Google+

სიახლეები

25.03.2013
საქართველოს პრეზიდენტი ახალქალაქს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ახალქალაქს ესტუმრა და ილია ჭავჭავაძის სახელობის მესამე საჯარო სკოლა მოინახულა. ქართულენოვან სკოლაში მიხეილ სააკაშვილი პედაგოგებს  გაესაუბრა და  სწავლების პროცესს გაეცნო.  ქვეყნის პირველმა პირმა მათთან რეგიონში ქართული ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ახალქალაქში ახალი ქართული სკოლა ავაშენეთ. ერთი მხრივ, სომხურ ოჯახებში ცხოვრობენ ქართულის მასწავლებლები და ქართული - სახელმწიფო ენა, შემოაქვთ აქ. ქალბატონი ლეილა და მისი კოლეგები ამ საუკეთესო სკოლაში, რომელიც ჩემი ინიციატივით აშენდა, ასწავლიან ქართველ ბავშვებს, რომელთა შორის არიან ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები. მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ჩემთვის ორივე მათგანი ქართველია. ჩვენი პასუხი ენის საკითხებზე, რეგიონალური ენების საკითხებზე ძალიან მარტივია - საქართველოში წარმატებას ქართული ენით უნდა მივაღწიოთ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს სხვა კულტურების ნიჰილირებას. აქ, ახალქალაქში სომხურ ენასაც პრობლემები აქვს, რადგან საბჭოთა და რუსეთის ჯარის ყოფნისას გარუსების პროცესი მიმდინარეობდა. ამიტომ, ჩვენი აქაური თანამოქალაქეების ინტეგრაცია ქართული ენის მეშვეობით უნდა მოვახდინოთ და არა რეგიონალური ქარტიებითა და სხვადასხვა მოგონილი ამბებით; მხოლოდ და მხოლოდ ქართულის დამკვიდრებით, ქართულის შემოტანით, ქართული სკოლის გახსნითა და საქართველოს უნივერსიტეტებში მათი სწავლებით. ჩვენ ყველას პასუხს ვცემთ არა პოლიტიკოსების უშედეგო ლაპარაკითა და პარლამენტში ძალიან საშიში წინადადების შეტანით, არამედ საქმითა და იმ პატრიოტებით, რომლებიც საქართველოს სიმტკიცესა და ერთიანობას ადუღაბებენ განათლებითა და კულტურით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის სადგური მოინახულა, რომლის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე შეჩერებულია. მისი თქმით,  მნიშვნელოვანია, ყველა იმ პროექტის გაგრძელება, რომეთა განხორციელება ჯავახეთში წინა მთავრობის პერიოდში დაიწყო. 

„ეს არის ყველაზე საამაყო პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ამ პროექტზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ, რადგან ეს არის ჩვენი ფანჯარა ევროპაში. აქ მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იცვლება რელსები, თბილისიდან ჩამოვა მატარებლები, რომლებიც მთელი ევროპის გავლით ლონდონამდე მიგვიყვანს. ჩემი პრეზიდენტობის დამდეგს ჯავახეთში პროექტების განხორციელება გვიჭირდა, რადგან იყვნენ  რადიკალები, მოკრიმინალო ელემენტები, მაგრამ მათი განეიტრალება მოვახერხეთ. შემდეგ დავიწყეთ გზის მშენებლობა, რომელიც რატომღაც წელს საერთოდ არ გაწმენდილა და ამიტომ ზამთარში არ ფუნქციონირებდა. დავიწყეთ ამ რკინიგზის მშენებლობა, რომელმაც აქაურობა უნდა შეკრას. დავიწყეთ სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელება. წელს, პირველად ჯავახეთის მოსახლეობა ვერ აბარებს კარტოფილს... პრობლემები შეიქმნა ციტრუსების ჩაბარების მხრივ აჭარაშიც, მაგრამ ჯავახეთში მსგავსი რამ დაუშვებელია, რადგან ეს ბევრ პოლიტიკურ საფრთხეს შექმნის. იმისათვის, რომ აქ იყოს მშვიდობა, განვითარება და გაძლიერდეს ქართული სახელმწიფო და განხორციელდეს სოფლის მეურნეობის პროექტები, სასწრაფოდ უნდა გაგრძელდეს რკინიგზის მშენებლობა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ასევე თბილისი-წალკა-ახალქალაქის შემაერთებელი გზის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აუცილებელია იმ გზის გაწმენდა,  რომლის  მშენებლობაც უკვე დასრულებულია. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია რეგიონში გაგრძელდეს აღმშენებლობა, რაც წინა ხელისუფლების დროს აქტიურად მიმდინარეობდა.

„უნდა დავუბრუნდეთ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და ვაკეთებდით სწორად. ყველაფრის უგულვებელყოფა არ შეიძლება. ვიმედოვნებ, რომ ახალი მთავრობა გაიზიარებს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ასევე ვიმედოვნებ, რომ პრემიერ-მინისტრი ზუსტ ინფორმაციას მიიღებს მინისტრებისგან რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომ გამოუსწორებელი არაფერი მოხდეს. მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით სერიოზული საფრთხე არ არსებობს, თუმცა იმისათვის, რომ მომავალშიც არ მოხდეს, მნიშვნელოვანია ყველა იმ  პოზიტიური და  აღმშნებელობის პროცესის გაგრძელება, რომელიც მანამდე მიმდინარეობდა. ეს იქნება საქართველოს სახელმწიოფებრიობის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)