Google+

სიახლეები

23.11.2010
საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„ნება მიბოძეთ, პრეზიდენტ სააკაშვილს ყველა მიღწევა მივულოცო. თქვენ ძალიან მამაცი ადამიანი ხართ და ამის შესახებ კარგად ვიცით, მაგრამ ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან წინდახედული პოლიტიკოსიც ბრძანდებით. სიმამაცე და წინდახედულება ერთმანეთს უნდა ავსებდეს და თქვენი განცხადების შემდეგ ცხადია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა", - ამ განცხადებით წარადგინა მედიის წინაშე იეჟი ბუზეკმა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოში გატარებულ რეფორმებს კიდევ ერთხელ უწოდა წარმატებული.

მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მას თბილი მიღებითვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარების მსგავსი მიდგომა, პასუხისმგებლობასა და ვალდებულების გრძნობას კიდევ უფრო ამძაფრებს. 

„ჩემთვის დიდი პატივი იყო მიმემართა ამ დიდი ასამბლეისთვის, რომელიც უნივერსალურ დემოკრატიულ ინსტიტუტს წარმოადგენს ევროპაში. მოკრძალებით მივიღე და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი ძალიან თბილი მიღებით პარლამენტარების მხრიდან. ეს განსაკუთრებული ამოცანის შესრულებას გვავალდებულებს - უნდა ვიყოთ მოწოდების დონეზე, რათა გავამართლოთ ის მოლოდინი, რომელიც ჩვენს მიმართ ამ უდიდეს პოლიტიკურ ინსტიტუტს აქვს.   

ეს უდიდესი პატივია იმიტომაც, რომ დღეს "ვარდების რევოლუციის" წლისთავია. საქართველოში რევოლუცია გადარჩა, გადარჩა, როგორც იდეა, როგორც ფორმა საბჭოთა მენტალობიდან, დახურული საზოგადოებიდან უფრო ღია, უფრო დემოკრატიულ, უფრო სტაბილურ საზოგადოებაზე გადასვლისა, რომელსაც პოზიტიური სამომავლო ხედვა აქვს - ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული მომავალი საზოგადოებისა. 

ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ განცხადების და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ ანგარიშის გასაკეთებლად, უკეთესი ადგილი არ არსებობს. ევროპის პარლამენტს უკვე მეორედ მივმართე. ეს პატივი მანამდე მხოლოდ დალაი ლამას ერგო. მას არ ვედრები, მაგრამ ეს ნამდვილად მეტყველებს ჩვენს მიმართ გამოჩენილ დიდი ინტერესსა და ჩვენთვის მინიჭებულ პრივილეგიაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.     

უცხოური მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ თუ როგორ ხედავ საქართველოს პრეზიდენტი ევროპის როლს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების საკითხში.

 „ინტეგრაციის გარდა, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით ამ ეტაპზე ევროპისგან ნამდვილად გვჭირდება, ესაა პირობების შექმნა იმისთვის, რომ რუსეთის ლიდერები მოლაპარაკებას დაუბრუნდნენ. არსებულ ვითარებაში რუსეთი არ აღიარებს საქართველოს საზღვრებს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას და ჩვენს მთავრობას. იმედია, რუსეთთან უფრო ცივილიზებული ურთიერთობა ჩამოყალიბდება თუ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს ამ ვითარების გამოსწორებას - რუსეთი მოლაპარაკებას დაიწყებს ამ მთავრობასთან, თანდათანობით შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას და იქამდეც მივალთ, რომ  საერთაშორისო სამართლის ნორმები სრულად აღდგება ჩვენს ტერიტორიაზე. ვიცით, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ თუ ეს პროცესი როდესღაც არ დაიწყება, შედეგს ვერ მივაღწევთ. ამ თვალსაზრისით, ევროპას უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია. ვფიქრობ, ჩვენ მათ ვუჩვენეთ, რომ ამისთვის მზად ვართ. ახლა მეტი თანამშრომლობით შეიძლება უკეთესი კლიმატის შექმნა. ეს ევროპელი პარტნიორების ინტერესებსაც შეესაბამება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.     

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მედიის შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს ის პრეზიდენტის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული ეს განაცხადი მთელ რეგიონში სტაბილურობის გარანტი იქნება.  ევროპა მიესალმება საქართველოს ამ ხედვას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

 „ეს ძალზე მნიშვნელოვანი და სრულიად ახალი წინადადებაა. ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის პასუხი. ეს არის რეგიონის სამომავლო სტაბილურიბისა და მშვიდობის გარანტია, რაც მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმებაში შემავალი ყველა ქვეყნისთვის და ჩრდილო კავკასიისთვის. ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველო არის ყოფილი საბჭოთა, კომუნისტური ქვეყნის - დემოკრატიულ და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად გარდაქმნის ძალიან კარგი მაგალითი. ჩვენ ეს ვიცით და საქართველოს შემთხვევაში მილოცვები აბსოლუტურად გამართლებულია,  რაც შეეხება სუსტ მხარეებს, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რათა საქართველო უფრო თავსებადი იყოს ევროკავშირთან და რადგან ეს ქვეყანა ძალიან მოგვწონს, საქართველოსთან ურთიერთობების შესანარჩუნებლად, ძალისხმევას არ დავიშურებთ. თავსებადობა აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმების წევრ სახელმწიფოსთან და ახლა ჩვენ რუსეთისგანაც ველოდებით რეაქციას. გასულ ივნისს 3 დღე გავატარე რუსეთში. ღრმა და ხანგრძლივი საუბარი მქონდა პრეზიდენტ მედვედევთან და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, ეს იყო სიღრმისეული მსჯელობა მომავლის და ასევე რუსეთის მოდერნიზაციის შესახებ; იმაზე, რომ აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება. ეს თემა ძალიან ახლოსაა თქვენს ამ ახალ წინადადებასთან და შეიძლება ერთმანეთის პარალელურად განიხილებოდეს; მე ასევე სერიოზული შეკითხვები დავსვი ჩრდილო კავკასიის შესახებ. ამ პრობლემაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვმსჯელობდით და იმედი მაქვს და მჯერა, რომ პრეზიდენტი მედვედევი მზადაა ამ პრობლემების გადასაჭრელად. ახლა შემდგომ რეაქციას უნდა დაველოდოთ. ევროკავშირი და, პირადად მე, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ დისკუსიაში, რადგან ეს საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონისთვის, არამედ მთელი ევროპისათვის", - განაცხადა იეჟი ბუზეკმა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)