Google+

სიახლეები

27.04.2011
საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში საგაზაფხულო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს კახეთს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა, სახნავ-სათესი მიწები დაათვალიერა და ფერმერთა სახლში მხარის გუბერნატორსა და გამგებლებს შეხვდა. საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ინტენსიურ სოფლის მეურნეობაზე უნდა გადავიდეს. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, კახეთში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი იმყოფებოდა.

„ჩვენისთანა ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად მიწათმოქმედების ქვეყანაა და სადაც სახნავ-სათესი მიწა მეოთხედია, ამ მიწის მხოლოდ 60 პროცენტს ვამუშავებთ. რეალურად, სახნავ-სათესი პოტენციალი უზარმაზარი გვაქვს და ის კიდევ უნდა გავზარდოთ. ჩვენ უნდა გადავიდეთ ინტენსიურ სოფლის მეურნეობასა და ინტენსიურ მეცხოველეობაზე", აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი მიწის გადასახადით უკმაყოფილო ადამიანებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანას გასაცდენი მიწა არ აქვს.

„ყოფილმა პროკურორმა, პოლიციის ყოფილმა უფროსმა ან მოადგილემ, გამგებლის ყოფილმა მოადგილეებმა 90-იან წლებში 200-ობით ჰექტარი მიწა აიღეს. მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე აღარ იყვნენ, ამ მიწით არჩენდნენ საკუთარ თავს და ოჯახს - სხვას არაფერს არ აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, ალბათ, დღე და ღამე მთავრობას აგინებდა. გაშვებული ჰყავდათ თავისი 20 ძროხა და აცდენდნენ 200 ჰექტარ მიწას.  თურმე, ამ ერთი გაქსუებული ყოფილი ჩინოვნიკის ოჯახის გამოკვებას და გაუმაძღარ მუცელს დანარჩენი საქართველო უნდა გადაყვეს. როდესაც ცდება საუკეთესო მიწის 200 ჰექტარი, დაახლოებით, ხუთასი ან ათასი სხვა ოჯახი ვერ იღებს საკვებს დროულად. მინდა შეგახსენოთ ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლოზუნგი - 5 ჰექტარამდე მიწის გადასახადისგან განთავისუფლება - ნიშნავდა იმას, რომ მიწის რაოდენობის ზრდასთან ერთად პროგრესირებადი იყო გადასახადიც. ე.ი. თუ მიწას არ ამუშავებდი, მაშინ მისი შენახვა არ გიღირდა. მიწა იმისთვის არის, რომ დაამუშავო.  რამდენადაც არ უნდა გაძვირდეს საწვავი, იმ პირობებში, როცა ტექნიკა შემოვიყვანეთ,  ყველაფერი ცენტრალიზებული გახდა და ეს აღარ არის 5-6 წლის წინანდელი ქაოტური მდგომარეობა, მიწის დამუშავება მომგებიანია. თუკი მას არ ამუშავებ, ან სურვილი არ გაქვს ან, უბრალოდ, ხელის განძრევა არ გინდა. ჩვენ გასაცდენი მიწა საქართველოში არ გვაქვს. ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან კარგი მიწა გვაქვს, რომელზეც შეიძლება ბევრი მოსავალი მოვიდეს. ამიტომ ამ მიწების 100 პროცენტი უნდა ავითვისოთ, რათა მეტი პროდუქტი შევქმნათ ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, იმას გარდა, რომ სოფლები ტექნიკით აღჭურვეს და სარწყავით უზრუნველყოფენ, ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რათა ხალხმა ფერმერული მეურნეობის სწორად წარმართვა ისწავლოს. მისი თქმით, კახეთი ძალიან აქტიურად ჩაერთო სიმინდის პროგრამაში. მაგალითად, ლაგოდეხში ძალიან ბევრი დაინტერესდა ამ პროგრამით და, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს ნახევარ მილიონზე მეტ შემოსავალს ლარებში. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, კახეთში 17 ათას ჰექტარზე ითესება სიმინდი, რაც უზარმაზარი შემოსავლის წყარო გახდება.  ბაკურ კვეზერელის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით მიწების დამუშავება უკვე 25 პროცენტით გაიზარდა, თუმცა საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება და, მისი ვარაუდით, წელს დამუშავებულ ფართობები 35 პროცენტით მეტი იქნება.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კახეთი ყველა მიმართულებით, ქვეყნის სანიმუშო რეგიონი უნდა გახდეს.

