Google+

სიახლეები

28.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა

მოგესალმებით ყველას.

ამიერიდან, პრეზიდენტიც, მინისტრებიც, მილიონერებიც და ნებისმიერი თქვენგანი თანასწორია.

ყველა, ვისაც მკურნალობა დასჭირდება, ისარგებლებს ერთნაირი პალატებით, ერთნაირი კლინიკებით, მიიღებს ერთნაირ სამედიცინო მომსახურებას და ეს ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იქნება.

ეს არის განსხვავება იმისგან, რაც იყო და რასაც ჩვენ ყველა ერთად ვქმნით.

ჩვენ პოლიტიკური ძალაუფლება გამოვტაცეთ ერთი და იმავე ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც არ უყვართ არც ქუთაისელი, არც ზუგდიდელი, არც საგარეჯოელი, არც გლდანელი, არც ვარკეთილელი, არც თავისი მეზობელი, არც სკოლელი და მთელი ცხოვრების განმავლობაში ზემოდან დაჰყურებდნენ თავის ხალხს.

ის ხალხი ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა - იმ ქუჩაზე, სადაც იყო პარლამენტი, რომლიდანაც ახლოს იყო უნივერსიტეტი, საავადმყოფო და ყველაფერი მათ ხელში იყო კონცენტრირებული.

პარლამენტის ქუთაისში გადმოსვლით, პოლიტიკური ხელისუფლება ხელიდან გამოვტაცეთ ადამიანების ერთ მცირერიცხოვან ჯგუფს. სამოქალაქო ომის დროსაც ეს ერთი და იგივე ხალხი იბრძოდა და მათ შორის გადაწყდა ყველაფერი, თუმცა ამან, მთელ ქვეყანას უბედურება მოუტანა.

ეს საქართველოში არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს.

ჩვენი ოპონენტები დღეს მოითხოვენ, რომ პარლამენტის შენობა თბილისში დარჩეს.

ვიცი, რომ ქუთაისში ისე არავინ არ ცხოვრობს, როგორც ეს პარლამენტია მოწყობილი.

ვიცი, რომ ქუთაისში წყლის მიწოდება გაუმჯობესდა, მაგრამ უმეტეს ადგილებში ისევ გრაფიკით მოდის და შესაძლოა მთელი დღეც არ იყოს.  

ძალიან კარგად ვიცი, რომ შენობებზე ფასადების მოშენებით თქვენი ყველა, მათ შორის, საყოფაცხოვრებო პრობლემა არ წყდება.

ერთი რამ ცხადია, რომ საიდანღაც უნდა დავიწყოთ ყველაფერი.

დღეს ანაკლიაში ვიყავი. როდესაც ანაკლიას ვაშენებდით, თავიდან ყველა დაგვცინოდა. დღეს ახალი ხიდის გარშემო, რომლის მშენებლობის გამოც ბევრი გვაკრიტიკებდა, ყველგან კეთდება  სასტუმროები. კერძო ინვესტიციით შენდება ფეხბურთის სტადიონები და ფეხბურთის ბაზა.

იქვე შენდება აკვა-პარკი, უკვე აშენდა რამდენიმე რესტორანი.

ეს ყველაფერი ხალხს ემსახურება.

მე მახსოვს რა იყო გარშემო. დაშინებული ხალხი გარეთ ვერ გამოდიოდა. მათ ჩვენ უსაფრთხოება მივეცით და პოლიცია შევიყვანეთ და ხალხმა ამოისუნთქა.

ახლა გაჩნდა შესაძლებლობები, ააშენეს ახალი სასტუმროები, შენდება სხვა ობიექტები.

ახლა იმ ადგილზე 200 ათასამდე ტურისტი ჩავა. 

თქვენ იცით, რომ ქუთაისში დიდ საერთაშორისო აეროპორტს ვაშენებთ და ვვარაუდობ, რომ მომავალ წელს ნახევარი მილიონი ტურისტი იმ აეროპორტით ისარგებლებს.

ეს იმას ნიშნავს,  რომ ეს ნახევარი მილიონი ქუთაისს გაივლის.

ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ნახევარი მილიონი ადამიანი გაივლის ქუთაისს, დახარჯავს ფულს აქ, შევა კაფეებში და გაჩერდება სასტუმროებში.

ადრე ქუთაისში სასტუმრო ან კაფე-რესტორნები ვის სჭირდებოდა?! ხალხს საშუალება არ ჰქონდა...

თანდათან სხვა საშუალებებიც გაჩნდება. უცბად არაფერი არ ხდება, მოძრაობა უნდა დავიწყოთ, რადგან საქართველოში ყველგან ცენტრი უნდა იყოს.  

თბილისშიც არასდროს არ აშენებულა იმდენი, რამდენიც ახლა შენდება.  

მე, როგორც თბილისელი არასოდეს არ ვყოფილვარ ასე ამაყი იმით, რომ თბილისში დავიბადე, გავიზარდე და სიცოცხლის ბოლომდე იქ ვაპირებ ცხოვრებას.

