Google+

რელიზები

24.11.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო

მოგესალმებით ყველას!

ჩემთვის დიდი პატივია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონიალზე დასწრება.

ეს არის იშვიათი შესაძლებლობა პრეზიდენტისათვის თქვენთან ურთიერთობის.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დამიდასტურებს იმას, რომ განსხვავებით ყველა წინამორბედი მთავრობებისაგან, მე არცერთ კონკრეტულ საქმეზე მისთვის და არც არავისთვის არაფერი არ მითქვამს და ამასვე მკაცრად ვითხოვ ჩემს ქვმოთ მყოფ თანამდებობის პირებისგან - თუ ისინი ამ საქმეებში ერევიან, ყველანი გამოაგზავნეთ ჩემთან.

ეს ჩემი მთავარი პრინციპია.

ეს ჩემი მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადაა. ამის შემდეგ რასაკვირველია სიკვდილს არ ვაპირებ, მაგრამ ვფიქრობ იმას, რომ გარდა მთავარი ამოცანისა, რაც საქართველოს გამთლიანებას უკავშირდება, ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლო საქმეები დავტოვოთ. საუბარი მაქვს ინსტიტუტების მშენებლობაზე.

მე ძალიან მიყვარს არქიტექტურული პროექტების მხარდაჭერა. ჩვენ კარგ პროექტებს ვახორციელებთ ქუთაისში,სიღნანღში, ბათუმში, თბილისში.

მე ივნისის თვეში მსოფლიო არქიტექტორთა კონგრესზე მიმიწვიეს, არა იმიტომ რომ ამ საქმის პროფესიონალი ვარ, არამედ იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში შენდება ბევრი ახალი შენობა.

მთავარი ახალი შენობები კი არ არის, მთავარია შენობა ახალი სახელმწიფოსი - ინსტიტუტების შენება.

მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს კარგი განზრახვები.

ჩვენ თუ დავსვავთ კითხვას - არის თუ არა დღევანდელი სისტემა მორგებული იმაზე, რომ სხვა საარჩევნო პოზიციის პირობებში, სხვა ხალხის მოსვლის პირობებში არ მოხდება სასამართლო სისტემის და სხვა ინსტიტუტების ბოროტად გამოყენება, ჯერ-ჯერობით სამწუხაროთ მე ამ საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი პასუხის გაცემა არ შემიძლია. ჯერ-ჯერობით ყველა ინსტიტუტი საქართველოში ზედმეტად დაუცველია სუბიექტური ფაქტორებისაგან.

სუბიექტური ფაქტორი გამორიცხული არასოდეს არ იქნება, მაგრამ დაუცველობის განცდა პიროვნებების თვითნებობის წინააღმდეგ უნდა შექმნან ინსტიტუტებმა, რაც საქართველოში ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის.

აქ მე ვხედავ ბევრ მათგანს, რომლებთანაც ერთად ჩვენ დავიწყეთ სასამართლო რეფორმა, რაც ჩემთვის პირველი დიდი გამოცდილება იყო. ეს იყო პირველი დიდი მიღწევებისა და ასევე დიდი იმედგაცრუების გამოცდილება.

90-იან წლებში როცა მე დავბრუნდი ამერიკიდან, ამირჩიეს პარლემენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ.

მე მაშინ მივედი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან და შევთავაზე სასამართლო რეფორმის გატარება.

ვინაიდან სასამართლო არასოდეს სერიოზულად არ აღიქმებოდა, მათ ჩათვალეს, რომ პოლიციის ხელის ხლება, უშიშროების სისტემის რეფორმირება არ შეიძლებოდა, ადგილობრივი თვითმართველობის სისტემის რეფორმირება საშიში იყო, მაგრამ მათ იფიქრეს ამ ბავშვებისათვის მიეცათ საშუალება სასამრთლო სისტემის შეცვლის. ჩვენ მივიღეთ თანხმობა სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე მუშაობის შესახებ.

სასამართლო იყო დანამატი არა მხოლოდ პროკურატურის, არამედ ყველა სახელმწიფო ორგანოსი.

დაწყებული იმ დროიდან, როცა რაიკომის მდივანი ბიუროზე არჩევდა სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივი საქმეების გადაწყვეტის თემას მის რაიონში, სასამართლო სახელმწიფო იერარქიაში ყველაზე უკანასკნელ ადგილზე იყო.

ჩვენ ჩავატარეთ მოსამართლეთა შერჩევა, ჩავატარეთ გამოცდა, იცით რამხელა საპროტესტო გამოსვლები მოყვა ამას, ფიტულების დაწვა და ა.შ., მაგრამ ჩვენ ჩვენი მაინც გავიტანეთ.

