Google+

სიახლეები

27.12.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა 2011 შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

მანანა მანჯგალაძემ დღეს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და განვლილ წელს მიღწეულ წარმატებებსა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ყურადღება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობაზე გაამახვილა, რომელიც მიმდინარე წელს  ახალ ფაზაში გადავიდა.

„ამ მხრივ, საყურადღებო იყო ალიანსის გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი და ის შეფასებები, რომლებიც მან საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა. მნიშვნელოვანია, რომ ანდერს ფოგ რასმუსენმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ მთელ რიგ დარგებში მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ასპექტში.  საყურადღებო იყო ასევე ნატო - საქართველოს კომისიის სხდომა და ის მოსაზრებები, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლოსაა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრინებასთან, ვიდრე გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იყო“ - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია წლის დამლევს მიღებული გადაწყვეტილება ყოლისმომცველი და თავისუფალი სავაჭრო - ეკონომიკური ხელშეკრულების შესახებ, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ შეთანხმებას, რომელიც სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და უვიზო რეჟიმზე გადასვლის პერსპექტივის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას ითვალსიწინებს.

ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა სხვადასხვა პოლიტიკოსების საქართველოში განხორციელებულ ვიზიტებზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება პრეზიდენტ სარკოზის თბილისში ვიზიტსა და მის გამოსვლაზე გაამახვილა.

ერთ-ერთი თემა, რომელსაც ტრადიციულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძე შეეხო, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია იყო, რომელიც, პრესსპიკერის თქმით, საქართველოსა და ევროკშირს შორის შემდგომი დაახლოების მყარ საფუძველს ქმნის იმ პერსპექტივით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც პრესსპიკერმა განაცხადა, საყურადღებოა ისიც, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ აღიარა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის ფაქტი.

„ამ თვალსაზრისით, 2011 წელი გამორჩეული იყო. არაერთმა სახელმწიფომ და არაერთმა პარლამენტმა აღიარა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფაქტი. აქვე გამოვყოფდი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას. საყურადღებო იყო პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვანი შეფასებებიც საქართველოს თაობაზე. ამას გარდა საქართველო აგრძელებს  თანამშრომლობას ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

საგარეო ურთიერთობების მხრივ, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ 2011 წელი მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის განმტკიცების თვალსაზრისითაც წარმატებული იყო.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ქვეყნის შიდა პოლიტიკის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განვლილი წელი საქართველოსათვის განსაკუთრებული იყო წარმატებული რეფორმებისა და ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელების მიმართულებით. მანანა მანჯგალაძემ განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და იუსტიციის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, წლის დამლევამდე  განხორციელბული რეფორმის შედეგად, რამდენიმე საერთაშორისო სააგენტომ საქართველოს უმაღლესი შეფასება მისცა, რაც შესაბამისად აისახა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე. 2011 წელს ქვეყანა 6,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით  ასრულებს. მანანა მანჯგალაძე საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და, შესაბამისად, ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ წელს საქართველოს 3 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავდა.  

„შეიძლება ითქვას, რომ რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო ლიდერობს. სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, ყოველთვიურად სტუმრობს დელეგციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. უცხოელები ეცნობიან იმ რეფორმებსა და გამოცდილებას, რომელიც მათთვის სანიმუშო გახდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით, დანაშაულისა და უსაფრთხოების მხრივ, განხორციელებული კვლევის თანახმად, საქართველო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო გახდა, რაც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისათვის, ისე ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

მან განსაკუთრებით გამოყო საქართველოს ქალაქებისა და რაიონების სარეაბილიტაციო სამუშაოები, აღნიშნა, რომ  ფუნქციონირება დაიწყო განახლებულმა კურორტმა საირმემ, გრძელდება ბორჯომის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყო გორისა და  ზუგდიდის რეკონსტრუქცია. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ დასრულდა ისტორიული გზის მშენებლობა, რომელმაც შეიძლება, ითქვას ზემო სვანეთი დაუკავშირა დანარჩენ საქართველოს. ამან მოსახლეობას გაცილებით მოკლე დროში, ბევრად უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება მისცა. ამას გარდა, უფრო მარტივი გახდა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.

მანანა მანჯგალაძემ მოკლედ განიხილა ჰოსპიტალური სექტორის განვითრების პროგრამა, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიეექტების მშენებლობა.   

ზემოაღნიშნულის გარდა, პრეზიდენტის პრესსპიკერმა არსებულ პრობლემებსა და 2012 წლის გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება, როგორც მან განაცხადა, საქართველოს  მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მომავალ წელს საპენსიო რეფორმა კვლავაც გაგრძელედება და, ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება პენსიონერების დაზღვევას დაეთმობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო 5 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო დაზღვევასაც უზრუნველყოფს.

მანანა მანჯგალაძემ სამომავლო პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2012 წელს გაგრძელდება დევნილი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემა, მათთვის სახლების მშენებლობა და გარემონტება. პრესსპიკერის თქმით, მომავალ წელს დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იგეგმება ბათუმში, წყალტუბოსა და ზუგდიდში.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ 2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია.

„საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის თანამშრომლობა და ურთიერთობა მყარი  გარანტიის  საფუძველს გვაძლევს, რომ 2012 წლის შემოდგომით დაგეგმილი არჩევნები გასული წლების მსგავსად, სამართლიანობის, თავისუფალი არჩევნების ფუნდამენტური პრინციპების სრული დაცვით, თავისუფალ, კონკურენულ პირობებში ჩაივლის და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს ქვეყენას როგორც თავისუფალი სამყაროს ნაწილს“ - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)