Google+

სიახლეები

31.03.2011
საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თბილისსა და ქუთაისში დაგეგმილ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. საბჭოს წევრებთან მიხეილ სააკაშვილმა არშემდგარი ტერაქტის შესახებ და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება.  

„როგორც იცით სამართალდამცავმა ორგანოებმა, საქართველოს პოლიციამ ძალიან კარგი ოპერაცია ჩაატარა და თავიდან ავიცილეთ კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული და დაფინანსებული ტერორისტული შეტევა მშვიდობიან ობიექტებზე ქუთაისში. მანამდე ჩვენმა სამართალდამცველებმა გახსნეს ჩვენი ოფიცრის, ვიცე-პოლკოვნიკ დიომიდე კორძაძის მკვლელობა ბათუმში. ასევე, გახსნილია ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდა საქართველოს რკინიგზაზე, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასა და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისის მახლობლად, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. სრულიად ნათელია, რომ ამ ყველაფერს ერთმანეთთან აქვს კავშირი. ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, რაც ხდება. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. უსაფრთხოების დონე და ის განსაკუთრებული სიმშვიდე, რომელიც რეგიონის სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩრდილოელ მეზობელთან შედარებით, ბოლო წლებში მოიპოვა საქართველომ, შენარჩუნებულია მიუხედავად გარე ძალების აშკარა მცდელობისა, რომ ყოველივე ეს ოდნავ მაინც შეერყია. თუმცა საჭიროა ჩვენი მოქმედებები გავაათმაგოთ.   მინდა მადლობა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც თავიდან აგვაცილა ის, რისი განხორციელებაც იყო დაგეგმილი ქუთაისში. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არც პირველია და არც ბოლო იქნება. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოების ზომები, უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და კიდევ უფრო უსაფრთხო გავხადოთ საქართველო. ეს არის ჩვენი მთავარი პლიუსი და ეს მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ. პრინციპში გასაგებია რა სქემით ხდება მოქმედება. წინა წლებში ეს სქემა ხორციელდებოდა ცხინვალის რეგიონიდან, ახლა სქემა გადააწყეს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებზე. კონტრტერორისტული ღონისძიებების თვალსაზრისით, ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე წინა წლებში ვიყავით.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ მხრივ მუშაობა უნდა გავაძლიეროთ, რათა მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)