Google+

რელიზები

18.11.2010
ევროკავშირი არასდროს შეურიგდება საქართველოს ოკუპაციას

ევროკავშირი არასოდეს შეურიგდება საქართველოს ოკუპაციას - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ბრიუსელში მიხეილ სააკშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადა.

„ეს ძალზე სენსიტიური თემაა, რომლის მიმართ ჩვენ ყოველვის პრინციპული პოზიცია გვქონდა. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღნიშნა, ჩვენ პრინციპულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არა ერთხელ ღიად გამოვხატეთ, რომ საქართველოს რომელიმე ნაწილის ოკუპირება ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენი პოზიცია ცალსახად ნათელია და მას მომავალშიც დავიცავთ", - განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზუმ.  

მისასალმებელ სიტყვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა სექტემბერში ნიუ იორკში. ასეთი შეხვედრები მართლაც რომ ასახავს ჩვენს ხანგრძლივ კავშირს საქართველოსთან. ამ შეხვედრის დროს საკმაოდ კარგი გარემო იყო შექმნილი. მოგეხსენებათ, ევროკავშირს აღმოსავლელ მეზობლებთან სტაბილურობის, კეთილდღეობის და დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ძალიან ძლიერი ინტერესი აქვს - საქართველო ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. მინდა მივულოცო პრეზიდენტ  სააკაშვილს ყველა ის წარმატება, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით მიაღწია. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ქართველ ხალხს, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს პოლიტიკური პლურალიზმის გასაზრდელად და დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციისთვის. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა პროგრესულად ვითარდება. ივლისში საქართველოსთან ე.წ. ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკება დავიწყეთ, რაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებსაც მოიცავს. ამით ევროკავშირის ბაზარი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება. მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ მეტი ძალისხმევა გვჭირდება მათ განსახორციელებლად. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხების გადაწყვეტის პროცესი სწრაფად დაიწყება. ეს საკმაოდ ღია ურთიერთობაა. ასევე ივნისში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად გვესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ეს საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო დააახლოვებს ევროკავშირთან. რაც შეეხება ენერგეტიკის საზოგადოებრივი ჯგუფების დივერსიფიკაციას, სამხრეთის კორიდორის განვითარება არის ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას  ვანიჭებთ საქართველოს სატრანზიტო როლს. მე ვთავაზობ საქართველოს ოფიციალურად გამოხატოს სურვილი ენერგოჯგუფში ინტეგრაციის თაობაზე. ამით შესაძლებელი გახდება ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს მიმზიდველობის გაძლიერება ენერგოინვესტორებისათვის. პრეზიდენტ სააკაშვილთან ნათლად გამოვხატავ ევროკავშირის პოზიციას საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე და მოველით, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოებაც იგივეს გააკეთებს. კომისია განაგრძობს ომის შემდგომი დახმარების პაკეტის იმპლემენტაციას საქართველოში, რომელიც 3.5 მილიონ ევროს შეადგენს და რომლის 97 პროცენტი უკვე დამტკიცებულია. გაეროსთან ერთად აქტიურად ვართ ჩართული პოლიციის როლის განსაზღვრაში რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ, ასევე ვართ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მონიტორინგის მისიას ადგილზე, რომლის მანდატიც სხვა რეგიონებისათვის ახლახან გაფართოვდა. ვფიქრობ, დღეს, უკვე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და განვაგრძობთ რეგულარულ დიალოგს საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემებზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო პრეზიდენტ სააკაშვილს, ძალიან ღია საუბრისთვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ევროკავშირისათვის", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას ყურადღება ევროკავშირსა და საქართველოს არსებულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე გაამახვილა. მისი თქმით საქართველოს არჩევანი ევროპაა და ამას ალტერნატივა არა აქვს.   

„მოხარული ვარ ამ შეხვედრის გამო. როგორც ყოველთვის, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ძალზე შედეგიანი იყო. მსგავსი შეხვედრები ყოველთვის მახარებს, რადგან თითოეული შეხვედრის შემდეგ, აუცილებლად ხდება რაიმე პოზიტიური. ეს, რეალურად, ყოველი დიპლომატიური ურთიერთობის დროს ხდება. ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, რომლის მიხედვით, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში თითქმის ორჯერ უფრო ხშირად ჩამოდის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ვფიქრობ, ისინი უფრო მოხიბლული არიან ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტული შედეგით. თქვენ ასევე ახსენეთ რამდენიმე მათგანი. არასოდეს დაგვავიწყდება ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ევროკავშირმა ძალზე პრინციპული დამოკიდებულიებით შეასრულა პრეზიდენტ სარკოზის შუამდგომლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ასევე ომის შემდგომ პერიოდში. ამასთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსებას. როდესაც ორი წლის წინათ აქ ვიდექით, თქვენ თქვით, რომ საქართველოს ექნებოდა გამარტივებული სავიზო რეჟიმი და თქვენ სიტყვა შეასრულეთ. ეს საკმაოდ რთული პროცედურაა და მადლიერი ვართ, რომ პირობა შეასრულეთ. ეს ქართველებისთვის ბევრად ამარტივებს ევროპაში მგზავრობას და უფრო იაფიც არის. ევროპა ბევრად ხელმისაწვდომი გახდა სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, ტურისტებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გვექნება. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. იმედი მაქვს ჩვენს დავალებას შევასრულებთ და თუ მოლაპარაკებები წარმატებულად წარიმართა, პროექტი უახლოესი მომდევნო თვეების განმავლობაში დაიწყება. ჩვენ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვთანამშრომლობთ. მოუთმენლად ველოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტს, რომელიც მომავალ წელს გაიმართება. მე კარგად მახსოვს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა პრაღაში. იმ შეხვედრაზე წამოყენებული ყველა ინიციატივა და გზავნილი განხორციელდა და კონკრეტული შედეგიც მოიტანა. ამიტომ, მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ძალზე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საქართველოს არჩევანი არის ევროპა. მას ალტერნატივა არ აქვს. იმედი მაქვს, რომ ევროპა დააფასებს ამას და სულ უფრო მეტად შეხედავენ საქართველოს, როგორც არა მხოლოდ პარტნიორ ქვეყანას, არამედ როგორც ამ არაჩვეულებრივი გაერთიანების სრულფასოვან წევრს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სამომავლო საქმეა და ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ. დიდი მადლობა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)