Google+

რელიზები

06.05.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის რევოლუციის ორი წლისთავს ბათუმში აღნიშნავს

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარაში ჩავიდა, სადაც ასლან აბაშიძის რეჟიმისგან გათავისუფლების 2 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება.

მიხეილ სააკაშვილი, თავდაპირველად, ხელვაჩაურის რაიონს ესტუმრა, სადაც ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკი საზეიმოდ გახსნა. პრეზიდენტმა საქართველოს ჰიმნის თანხლებით სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ ბავშვებთან ერთად დროშა აღმართა და იქ მყოფ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა.

"ყველა ამ ღონისძიების მთავარი ამოცანა ერთია - გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ ერთმანეთს, დაამყაროთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გემახსოვრებათ და რომელსაც თქვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ, სამუდამოდ შეინარჩუნებთ. რაც მთავარია, ყველამ ერთად უნდა დავადასტუროთ, რომ ჩვენ ერთიანი, ძლიერი, ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება ვართ. საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ყველა აქცია, რომელიც ჩვენს დაყოფას, დანაწევრებას, განადგურებასა და შეშინებას ისახავს მიზნად, განწირულია. ამაში მალე დარწმუნდება ის ხალხი, რომელიც ბოლო წლების, თვეების, დღეების განმავლობაში ცდილობდა ყოველივე ამის განხორციელებას. სიმბოლურია, რომ პირველი ბანაკი სწორედ იმ ადგილზე იხსნება, სადაც ორი წლის წინათ ჩვენს უმეტესობას არც შემოუშვებდნენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბანაკში საქართველოს პრეზიდენტმა სომეხი ეროვნების ახალგაზრდა გაიცნო, რომელმაც ქართული ენა ორ წელიწადში ისწავლა. "ეს ახალი ქართული სახელმწიფოა, სადაც ქართველიც და სომეხიც საქართველოს პატრიოტია და ამავე დროს, საკუთარი კულტურისა და ისტორიის ერთგულია", - აღნიშნა მან.

მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის გამზირზე გაისეირნა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და რევოლუციის ორი წლისთავი მიულოცა.

ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო და განაცხადა, რომ ის ფუნქციონირებას 2007 წლის პირველი იანვარს დაიწყებს. მისი თქმით, აეროპორტი რეისებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეასრულებს.

"ბათუმის ახალი აეროპორტი მხოლოდ სამგზავრო პუნქტი არ არის. ის აჭარის, საქართველოს შავიზღვისპირეთის და ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების სიმბოლოა. ეს აეროპორტი 1948 წელს აშენებული და 1974 წელს მცირედ რეკონსტრუირებული აეროპორტის ნაცვლად შენდება. ბათუმი იქნება ერთ-ერთი პირველი ქალაქი შავიზღვისპირეთში, რომელსაც ექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ნაპირსამაგრი სამუშაოების გათვალისწინებით, ახალი სანავიგაციო სისტემა, რომელიც ყველა საერთაშორისო მოთხოვნას სრულად შეესაბამება, აეროპორტის ახალი, ლამაზი, თანამედროვე, მგზავრთათვის მოსახერხებელი და მიმზიდველი ტერმინალი. ეს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი პროექტია, რომელსაც აჭარაში ახორციელებს. დღეს ჩვენ აჭარის აეროპორტს ვკეტავთ, რათა რამდენიმე თვეში ახალი საქართველოს, ახალი აჭარის, ახალი ბათუმის ახლი აეროპორტი გავხსნათ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სპეციალურად ამ დღისთვის აჭარაში თურქეთის სახელმწიფო მინისტრის ქურშად თუზმენის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციაც ჩამოვიდა. ქართული და თურქული მხარეები ახალი აეროპორტის მშენებლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი აჭარის ახალ მთავრობის სახლს და ფრანგულ, მოცეკვავე შადრევანს გახსნის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)