„ის, რომ გაჩნდა ფერმერთა ცენტრები, მაღაზიები, სწავლულ აგრონომებს ვუშვებთ უცხოეთში, ვასწავლით, რაღაც პერსპექტივა ჩნდება. საქართველოში ახლა არის აგრარული მთავრობა იმ გაგებით, რომ ყველა მუშაობს სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებაზე ე.ი. ჩვენ ვართ აგრარული მთავრობის წევრები. ჩათვალეთ, რომ ეს არის აგრარული მთავრობის შტაბი. ასეთი შტაბების შექმნით მოვახერხეთ ის, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, მოვხსენით კრიზისის პრობლემა რთველისთვის. ასე უნდა ვიმუშაოთ ყველა მიმართულებით. მსოფლიო ბანკთან ერთად ჩვენ ახლა ვამუშავებთ პროგრამებს, ვიღებთ საქართველოს ერთ რეგიონს, კერძოდ, კახეთს და გვინდა, რომ ეს  რეგიონი სანიმუშო ადგილად ვაქციოთ ყველა მიმართულებით, პირველ რიგში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და, ზოგადად, სოციალური პირობების თვალსაზრისით. ეს ჩვენი ამოცანაა. ამ პროექტის განხორციელებას ვიწყებთ წელს და 2012-13 წლებში საქართველოში პირველი სანიმუშო რეგიონს მივიღებთ კახეთის სახით. ვიცი, რომ კახეთში ყველა რაიონში სხვადასხვა პრობლემებია. ზოგი რაიონი უფრო მეტადაა მიხედული, ზოგი, ობიექტური მიზეზების გამო, ნაკლებად; მათ შორის, რესურესების ნაკლებობისა და იმის გამო, რომ საწყისი პირობები უფრო მძიმე იყო. საბოლოოდ, მთელი კახეთი უნდა იყოს სანიმუშო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩვენ გარშემო ყველა ქვეყნისთვის. აქ აღარ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწები, აუთვისებელი ტურისტული და ენერგეტიკული ობიექტები. რაც მთავარია, აქ არ უნდა იყოს ღარიბი ხალხი. ყველა ღონისძიების განხორციელების შედეგად, ასეთი შემთხვევა, ალბათ, აღარც გვექნება. მათთვის, ვისაც სურს და შეუძლია შრომა, ვისაც უნდა შეუძლია მუშაობა, აქ, თითქმის, 100-პროცენტიანი დასაქმება უნდა იყოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კახეთის სახნავ-სათესი მიწები პრეზიდენტმა ვერტმფრენიდანაც დაათვალიერა. მიხეილ სააკაშილმა მთელ რეგიონს გადაუფრინა და ზემოდან ბაღჩეული კულტურების საზამთროსა და ნესვის ნათესებსაც მიაქცია ყურადღება. მისი თქმით, რეგიონს უკვე დაეტყო წინსვლა, საკარმიდამოებიც ბევრად მოიხნა უკვე და ახალი სასიმინდეებიც; მარცვლეული კულტურები აქ, პრაქტიკულად, დამუშავებულია. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, 2 წლის წინათ მიწის ძალიან დიდი ნაწილი დაუმუშავებელი იყო, მაგრამ წელს პროგრესი საგრძნობია.

„ხუთი წლის წინათ რომ გადავუფრენდი აქაურობას, მხოლოდ ტრიალ მინდორს ვხედავდი. აქ საერთოდ არაფერი არ იყო - არც ნათესები ჩანდა, არც დამუშავებული ნაკვეთები. ეს ადგილები, ალბათ, მხოლოდ საძოვრებად გამოიყენებოდა. 2 წლის წინათაც და შარშანაც მიწის ძალიან დიდი ნაწილი დაუმუშავებელი იყო. წელს უკვე დაეტყო პროგრესი", - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაკურ კვეზერელთან საუბრისას.

სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა მრავალწლიანი ნარგავები, ახლად გაშენებული თხილის პლანტაციები და ზეთის ხილის ბაღები დაათვალიერა. იგი შემოდგომაზე დათესილი ამერიკული ხორბლის ნათესებითა და ბოსტნებითაც დაინტერესდა.

დასასრულ, პრეზიდენტი ყვარელის რაიონის სოფელ ჭიკაანში ერთ-ერთ ფერმერს ამერიკული ხორბლის ყანაში  ესტუმრა. ზვიად მანძულაშვილს საკუთარ ნაკვეთში სარეველებთან საბრძოლველად ჰერბიციდი  შექონდა. პრეზიდენტი ფერმერის მოსავლიანობითა და შექმნილი პირობებით დაიტერესდა.

„თუ საძოვრებად გამოიყენებენ მიწას და 10 ჰექტარზე ეყოლებოდათ, დაახლოებით, 30  მეწველი  ძროხა, წლის განმავლობაში, მაქსიმუმ,  ხუთი- ექვსი ათასი ლარი ექნებოდათ  შემოსავალი. ხოლო იგივე ფართობის დამუშავების შემთვევაში შემოსავალი მინიმუმ გაათმაგდება. ამიტომ, მიწის საძოვრებზე გაცდენა, პრაქტიკულად, დაუშვებელია. აქ მოყვანილი ხორბლით, ძალიან დიდი საცხობი შეიძლება  მოამარაგო ფქვილით. ეს არის განსხვავება ინტესიურ სოფლის მეურნეობას, ექსტენსიურ მეცხოველეობასა და მხართეძოზე წამოწოლას შორის. ეს არის ერთადერთი ჩვენი მომავალი. შარშან საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე ვიყავი, სადაც ბევრი დაუმუშავებელ მიწა იყო. ამის შემხედვარე, იქვე ბირჟაზე მდგომ გლეხებს შევეკითხე: დაუმუშავებელი რატომ არის-თქო. მათ კი მიპასუხეს: ხელთუქმნელი სილამაზე მოგვცა ღმერთმა და ეს ასე უნდა დარჩესო. ეს არის განსხვავება ზოგიერთის ფსიქოლოგიასა და ამ ადამიანს შორის, რომელზეც მთელი საქართველო დგას. დიდი მადლობა. თქვენნაირი ხალხი გვაძლევს იმედს", - აღნიშნა პრეზიდენტმა ზვიად მანძულაშვილთან საუბრისას და დასძინა - „წელს მეხილეობითა და მებოსტნეობით საქართველოში შემოვა, დაახლოებით, მილიარდი ლარი. თუ ამ მაჩვენებელს ოჯახების რაოდენობაზე გადავანაწილებთ, რამდენიმე ასეული ლარი ან ათასამდე ლარი გამოვა მარტო ამ ორი მიმართულებიდან. ამას ემატება ხორბალი,  ვენახი, თხილი, ზეთის ხილი...  ასე რომ პოტენციალი არის ამოუწურავი და შემოსავლის, მინიმუმ, გასამმაგებაა შესაძლებელი".




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)