მინდა, რომ ყველა ქუთაისელი ამაყი იყოს ამ ქალაქში ცხოვრებით და აქედან წასვლა არსად არ მოუნდეს.

ქუთაისელებს წარმოუდგენელი ღირსება აქვთ. თქვენ წარმოუდგენლად ამაყი ხალხი ხართ.

სიამაყის საბაბი ახლა უკვე რეალურად მოგვეცა.  

ყველაფერი ჩვენი ხელით იქმნება, ჩვენი შრომით იქმნება - აეროპორტის მშენებლობაზეც ქუთაისელი ხალხი მუშაობს.

აგვისტოს თვეში ჩვენ მთელ წყალტუბოს ხარაჩოებში ჩავსვავთ. რამდენიმე ასეული მილიონი იხარჯება იმისთვის, რომ 3-4 წელიწადში წყალტუბოში 500-600 ათასი დამსვენებელი ჩამოვიდეს.

რა თქმა უნდა, ყოველივე ამის დაწყება ძალიან რთული იყო - ჯერ დევნილები უნდა გაგვეყვანა და მათთვის ბინები მიგვეცა. ეს ხალხი ჩვენგან ყველაზე მეტად იმსახურებდა ჩვენს დახმარებას, რადგან ყველაზე დიდი გაჭირვება მათ ჰქონდათ. იქ წყალი უნდა შეგვეყვანა, გზა გაგვყავს და უკვე ინვესტორებიც შემოგვყავს.

საირმე კეთდება, მომავალ წელს ავტობანი თბილისიდან ქუთაისში ჩამოვა. მომავალ წელს თბილისიდან ქუთაისში ჩქარი მატარებელიც ჩამოვა და დედაქალაქიდან საათსა და 40 წუთში გახდება შესაძლებელი ჩამოსვლა.

ეს არის ქვეყნის გეოგრაფიული ცენტრი და ახლა უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი და ამით, დარწმუნებული ვარ, თბილისი მხოლოდ გაძლიერდა.

ადამიანების უნდა ცხოვრობდნენ საკუთარ სახლში ფესვებთან ახლოს.

არც ის არის აუცილებელი, რომ სოფლიდან ხალხი ქალაქში გადმოვიდეს - ქუთაისში იქნება საწარმოები, კომპანიები, ტურისტული ობიექტები და ადამიანები სამუშაოდ ივლიან, მაგალითად, სვირიდან და სხვა მიმდებარე სოფლებიდან. მით უმეტეს, რომ სოფლებში უკვე საუკეთესო გზებს ვაკეთებთ.

საბოლოოდ, საკუთარ სახლთან და ფესვებთან ახლოს იქნება, საკუთრ გარემოში.

ეს არის ინფრასტრუქტურა და ამას ემსახურება თითოეული ცვლილება, რომელიც აქ ხდება.

აქვეა პრომეთეს მღვიმე და ვამბობ-ხოლმე, რომ პრომეთემ ცეცხლი მოსტაცა ღმერთებს და ხალხს მისცა. მის მსგავსად, ჯანდაცვაც ერთ ელიტარულ ჯგუფს გამოვტაცეთ და დავუბრუნეთ ხალხს ამ ექიმებთან ერთად, რომლებიც ადრე ბევრად უფრო დაჩაგრულ მდგომარეობაში იყვნენ.

ასე რომ, მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ამხელა რამ გააკეთეთ; იმისათვის, რომ გვენდეთ და დაგვიჯერეთ; იმისათვის, რომ თქვენც შრომობთ.

ერთად ყველა სირთულეს დავძლევთ.

ვიცი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა აქ უმუშევრობაა, მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანი წელში გამართული იყოს, უნდა ჰქონდეს ელემენტარული სოციალური პირობები.

ბავშვები უნდა სწავლობდნენ კარგ, გამთბარ სკოლაში და მინიმალური შესაძლებლობები მაინც უნდა იყოს გარშემო.

გასული წლების განმავლობაში ქუთაისი, რომელიც წარმოუდგენლად დიდი ტრადიციის მქონე ქალაქია, ინფრასტრუქტურულად ნადგურდებოდა და ყველაზე უფრო ჩამორჩენილი,  არაურბანული ქალაქის მდგომარეობამდე მივიდა.

აქ არ იყო წყალი, გზა, განათება, სოციალური ობიექტები და ამის მიუხედავად, საოცარი ხალხი ცხოვრობს - გაყინულ თეატრშიც კი (რომელიც უკვე აღვადგინეთ) დადიოდნენ და ყოველი პრემიერის დროს სავსე იყო დარბაზი.

პრემიერები იმართებოდა ოპერის თეატრშიც, რომელსაც კედლებიც აღარ ჰქონდა (და ფაქტობრივად, ახალი ავაშენეთ).

უნივერსიტეტებში  ელემენტარული პირობები არ იყო და მაინც სწავლობდნენ აქ.

