Google+

რელიზები

17.08.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტიქიური უბედურების ზონა მოინახულა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტიქიური უბედურების ზონაში - ადიგენის რაიონში გაემგზავრა. იგი ხანძარსაწინააღმდეგო შტაბის შეკრებას დაესწრო, უცხოელ კონსულტანტებს პირადად გაესაუბრა და შექმნილი ვითარების შესწავლის შემდეგ, ალმოდებული ტყის მასივი ვერტმფრენიდან დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ძალა მობილიზებულია და საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა აბასთუმანსა და მიმდებარე ტერიტორიას სერიოზული ზიანი არ მიადგეს. მისი თქმით, ხანძარი უახლოეს დღეებში იქნება ლოკალიზებული.

"ზარალი, რომელიც ხანძრის შედეგად მივიღეთ შესაძლოა ბევრად დიდი ყოფილიყო. ასობით მოხალისე, რეზერვისტი და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას. თუმცა რეგიონში საუკეთესო ხანძარსაწინააღმდეგო საჰაერო ძალები თურქეთს აქვს. ჩვენი მეგობრის, თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განკარგულებით, თურქეთის საუკეთესო თვითმფრინავები აქ ბაზირებული იქნება იმდენი ხნით, რამდენიც ეს საქართველოს დასჭირდება. ასევე ცეცხლთან ბრძოლის მხრივ ძალზე დიდი გამოცდილება აქვთ ბრიტანელებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ თურქ მეხანძრეებთან. თუმცა ჩვენი განსაკუთრებული აღტაცება და მადლიერება ჩვენს მოხალისეებსა და რეზერვისტებს ეკუთვნით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში მომხდარი ავტოკატასტროფის თაობაზე გააკეთა კომენტარი და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს. მან აღნიშნა, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რეანომებილების რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდება, სამსუნის საავადმყოფოდან ქართველებს საგანგებოდ გაგზავნილი თვითმფრინავით გადმოიყვანენ.

"მინდა გითხრათ, რომ მოხდარის შესახებ პირველივე წუთებში მქონდა ინფორმაცია. მინდა მწუხარება გამოვთქვა გარდაცვლილთა ოჯახების მიმრთ. უნდა აღინიშნოს, რომ რეანომობილები ინფორმაციის მიღებისთანავე გაიგზავნა, ხოლო მათ, ვისი გადმოყვანის ნებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეანომობილით არ გვრთავენ, ხვალ სპეციალური თვითმფრინავით უზრუნველვყობთ. მუდმივი კავშირი მაქვს საქართველოს ელჩთან თურქეთში, ისევე, როგორც მის პერსონალთან. საქართველოს მთავრობა ამ თვითმფრინავს ხვალ საღამოს საგანგებოდ გააგზავნის, ხოლო თუკი ვინმე იქ, სამსუნში მოინდომებს მკურნალობის გაგრძელებას, ყველა ხარჯს საქართველოს ხელისუფლება აანაზღაურებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)