა მეზღვაურების დასაქმებას, ასევე სასწავლებლებში ხარისხის მართვისა და სწავლის დონის ამაღლებას, მამუკა ახალაძე პრობლემის მოგვარების უმთავრეს გზად მიიჩნევს. მისი თქმით, ამ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელია ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ საზღვაო ადმინისტრაციამ და საზღვაო ცენტრებმა ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყეს; თურქეთის საზღვაო ადმინისტრაციის დელეგაცია კი, რომელიც ამჟამად ბათუმში იმყოფება, მიიჩნევს, რომ სერიოზული პროგრესი უკვე შეინიშნება.       

„საზღვაო სფეროში ძალზე მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. ეს სფერო წლების განმავლობაში ინგრეოდა და ნადგურდებოდა. თქვენ კარგად იცით რაც გაკეთდა 90-იან წლებში. ჩვენ გაფრთხილების რამდენიმე წერილი მივიღეთ. ხელთ მაქვს ევროკავშირში ჩვენი ელჩის წერილი, რომელიც 29 იანვარს არის გამოგზავნილი. იგი გვაფრთხილებდა ჩვენი საზღვაო სამსახურის შავ სიაში შეიყვანის შესაძლებლობის თაობაზე. მსგავსი წერილი გამოგვიგზავნეს 1 აპრილს. გამაფრთხილებელი შეტყობინება კიდევ 1 თვეში მოვიდა და აი, დღეს მივიღეთ ვითარება, რომელიც ათასობით ადამიანს შემოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშ აყენებს. ეს შეეხება არა მხოლოდ მეზღვაურებს, არამედ მათ ოჯახებსა და ნათესავებსაც. განსაკუთრებით, ბათუმსა და ფოთში შეიძლება ხალხი სამუშაოს, შემოსავლის, ლუკმა-პურის გარეშე დარჩეს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ის ხალხია, ვინც ბინებს ყიდულობს, ამ ქალაქებში ახალ სახლებს აშენებს, ადამიანებს სამშენებლო სამუშაოებზე ასაქმებს და, ზოგადად,  წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში, ძალიან დიდი დარტყმაა მთელი შავი ზღვისპირეთის ეკონომიკასა და კონკრეტული ადამიანების ოჯახებზე.  

მე მაინტერესებს ორი საკითხი. პირველი, როგორ მოვედით აქამდე - ვის კისერზეა ეს უბედურება და მეორე, როგორ უნდა გამოვასწოროთ არსებული სიტუაცია დაუყოვნებლივ. ფაქტია, რომ იკვეთება აშკარა და სრული, მინიმუმ, უპასუხისმგებლობა და, შესაძლოა, დანაშაულიც თანამდებობის პირების მხრივ.

აი, რა შეუძლია კონკრეტული თანამდებობის პირის არაკომპეტენტურობას და არაფრის მაქნისობას, კორუმპირებულობასა და დანაშაულს. ეს ჯერაც დასადგენია და, იმედია, პროკურატურა გამოიძიებს. ჩვენ მივიღეთ არსებული საზღვაო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის  სამსახურიდან დათხოვის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს ხალხი უშუალოდ აგებს პასუხს ამ სფეროში არსებულ განუკითხაობაზე.

რაც არ უნდა ვთქვათ, განათლების სისტემაში საშინელი ჩავარდნა იყო. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ აკადემია მიშვებული იყო. ამ აკადემიიდან მარტო ლამაზი შენობა დარჩა. მართალია, რამდენიმე კარგი კადრი გვყავს, მაგრამ, რეალურად, საზღვაო სფერო სრულად ჩავარდა.  

ამიტომ, ყველა ეს გადაწყვეტილება შემდგომში უნდა გავაფართოვოთ. სხვათა შორის, მათაც მოეთხოვება პასუხი, ვისაც ამ სფეროსთან ჰქონდა შეხება. პრაქტიკულად, ეს მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხია, რადგან ამ საფრთხის მოახლოებისას, ყველას განგაშის ზარი უნდა აეტეხა. სანამ მთელი სფერო თავზე არ დაგვემხო და პირველი სამი მეზღვაური არ დატოვეს სამუშაოს გარეშე, მანამდე ეს ამბავი არც ჩემს დონეზე მოსულა და არც პრემიერ-მინისტრის ყურამდე.

ახლა სერიოზული ზომების მიღება და ამ სფეროში წესრიგის დამყარება ისევე გვმართებს, როგორც სხვა დარგებში. კარგია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ამ პრობლემის მოგვარებას მოკიდა ხელი, მაგრამ მანამდე ძალიან დიდი დრო დავკარგეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)