Google+

სიახლეები

16.03.2011
საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთის საერთაშორისო და ამერიკული ძალების მეთაურს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ავღანეთის საერთაშორისო და ამერიკული ძალების მეთაურს გენერალ დევიდ პეტრეიასს შეხვდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, დევიდ პეტრეიასმა აღნიშნა, რომ შეხვედრა შედეგიანი იყო და ავღანეთში განლაგებულ ქართულ ძალებს მაღალი შეფასება მისცა. მისი თქმით, ქართველმა ჯარისკაცებმა ურთულესი სამუშაოები გაწიეს და ეს პროგრესი შეუქცევადია.

„ჩვენ მეტად პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. მე მოვახსენე საქართველოს პრეზიდენტს  ქართველი სამხედროების მიერ ავღანეთში გაწეული უმაღლესი დონის სამსახურის შესახებ. მე მაქვს უნიკალური გამოცდილება ვისაუბრო ქართველი სამხედროების მიერ შესრულებულ დიდ სამუშაოზე, რადგანაც მქონდა პატივი მეხელმძღვანელა მათთვის ერაყში სამსახურის დროს. ამ ძალიან რთულ რეგიონში მათ ნამდვილად შესანიშნავად შეასრულეს საკუთარი მოვალეობა. ისინი იგივეს აკეთებდნენ ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში - ერთ-ერთ ურთულეს ადგილზე. სწორედ ამ პროვინციაში ჩვენ ძალზე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ მე ვუთხარი კონგრესს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართული კონტინგენტი ჩვენთან რჩება. მახსოვს, როდესაც ერაყში პირველი ქართული ქვედანაყოფის გაგზავნა გადაწყდა, მე მათ ხელმძღვანელობას ვხვდებოდი. მათგან ველოდი გარკვეული პირობების დაყენებას, თუ როგორ გამოგვეყენებინა ქართველი ჯარისკაცები. მაგალითად, იმას, რომ ქართველებს ნაკლებად საშიშ ზონებში ემსახურათ ან რაიმე მსგავსი. ამის ნაცვლად, ქართველი ოფიცერი მოვიდა და მითხრა: „ბატონო გენერალო მინდა დარწმუნებული ვიყო, ჩვენი ძალები უსაფრთხოების მნიშვნელოვან მისიას შეასრულებენ რთულ ადგილებში". მე მოვიხიბლე. ეს იყო ძალიან, ძალიან რთული პერიოდი ერაყში და ქართველებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი. ისინი დაგვეხმარნენ ძალადობის აღკვეთაში. მათი დიდი დამსახურებაც არის ის, რომ ჩვენ შევძელით უსაფრთხოების მისია და ფუნქციები ერაყის ძალებისთვის გადაგვეცა. მიგვეცა ერაყელი ხალხისთვის იმედი, ის, რაც მათ უმრავლესობას უკვე დაკარგული ქონდა", - აღნიშნა დევიდ პეტრაიასმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კაპრალ ვალერი ვერსკიანის დაღუპვის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და განაცხადა, რომ მისია ავღანეთში საქართველოს ღირსებისა და მომავლის საქმეა.

„გენერალმა მითხრა, რომ ქართველები ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჯარისკაცები არიან მათ შორის ვისაც იქ ოდესმე უმსახურიათ. იგი ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც 47 ქვეყანა შედის. რამდენიმე დღის წინ დაგვეღუპა ჯარისკაცი, კაპრალი ვალერი ვერსკიანი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყოველი ასეთი დანაკარგი ჩემთვის, მართლაც, პირადი ტრაგედია და, რა თქმა უნდა, მძიმე დარტყმაა მისი ოჯახისთვის. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პროფესიონალი ჯარისკაცები ასრულებენ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან მისიას. ეს არის საქართველოს ღირსების, პრესტიჟის და მომავლის საკითხი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა და გენერალმა დევიდ პეტრაიასმა ისაუბრეს არა მარტო საქართველოს ქვედანაყოფების საქმიანობას ავღანეთში, არამედ იმ გლობალურ საკითხებზეც, რომლებიც გავლენას ახდენს როგორც შეერთებულ შტატებზე, ისე საქართველოზე. მათ ზოგადად მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიც.   

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილიც ესწრებოდა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)