სწავლობდნენ, რადგან ეს არის ქალაქის ტრადიცია, აქ არის საქართველოს ყველაზე დიდი კულტურული გული.

პირადად მე, მეოთხე თაობის თბილისელი ვარ, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ ჩემი ბებიის მამა აქედან იყო.

მთელი ინტელიგენცია, რომელმაც მეოცე საუკუნეში ახალი ქართული კულტურა შექმნა,  ქუთაისიდან წამოვიდა.

ახლა ჩვენ ქუთაისს ვუბრუნებთ იმას, რაც მას სამართლიანად ეკუთვნოდა ყველა ეპოქაში.

ამით, ჩვენ არა მხოლოდ არ ვაკნინებთ თბილისს, არამედ ვზრდით კიდეც დედაქალაქის როლს - საქართველო და, შესაბამისად, თბილისი ხდება რეგიონის ცენტრი.

რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვაძლიერებთ რეგიონების მნიშვნელობას. იმერეთისთვის ეს წარმოუდგენელი მიღწევაა.

ადრე ყველა იმერული რაიონი თბილისზე იყო დამოკიდებული, რადგან საჩხერლები, ჭიათურლები, ზესტაფონლები, ბაღდათელები, ვანელები სამუშაოს საძებნელად დედაქალაში ჩამოდიოდნენ.   

ქუთაისშიც კი არ იყო დასაქმების შესაძლებლობა.

ახლა, უპირველესად, ქუთაისში გაჩნდება სამუშაო და ეს წარმატება შემდეგ ყველა რაიონს მოედება - წყალტუბოს, საირმეს და ა.შ.

თბილისში წყალდიდობისას ვნახე, როგორ პირობებში ცხოვრობდა ამ რეგიონიდან ჩამოსული ხალხი, რომლებიც დედაქალაქში ბარაკებში, ფარეხებსა და ამ ფარეხების უკან, ხევში ჩაკიდებულ კარვებში ცხოვრობდნენ. იქ მათ პოლიციაც ვერ აღმოაჩენდა, ისეთ პირობებში იყო.

ეს უნდა დავამთავროთ და იმისთვის, რომ ხალხი აღარ გვეღუპებოდეს ასეთ პირობებში, გარშემო ყველაფერი უნდა შევქმნათ და განვავითაროთ.  

ეს, რასაც ჩვენ ვხედავთ, დასაწყისის დასაწყისია.

შეგიძლიათ მენდოთ, რადგან არც ერთი დაპირება და თქვენდამი მოცემული არც ერთი სიტყვა არ დამირღვევია და ამ სიტყვასაც აუცილებლად შევასრულებ.

ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, ჩვენი მატარებელი ახლა აქ ჩამოდგა, მაგრამ ის სვლას აგრძელებს.

ეს ჩქაროსნული მატარებელი იქნება, რომელიც წაგვიყვანს თბილისისკენაც, ზღვისკენაც, ევროპისკენაც, რადგან ახლა ევროპის რკინიგზას ვუერთდებით. რაც მთავარია, ჩვენი ცხოვრება წავა წინ და სამშვიდობოს გავა.

ჩემო ძვირფასებო, ვერც ერთი ანტირეფორმისტული ძალა ვერ შეაჩერებს ჩვენს წინსვლას.

ყველაზე მეტად ამ ხალხს აღიზიანებს ეს თანასწორობა; აღიზიანებს პარლამენტი ქუთაისში, როგორც თანასწორობის სიმბოლო; აღიზიანებს ჩვენი შუშის კონსტრუქციები და ყველაზე მეტად აღიზიანებს ის, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს.

ხალხმა გემო გაუგო პროგრესს, ხალხმა გაუგო გემო წინსვლას და ამ ხალხს ვერანაირი მექანიზმით - ვერც ტყუილებით, არც მოსყიდვითა და დაშინებებით უკან ვეღარავინ ვეღარ დააბრუნებს.

ეს არის მთავარი, რაც ამ პერიოდში შეიცვალა.

ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, საკუთარ თავს მივულოცოთ ეს დღე.

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ყველგან შევძლებდით მსგავსი კლინიკების აშენებას ისე, რომ ფულს არ ვისესხებდით, კერძო სექტორი ჩადებდა ინვესტიციას, ავაშენებდით და შემდეგ დაგაზღვევდით. ამაზე ოცნებაც კი არ შემეძლო.   

ამიტომ, დღეს არის ჩემი და თქვენი ახდენილი ოცნების დღე, ჩვენი შესრულებული დანაპირებისა და მიღწეული მიზნების დღე, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი მიზნების ძალიან მცირე ნაწილი.

ჩემი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში არ იყოს გაჭირვებული, არ იყოს უპოვარი, არ იყოს უმუშევარი, არ იყოს უპერსპექტივო, უიმედო ადამიანი და მდგომარეობა და ამას ყველნი ერთად გავაკეთებთ.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)