Google+

სიახლეები

23.10.2012
მიხეილ სააკაშვილი: „საქართველო გააგრძელებს წინსვლას და ბოლომდე ისარგებლებს იმით, რასაც ეს რეიტინგები იძლევა“

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დუბაიში საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, მსოფლიო ბანკის ახალ რეიტნგებთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს და მიიჩნევს, რომ პირველ ათეულში საქართველოს მოხვედრა მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგია.

„მსოფლიო ბანკმა იმ ქვეყნების რეიტინგები გამოაქვეყნა, რომლებშიც ყველაზე მარტივია ბიზნესის კეთება. ამ მონაცემებში საქართველომ მეთექვსმეტე ადგილიდან წელს უკვე მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. ეს არის იმ რეფორმების პირდაპირი შედეგი, რომლებსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ. როდესაც ლადო გურგენიძემ დაიწყო ამ ცვლილებების განხორციელება დაიწყო, რეიტინგში 140-ე ადგილზე ვიყავით, მისი რეფორმები შემდეგ გილაურის მთავრობამ გააგრძელა და ვანო მერაბიშვილმა დაასრულა. შედარებისთვის,  რუსეთი, ამ მხრივ, არის 112 ადგილზე, უკრაინა არის 137-ე ადგილზე, ხოლო ჩვენ ვიმყოფებით პირველ ათეულში, სინგაპურის, ჰონგ-კონგის, ახალი ზელანდიის, ამერიკის, დანიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ კორეის გვერდით. საქართველო შემდეგ მოდის ავსტრალია, ფინეთი, შვედეთი, ირლანდია, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცი, რომ ცხოვრების დონით ახლოს ვერ მოვალთ ამ ქვეყნებთან, მაგრამ მსოფლიოში კეთილდღეობის შექმნის ორი გზა არის. ერთი გზა გადის ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე, ხოლო მეორე გზა - ბიზნესის წარმოების გამარტივებაზე, ანუ მცირე და საშუალო საწარმოების განვითრებაზე, რათა ამ თვალსაზრისით ბევრად მეტ შედეგს მიაღწიო. სწორედ ამ გზას დაადგა საქართველო და თუ ეს გაგრძელდება, მაშინ ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ განვითარებული ქვეყნების დაწევას. რაც მთავარია, თითოეულ ქართულ ოჯახს მიეცემა ბევრად მეტი შესაძლებლობა. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბიზნესი იყო წნეხის ქვეშ, ეს აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან. რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის უფრო მეტი უნდა და კმაყოფილი არასდროს არ იქნება, როდესაც გადასახადებს ახდევინებენ,  მაგრამ საქართველოში არის ყველაზე დაბალი გადასახადები მსოფლიოს მასშტაბით და ეს აღიარა ახალმა საპარლამენტო კოალიციამაც. ფაქტი ჯიუტია, მსოფლიო ბანკმა თქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით. აი, ამას ვისახავდით მიზნად, როდესაც წინა წლებში ვებრძოდით კრიმინალს, კორუფციას, გავამარტივეთ ბევრი რეგულაცია. ახლა მთავარია ბრაზის გამო ყოველივე ეს უნდა შევინარჩუნოთ. ამდენი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ინვესტიციების მოზიდვაზე, რადგან ახალი საწარმოები, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები სამუშაო ადგილებს ქმნის, ყოველივე ეს კი შეუძლებელია ინვესტიციების გარეშე. ინვესტიციები მიდის იქ, სადაც მარტივია ბიზნესის კეთება, ეს კი ადვილია იმ ქვეყნებში, რომლებიც ამ რეიტინგში პირველ ადგილებს იკავებს. საქართველო ყველაზე მაღალ ლიგაში აღმოჩნდა. შესაძლოა, ამაზე დიდ შედეგს ვერც მივაღწიოთ - სინგაპურს, ალბათ, ვერ გავუსწრებთ, მაგრამ ეს არის შანსი გვიუმჯობესოთ ცხოვრება.  სიმდიდრის უნდა ათწლეულები სჭირდება. რეფორმების განხორციელებას  რამდენიმე ძალიან მძიმე წელიწადი დასჭირდა. დღეს ის, ვინც ამ რეფორმებს ასე აკრიტიკებს, უნდა ესმოდეს, რომ ამის ალტერნატივა ისევ 140-ე ადგილზე დაბრუნებაა. ჩვენ ვიყავით ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა, სადაც არავინ არასდროს არ ჩადებდა ფულს, არავინ არასდროს არ ჩამოვიდოდა თუნდაც ტურისტად და ხალხს არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა. ძველი მთავრობა არა მხოლოდ შევსებულ ბიუჯეტს უტოვებს ახალ მთავრობას, არა მხოლოდ 10-ჯერ გაზრდილ პენსიას და დაზღვეულთა 100-ჯერ გაზრდილ რაოდენობას, 2,5 ჯერ შემცირებულ უმუშევრობას და ასევე ამ რეპუტაციას - საქართველო ბიზნესის წარმოებისთვის და ფულის დასაბანდებლად, ე.ი. სამუშაო ადგილების შესაქმნელად, არის ხელსაყრელი ქვეყანა. ამიტომ,  მსურს მოვუწოდო ახალ საპარლამენტო კოალიციასაც, ოპოზიციასაც და ახალ მთავრობასაც არ გავაფუჭოთ ეს მაინც, არ დავანგრიოთ, არ ჩამოვშალოთ, არ გავაუარესოთ, ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ქვეყანას. თუკი ამაზე ყველანი შევთანხმდებით, საქართველო გააგრძელებს წინსვლას და ბოლომდე ისარგებლებს იმით, რასაც ეს რეიტინგები იძლევა - მოიზიდავს ძალიან ბევრ ინვესტიციას და ძალიან ბევრ ქართულ ოჯახს გავუმართავთ რეალურად ხელს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)