Google+

რელიზები

15.10.2010
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს, საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, ახალი კონსტიტუცია ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ევროპულ ტრადიციებს შეესაბამება. მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს ნაყოფიერი მუშაობისთვის, რადგან პარლამენტმა ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია  გაითვალისწინა. ერთადერთი საკითხი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა, პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას უკავშირდება.  

„ვფიქრობ, პარლამენტი სწორად და აბსოლუტურად ზუსტად მოიქცა, რომ  გადაწყვიტა მაინც დალოდებოდა ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანოს - ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას - როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი კონსტიტუცია (იმის მიუხედავად, რომ არც ვალდებულება გვქონდა რაიმე და ბევრი ქვეყანა არც იზიარებს რჩევებს, როდესაც საქმე ფუნდამენტურ კანონს შეეხება) და შემდეგ ეყარა კენჭი. საქართველოს ბევრი ჰყავს ჩასაფრებული ქვეყნის გარეთ და შესაძლოა, ეს არაკეთილსინდისიერმა ხალხმა ქვეყნის შიგნით გამოიყენოს. დასკვნა დღეს ოფიციალურად დაიდო და მსურს აღვნიშნო, რომ ამ დასკვნის ყველა პუნქტი გათვალისწინებულია ერთადერთი საკითხის გარდა. დასკვნის თანახმად, პარლამენტს უფრო მეტად უნდა შეემცირებინა პრეზიდენტის უფლებები, მაგრამ პარლამენტის გადაწყვეტილებით, არსებულ ვითარებაში, ამდენი გამოწვევის წინაშე მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის უფლებების მთლიანად ნიველირება ისე, როგორც ეს უმეტეს ევროპულ ქვეყნებშია, გამორიცხულია. მთავარი რამ - რეკომენდაციები და ევროპული პრინციპი გათვალისწინებულია. ამიერიდან, მთავრობას ერთპიროვნულად პრეზიდენტი კი არ დააკომპლექტებს, რომელსაც 5 წლის მმართველობა გარანტირებული აქვს და მთავრობას, როგორც უნდა ისე გადააჯგუფებს, არამედ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. საკანონმდებლო ორგანო ყოველდღიურად ბევრად უფრო ანგარიშვალდებული იქნება ამომრჩევლის წინაშე, ხოლო მთავრობა - პარლამენტის წინაშე. ნებისმიერ შემდგომ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, რომელიც შემდგომ წლებში, ამ კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ მოვა, ეს ძალზე გაურთულებს მუშაობას. საბოლოოდ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის სწორი მოდელი. ასე რომ, ვფიქრობ, ბრძნულად მოიქცნენ ბაქრაძეც და სხვებიც, რომ საბოლოო დასკვნას დაელოდნენ, რადგან პირადად მე წინა დღეებში უამრავი უაზრო ლაყბობა მოვისმინე იმის თაობაზე, თითქოს, მიღებული რეკომენდაციები არ გავიზიარეთ. ახლა უკვე ყველამ უნდა დაგვაცადოს მუშაობა, რათა  ჩვენი ქვეყანა რაღაცას დაემსგავსოს. უნდა შევწყვიტოთ უაზრო დებატები. ჩვენ გავიარეთ არეულობები, შიდა აჯანყების მცდელობა, სამხედრო გადატრიალების მცდელობა, შიდა ოპონენტების უამრავი დესტრუქციული ქმედება და უცხო ქვეყნის პირდაპირი სამხედრო აგრესია, აღარაფერს ვამბობ ემბარგოებსა და სხვა პროვოკაციებზე... ახლა მაინც დაგვაცადეთ მუშაობა, როდესაც ამდენ ადამიანს ჯერ კიდევ უჭირს, უამრავ ადამიანს სამუშაო ადგილი აქვს საშოვნი, ამდენად დიდი სოციალურ ეკონომიკური პრობლემები გვაქვს ქვეყანაში  (ეს ბუნებრივიცაა) და არ მიმაჩნია, რომ უაზრო ლაყბობისთვის არ უნდა დავხარჯოთ ორი-სამი წელი. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მდგომარეობა თითოეული ადამიანისთვის უკეთესობისკენ შეიცვალოს. ეს არის ის, რაც კომისიას შეეხება. ამიერიდან არგუმენტები ნამდვილად აღარ აქვთ. ვენეციის კომისიას ყველა ძირითად საკითხში დავუჯერეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)