ძველი მოსამართლეების ერთი ჯგუფი აკონტროლებდა სასამართლო სისტემას, ეს იყო ქალაქის სასამართლო, რომელიც იყო ჩეულებრივი დუქანი, ფარდულში იჯდნენ სასამართლოები საშინელ შენობებში, შედიოდი ამ დუქანში, მიიღებდი გადაწყვეტილებას, გადაიხდიდი ფულს, შემდეგ ამას მოყვებოდა პროტესტი, შემდეგ ამ შენობაში მოდიოდი და ეს ყველაფერი გაუთავებლად გრძელდებოდა ეს აუქციონი. იმ სისტემაში სამართლიანად ითვლებოდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც პირველად რომ აიღებდნენ ქრთამს, მეორე უფრო დიდი ფულის შეთავაზების შემთხვევავშიც კი არ შეცვლიდნენ გადაწყვეტილებას. აი, ასეთი სასამართლო სისტემა გვქონდა.

როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ გამოცდების ჩატარების გზით აგვერჩია მოსამართლეები, არცერთი ძველი მოსამართლე არ გამოცხადდა გამოცდაზე. პირველი, მეორე და მესამე გამოცდა ჩავატარეთ კარგად. მეოთხე გამოცდაზე როცა მივედი, დავინახე, რომ ყველაზე ცნობლი სახე იჯდა დარბაზში, ვხედავდი, რომ 100 ქულიდან, ეს ადამიანები იღებდნენ 70 -80 ქულას. დავინახე, რომ ამ ცნობილ „ყაჩაღებს" დაგროვილი ჰქონდათ 97-99 ქულა და გაბადრულები ისხდნენ. მარიკა ვერულაშვილმა ობიექტურ გამოცდებში მიიღო ყველაზე მეტი ქულა, მაგრამ მათ მასზე მეტი ქულები აიღეს. მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო - ვიღაცამ ეს ბილეთები გაამჟღავნა წინა დღით.

მომდევნო გამოცდის წინ, დავურეკე ლადო ჭანტურიას, ზურაბ ახვლედიანს, ერთ-ორ ჩვენს მეგობარს, ზურაბ ადეიშვილს და გადავწყვიტეთ ახალი ბილეთების დაწერა გამოცდების მეორე ტურისათვის.

მე მათ გამოცდის წინ ვუთხარი, თქვენი დაცულობისათვის ვწერდით ახალ ბილეთებს, ყველაფერი შეიცვალა, ეს მოსამართლეები მომენტალურად ადგნენ და წავიდნენ. ეს იყო ამ საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელოვანი ეტაპი. სისტემა მთლიანად არ შეიცვალა, სასამართლო შეიცვალა, მაგრამ არ შეიცვალა პოლიცია, პროკურატურა და მართვის სიტემა, უფრო მეტიც, მესამე მეოთხე თვის შემდეგ ძალიან ბევრმა ამ მოსამართლემ ვეღარ მიიღო ხელფასი, რის გამოც სასამართლო სისტემის დიდი ნაწილი ჩამოიშალა. დიდმა ნაწილმა დაკარგა კვალიფიკაცია. მაშინ ეს ექსპერიმენტი დამთავრდა ცუდად.

ჩვენ ხელახლა დავიწყეთ ბოლო წლებში ამ სისტემის მშენებლობა.

თქვენ იცით, რომ იყო რთული სისტემა, უზენაეს სასამართლო იუსტიციის საბჭოსთან იყო კონფლიქტში. განაჩენები იყიდებოდა.

ჩვენ როგორც მთავრობას ის კი არ გვჭირდება, რომ ეს სიტემა ჩვენი ერთგული იყოს და მარჯვნივ და მარცხნივ რაც ჩვენ გვინდა ის აკეთოს. ის უნდა იყოს პრინციპული ჩვენს მიმართ და ადამიანს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ხსნის განცდა როცა მოდის სასამართლოში.

ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისაკენ.

ჩვენ სასამართლო სისტემაში შევამცირეთ კორუფცია, გავამარტივეთ პროცედურა. პროცესები უფრო მოკლე და კონკრეტულია. ჯოჯოხეთური კოდექსები გამარტიტვდა.

ყველა გამოკითხვით, ჩვენი სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა იზრდება, თუმცა ძალიან შორს არის პოლიციის მიმართ ნდობისაგან. რატომ არის შორს? ამაზე ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ.

