Google+

ბრიფინგები

13.06.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა საგანგებო განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობისთვის დღეს დაკავებული პირები საქართველოს პრეზიდენტის მფრინავის სახლში ცხოვრობდნენ. როგორც ანდრო ბარნოვმა განაცხადა, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და გამიზნული პროვოკაციული ფორმულირება, რათა პრეზიდეტის სახელი რამენაირად დაუკავშირონ ამ საშინელ ფაქტებს. მისი თქმით, აღნიშნული პირი (ზაურ ქორთოშიძე) არ არის არც პრეზიდენტის პირადი მფრინავი და არც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უშუალო თანამშრომელი. იგი არის სდსს-ის მიერ დაქირავებული კომპანიის „თუშეთი“ მფრინავი და ზემოაღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს ქართული საზოგადოებისა და ჩვენი სამხედროების მიმართ მუქარისშემცველი ვიდეორგოლების წარმომავლობის საკითხების გადაფარვას.

ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდებოდა, ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციას ეყრდნობოდა და "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების დამზადებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ადანაშაულებნენ.

"ეს არის ჭორების კამპანია, რომელიც დაიწყო ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული "ვითომ ინფორმაციით", მეორე დღეს ეს აიტაცა მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის დეპარტამენტის უფროსმა კოკა ყანდიაშვილმა. მომდევნო დღეს, საოცარია, მაგრამ ეს გაიმეორა თავად პრემიერ-მინისტრმა და დღეს ვხედავთ ამ სრულიად გაუგებარ, უპასუხისმგებლო ფორმულირებას. ეს ხდება სამწუხაროდ იმ ფონზე, როდესაც გამობრძანდა პრეზიდეტი პუტინი და გამოაცხადა, რომ თურმე საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურები აპირებენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას. ეჭვი მაქვს, ეს "მჭიდრო თანამშრომლობა" უკვე მიმდინარეობს...

„შსს არის ვალდებული და უნდა ჰქონდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ გააკეთოს ისეთი ფორმულირებები, რომელიც ერთი მხრივ, არის ადეკვატური, და მეორე მხრივ, არ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ისინი დღეს ბოროტად სარგებლობენ საზოგადოების ნდობით და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ტალახში ამოსვარონ ოპოზიცია და პირადად, საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის სრულიად დაუშვებელი“, - განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა და საზოგადოებას მოუწოდა არ აყვეს მთავრობის პროვოკაციულ განცხადებებს და არავის მისცეს მისი შეცდომაში შეყვანის უფლება. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code