Google+

სიახლეები

08.05.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი პრეზიდენტის ინიციატივივებზე საუბრით დაიწყო. გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, რომლებსაც მიმდინარე და განსახორციელებელი პროგრამების შესახებ ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა მათ კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც საქართველოში ყველა სტუდენტის ჯანმრთელობის დაზღვევას შეეხება. ამას გარდა, სექტემბრიდან ასი ათას დაზღვეულ სტუდენტთან ერთად სადაზღვევო სისტემაში ჩაერთვებიან ნულიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები და პენსიონერები. ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შედეგად, ქვეყანაში ასზე მეტი სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება, ეს კი საზოგადოების ყველა ფენისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პრესსპიკერის თქმით, "ჯანდაცვა ყველას" - ეს არის ის ამოცანა, რომლის უზრუნველყოფაც საქართველოს მთავრობისათვის  პრიორიტეტულია.

ბირიფინგის მიმდინარეობისას, მანანა მანჯგალაძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს შეეხო, რომელიც აგრარულ სექტორში ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრების შექმნას ითვალისწინებს. უახლოეს მომავალში ქვეყნის მასშტაბით 12 ცენტრი ამოქმედდება, რომელიც ადგილობრივ ფერმერებსა და გლეხებს შემდეგ მომსახურებებს გაუწევს: 42 სახეობის აგრო-ოპერაცია (ნიადაგის მოხვნა, მოსავლის აღება, კულტივაცია, დაფრეზვა, ბოსტნეულის თესვა);  შეღავათიან ფასად მოხდება შხამქიმიკატებისა და მექანიზაციის მარაგნაწილების რეალიზაცია;  საერთაშორისო და თანამედროვე სტანდარტების ტექნოლოგიების ათვისება; ახალი ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურება; სხვადასხვა ტიპის აგროოპერაციების წარმოების თაობაზე კონსულტაციის მიღება. ამასთან, ფერმერები მიიღებენ ხუთი სახის ლაბორატორიულ მომსახურებას: ნიადაგის ანალიზი, ცხოველთა მოვლის, კვების და დაავადებების გამოკვლევა, თესლის ხარისხის და შხამქიმიკატების ანალიზის ლაბორატორია და კლიმატური პირობებისა და პროგნოზირების ლაბორატორია. პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სერვისცენტრების  მშენებლობა მალე დასრულდება აბაშაში, ზესტაფონში, ოზურგეთში,  სამტერედიაში,  დედოფლისწყაროში,  ქარელში, კასპში, გურჯაანში, ამბროლაურში,  ახალციხეში, ბოლნისსა და მარნეულში.

ამას გარდა, მანანა მანჯგალაძემ დააანონსა კონფერენცია "ეკონომიკური   თანამშრომლობისა და სტაბილურობის  ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში", რომელიც ბათუმში 12 მაისს არის დაგეგილი.

ღონისძიება ეუთოს ასამბლეის ეგიდით იმართება და მასში 40-მდე ქვეყნის ორასამდე წარმომადგენელია ჩართული. კონფერენციას საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს და მასში მონაწილეობას  საქართველოს  პრეზიდენტიც მიიღებს. კონფერენციის ძირითადი მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება  და თანამედროვე ტენდენციების  გაცნობაა. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველო პირველად მასპინძლობს.

ბრიფინგის მიწურულს  პრესსპიკერმა მადლობა გადაუხადა ქართველ სამართალდამცვლებს, რომლებმაც თავიანთი ეფექტური მუშაობით შეძლეს ზუგდიდში ტერორისტული აქტის თავიდაც აცილება.

"ის ფაქტი, რომ  ასაფეთქებელი ნივთიერებები რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული  ტერიტორიიდან იქნა შემოტანილი ადასტურებს, იმ აგრესიულ  ზრახვებს, რომელიც რუსეთის  ფედერაციას აქვს ჩვენი ქვეყნის,  ჩვენი ხალხისა  და ჩვენი საზოგადეობის მიმართ. ქართველი ხალხის სიყვარულიც ჯერჯერობით მხოლოდ  ჩვენი ხალხის სიცოცხლის, ჩვენი  საზოგადოების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში გამოიხატება", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)