ჩვენ რამოდენიმე საკითხი უნდა გავატაროთ ტერთად, რომ საზოგადეობას გაუჩნდეს დაცულობისა და სამართლიანობის განცდა. იანვრიდან შემოდის ნაფიცმსაჯულთა სასამართლო, ეს არის დიდი ექსპერიმენტი. ჯერ შემოდის თბილისში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მკვლელობაზე. ეს ინსტიტუტი სათანადო პროპაგანდით და თქვენი დახმარების პირობებში საქართველოში იმუშავებს.

ჩვენ ჩვენს საზოგადოებაზე ბევრად უკეთესი წარმოდგენის გავხდით. ყველამ დაინახა, რომ ჩვენი საზოგადოება არის სწორი რეაგირების საზოგადოება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად.

მეორე ნაბიჯი არის იუსტიციის საბჭოს რეფორმირება.

თქვენ იცით, რომ პრეზიდენტი ჩამოშორდა მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, თუმცა არც მანამდე არ ჩავრეულვარ, სანამ ეს ფორმალურად მევალებოდა.

ედურად შევარდნაძე პრაქტიკულად თქვეში ორჯერ-სამჯერ ატარებდა იუსტიციის საბჭოს სხდომას. მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ვარ, ერთხელ იუსტიციის საბჭოს სხდომა ერთხელ ჩავატარე. იმიტომ კი არა, რომ მეზარებოდა, არამედ ვთვლიდი, რომ ეს არ არის პრეზიდენტის საქმე, პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს სასამართლო სისტემაში. ისიც არ არის მართალი, რომ პოლიტიკოსები იუსტიციის საბჭოში ირიცხებიან, ჩვენ შეგვყავს ამ საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რათა იყოს მეტი გამჭირვალეობა.

ეს ნაბიჯი ჩვენ ერთად გადავდგით. ჩვენი შემდგომი სისტემა უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს.

მესამე - ეს არის გარანტიები მოსამართლეებისათვის.

ჩვენ ვაპირებთ მოსამართლეების სამუდამოდ დანიშვნას, რაც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური კრიზისზე მსოფლიო ახდენს უარყოფით ზეგავლენას, ჩვენ შევამცირეთ საშემოსავლო გადასახადი, ვიპოვეთ ფული და კიდევ ორასი ლარით ვზრდით ხელფასებს მომავალ წელს იმისათვის, რომ მოსამართლეებს ჰქონდეთ მეტი დაცულობისა და გარანტიების რეალური შესაძლებლობები.

ეს სამი ნაბიჯი ემსახურება ჩვენს წარმატებასა და წარუმატებლობას. ჩვენი ქართული საზოგადოება თავს უნდა გრძნობდეს დაცულად და უნდა გრძნობდეს, რომ ამ ქვეყანში არის სამართლიანობის განცდა, რომ არ არსებობს ინსტანცია, რომელიც მას დაჩაგრავს. არსებობს კიდევ ერთი ინსტანცია - სასამართლო, რომელიც დაუსაბუთებელ ყველა უარყოფით მოქმედებებს მოქალაქის წინააღმდეგ, გააბათილებს და პირიქით, ვინც ეს ჩაიდინა, იმას დასჯის.

მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ საზოგადოების ნაწილი.

ჩვენი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის შედეგედ გაიზარდა საპატიმროების რაოდენობა, მკვეთრად შემცირდა საქართველოში დანაშაულის ჩადენა. მანქანებს პრაქტიკულად აღარ იპარავენ, შემცირდა ქუჩის დანაშაული. მე მახსოვს, ორი წლის უკან ჩემს მეუღლეს დანით გაუჭრეს ბაზარში საფულე, რასაც ჩემი შვილი უყურებდა, ეს ორივესათვის იყო დიდი ტრამვა. ეს არის საერთო სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის დამსახურება. სამოქალაქო საქმეებზე არის მეტი განცდა, მეტი ხალხი მოდის სასამართლოებში. ნდობა ამაღლებულია.

ჩვენ ვართ ამ საზოგადოების წევრები, ჩვენ ვართ ყველაფრისაგან დამოუკიდებლები, გარდა კანონისა და საკუთარი სინდისისა.

თქვენ ხართ ხალხი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს. როცა ხარ პროფესიონალი, მაშინ გაბედული ხარ, თავისუფლი ხარ სინდისთან. ჩვენი გათვლაც ამაშია.

როცა პროფესიონალიზმი და ღირსება გაქვს, ეს ყველაფერი წარმოშობს იმას, რისი მიღებას ჩვენ გვინდა - დაცული საზოგადოება და დამცველი ინსტიტუტები ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოებისათვის. გისურვებთ იმას, რომ ღირსმსახურებდეთ სიმართლეს და სამართლიანობას, იყოთ ადამიანის უფლებების დამცველნი.

დიდი მადლობა ყველაფრისათვის!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)