Google+

რელიზები

12.08.2005
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით ესტუმრა

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო არაოფიციალური სამდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ლიკანში გაემგზავრნენ, სადაც ხელი მოაწერეს "ბორჯომის დეკლარაციას". ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ყურადღება საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე გაამახვილა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა "ბორჯომის დეკლარაცია" რეგიონში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საკითხებს მოიცავს. მისი თქმით, მისი და ვიქტორ იუშჩენკოს ინიციატივით, შემოდგომით უკრაინაში რეგიონის დემოკრატიული ქვეყნების სამიტი გაიმართება, სადაც დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის მისაღებად რუსეთის, ევროსაბჭოს ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებსაც მოიწვევენ.

ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ "ბორჯომის დეკლარაცია" რეგიონში დემოკრატიის განმტკიცებას, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. მან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მეზობელი ქვეყნების ურთიერთობებში საკმაოდ კარგ პერსპექტივას ხედავს.

ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვევა და ქვეყნის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

ვიქტორ იუშჩენკო საქართველოს კვირას 14 აგვისტოს დატოვებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)