სიახლეები
26.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განმუხურში პატრიოტული ბანაკი გახსნა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განმუხურში პატრიოტული ბანაკი გახსნა. პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ აფხაზეთში აუცილებლად ერთად დაბრუნდებიან ქართველები, აფხაზები და ოსები. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ ბანაკში ყველა ეროვნების ახალგაზრდა ერთად დაისვენებს.
"ჩვენი პასუხი ძალადობაზე არის სიმშვიდე, ერთიანობა, გაძლიერება და განვითარება. ჩვენი პასუხი მუქარის რიტორიკაზე არის მშვიდობისა და მეგობრობის შეთავაზება. ამიტომ მსურს ყველას ვუთხრა, რომ ეს არ არის ეთნიკურ ქართველთა ბანაკი. ამ ბანაკში ერთად დაისვენებენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, ბერძნები, ცხინვალელი ოსები და აუცილებლად ვიწვევთ ამ ბანაკში ოჩამჩირელ, გაგრელ და გუდაუთელ აფხაზებს. მსურს ნახონ, რომ მათი ქვეყანა - საქართველო არ არის ისეთი, როგორც მათ უყვებიან. საქართველო არის მრავალეთნიკური, მრავალი აღმსარებლობის მქონე ადამიანებისგან შემდგარი ქვეყანა, შემწყნარებლობისა და ერთიანი განვითარების ბრწყინვალე მაგალითი. აფხაზურ ეთნოსსაც საკუთარი იდენტურობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთი შანსი აქვთ ამ მრავალეროვან, დემოკრატიულ საქართველოში, რომელიც მათ ავტონომიური განვითარების მყარ გარანტიას მისცემს. მსურს ყველამ გაიაზროს, რომ რა გარანტიებიც არ უნდა მისცენ სხვებმა და რა გადაჯგუფებაც არ უნდა შესთავაზონ მათ, ეს აღარც ის საქართველოა, რომელიც პოზიციებს დათმობს და არც ის მსოფლიოა, რომელიც დაუშვებს 500 ათასი ადამიანის ჩაგვრას, რომლებიც საკუთარი სახლებიდან უკანონოდ გამოყარეს. ჩვენ დავბრუნდებით და მშვიდობისა და მეგობრობის მსგავს კერებს გავხსნით საქართველოს უკლებლივ ყველა წერტილში: გაგრასა და ფსოუდან - ჩოლოქამდე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური