Google+

რელიზები

09.06.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანკტ-პერბურგში ჩავიდა, სადაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა კონსტანტინეს სასახლეში დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა. პრეზიდენტებმა შეხვედრის დაწყებამდე განცხადებები გააკეთეს. ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მან საქართველოს პრეზიდენტს სანკტ-პეტერბურგში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასწრება შესთავაზა. მისი განცხადებით, იგი მოხარულია, რომ პირისპირ შეხვედრისას საშუალება ექნებათ საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების, რუსეთ-საქართველოს შორის დაგროვილი პრობლემებისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელონ.

"მოხარული ვარ, რომ ჩამობრძანდით. ვიმედოვნებ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში თქვენი მუშაობა საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო იქნება. გავიმეორებ იმას, რაც ტაჯიკეთის პრეზიდენტს შეხვედრისას ვუთხარი. ეკონომიკურ ფორუმზე ძალიან ბევრი სტუმარი გვეყოლება. ველოდებით სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს სამხრეთ ამერიკიდან, ევროპიდან და აზიიდან. დიდი წარმომადგენლობითი დელეგაცია უკვე ჩამოვიდა ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან. ამ ფორუმის რუსმა ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ შეხვედრები სასარგებლო და საინტერესო იყოს. ვიმედოვნებ, რომ ქართველი კოლეგებისთვისაც ეს შეხვედრები ნაყოფიერი იქნება და პარტნიორებს არა მარტო რუს კოლეგებს შორის, არამედ უცხოელ სტუმრებს შორისაც იპოვნიან. ვფიქრობ ეს კარგი გარემოა იმისათვის, რომ ერთმანეთის შესაძლებლობებზე სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნათ მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცის მასშტაბით. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება რუსეთის ფედერაციაში!" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა "ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია."

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთთან დიალოგის გამართვისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობის აუცილებლობის თაობაზე.

"მოხარული ვარ, რომ შევხვდით. ვფიქრობ, ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი საინტერესო და, მათ შორის, მწვავე საკითხი დაგვიგროვდა განსახილველი. ყურადღებით ვადევნებდით თვალს თქვენს გამოსვლებს დიდი რვიანის შეხვედრებისა და სხვა სამიტების დროს. საქართველო არა მარტო მზად არის გამართოს რუსეთთან დიალოგი, არამედ ვალდებულია კიდეც. ჩვენს ქვეყნებს არა მარტო ნორმალური, არამედ მეგობრული და ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. რუსეთთან ურთიერთობაში ეს ჩვენი მიდგომის ყველაზე მთავარი და სტრატეგიული პრინციპია. კარგი და მეგობრული ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ტერიტორიული მთლიანობისა და ორივე მხარის ინტერესთა გათვალისწინების პრინციპებს. დარწმუნებული ვარ, რომ არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შესაძლებელია და მათთან დაკავშირებით შეთანხმებას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

10-ივნისს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არაფორმალური სამიტი გაიხსნება. მიხეილ სააკაშვილი დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომას დაესწრება.

ასევე დაგეგმილია საქართველოს და თურქმენეთის პრეზიდენტების შეხვედრა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)