საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განმუხურში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა
დღეს ლილოში ვხსნიდით ახალ ობიექტს - უზარმაზარ სამშენებლო ქარხანას და სწორედ იქ მივიღეთ ინფორმაცია, რომ განმუხურში ახალგაზრდულ- პატრიოტული ბანაკის ტერიტორიაზე, პოლიციის პოსტზე, რომელიც ამ ტერიტორიას იცავს, რუსეთის ეგრეთწოდებული სამშვიდობო კონტიგენტის წარმომადგენლების დიდი რაზმის მიერ, განხორციელდა თავდასხმა. სავარაუდოდ, ამ თავდასხმას რუსეთის სამშვიდობო ძალების 100- 150- მდე მებრძოლი ანხორციელებდა. ამჟამად იქ ახალგაზრდები არ იმყოფებიან.
განმუხურის ბანაკი ჩემთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი ადგილია. ამ ბანაკთან დაკავშირებით გაკეთებული მოხსენების თაობაზე, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივანთან ჩვენ ძალიან პრინციპული საუბარი გვქონდა.
ჩვენ კბილებით დავიცავით ეს ბანაკი და კარგია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამაც ეს პოზიცია გაიზიარა.
ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბანაკის იმ ტერიტორიიდან გადაადგილებას, რაც ზოგიერთს ყელში აქვს გაჩხერილი.
განმუხურში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის შემდეგ, გამოვიძახე პრეზიდენტის ვერტმფრენი და გავფრინდი განმხურში.
ჩემთვის ამ ბანაკის დაცვა, ამ ბანაკის დამცველების გვერდით დგომა და მხარდაჭერა პირადი ღირსების საკითხი იყო.
იქ რაც ვნახეთ, ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
რაც იქ მოხდა, იყო სრულიად მიუღებელი. ყველანაირი პროვოცირების გარეშე რუსეთის სამშვიდობოების დიდი რაზმი ჯავშანტრასპორტიორებით თავს დაესხა პოლიციის რაზმს, რომლის ფუნქცია საზოგადოებრივი წესრიგის ორგანიზება და დაცვაა.
მას შემდეგ, რაც ეს პოლიციელები აკონტროლებენ ამ ტერიტორიას, ყაჩაღობის და მკვლელობის ფაქტები აღარ არსებობს, ხალხმა ამოისუნთქა. დღეს ჩვენს პოლიციელებს ძალიან ღირსეულად ეჭირათ თავი, რაც კარგად ჩანს გადაღებულ კადრებში.
მათ განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ მშვიდობიან ფუნქციას ასრულებენ და მათ მიმართ პრეტენზია არავის არ შეიძლება ჰქონდეს.
ამის შემდეგ ხდება ნამდვილად კრიმინალური ყაჩაღური თავდასხმა, ამ ხალხის განიარაღება და სადისტური ცემა.
ვფიქრობ, ეს რომ ყოფილიყო საომარი მოქმედებები, ეს იქნებოდა, კვალიფიცირებული როგორც სამხედრო დანაშაული. ამ შემთხვევაში, ეს არის წმინდა წყლის სისხლის სამართლის დანაშაული დაფიქსირებული კადრებზე.
ვერავინ ვეღარ გვეტყვის რომ ჩვენ თვითონ ჩამოვაგდეთ ჩვენი რაკეტა, დაგვესიზმრა, რომ ჩვენი სოფლები დაბომბეს.
პირველად ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ ამ ეგრეთწოდებული სამშვიდობოების მიერ კრიმინალური აქტის ჩადენის კადრებს.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ამ სიტუაციაში ტელეკომპანია „რუსთავი-2" -ის ჟურნალისტის ემა გოგოხიას გმირული ქმედება. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ეს იყო ნამდვილი გმირული ქმედება. მათ მოახერხეს ამ კადრების დაცვა და გადმოცემა საკუთარი სისხლის ფასად. ამ გოგონას თავს დაესხა ორი ავტომატიანი „ყაზილარი" აგორავა ტალახში, თუმცა მან ეს კადრები გადაარჩინა.
ამ ყველაფრიდან დასკვნა არის ასეთი - ჩვენ ამ ბანაკს არ გავიყვანთ, ამის იმედი არავის ჰქონდეს. ეს არის მშვიდობიანი ბანაკი.
მომავალ წელს ეს ბანაკი გაიზრდება მინიმუმ ორჯერ, შესაძლოა მეტჯერაც.
ამ ზონაში გავაძლიერებთ ხალხის დაცვას და ჩვენი მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭო დაიწყებს სამშვიდობო პროცესის გადახედვას, მათ შორის ეს სამშვიდობოების მანდატსაც შეეხება.
ჩვენ ყველამ ერნთად ამ მიმართულებით უნდ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. აქ არის პარლამენტის დადგენილებები, დიპლომატიური პროცესი, კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან.
ვფიქრობ, მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და სამშვიდობო ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ.
დღეიდან გენერალი ჩაბანი ცხადდება არასასურველ პირად, ის ამჟამად იმყოფება საქართველოში და მან უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია.
ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ თანმიმდევრულ გადამწყვეტ მოქმედებებს - აფხაზეთში დევნილების დაბრუნების, მშვიდობის აღდეგნის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით.
ვფიქრობ, საქართველოს და სამეგრელოს მკვიდრნი მშვიდად უნდა იყვნენ. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი და მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება ბოლომდე დავიცვათ იქაურობა.
მინდა ვუთხრა დევნილებს აფხაზეთიდან - დრო, როცა ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში მალე მოვა, ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამ პროცესს ვერანაირი ძალები, ყველაზე უფრო უარყოფითი მსოფლიოში და სამეზობლოში, ვერ შეაჩერებს.
მინდა ვთქვა, რომ ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა თავის ჯარში ვინ იმსახურებს. ვფიქრობ, არასწორი და უცნაურია აფხაზეთში სამშვიდობო კონტიგენტში დიდი რაოდენობით ეთნიკური ჩეჩნების შემოყვანა.
მე დღეს ვნახე ეს ხალხი, ჩეჩნებთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, მართალი რომ ვთქვათ, ამ ყველაფერს პროვოკაციული სუნი ასდის.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ 1992 წელი განმეორდება, გაიხსენოს, შამილ ბასაევი სად დაბრუნდა და რა პრობლემები შეექმნა.
როგორ შეიძლება ერთი და იგივე ორმროში ერთი და იგივე ხალხი ჩავარდეს.
ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო, რომ ამ სამშვიდობო კონტიგენტის მნიშვნელოვნი ნაწილი იყვნენ ჩეჩნები. რუსეთის მოქალაქეები არიან და თავის ჯარში ვინც უნდა ამსახურონ, მაგრამ აფხაზეთში მათი გამოჩენა, არა მგონია ემსახურებოდეს რუსეთის ინტერესებს.
ჩვენ ამ ხალხს თბილად შევხვდით, ცუდიც ბევრი გვახსოვს, თუმცა ცუდს არ ვიმახსოვრებთ.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის 1992 წლის საქართველო. იმ ხალხისთვის, ვინც ისინი საქართველოში გამოაგზავნა, კარგი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო. მათ უნდა გაიხსენონ, თუ რა მოყვა 1992 წელს მათ შემოგზავნას საქართველოში. ჩვენ ჩეჩნებთან გვსურს თბილი ურთიერთობები, არ გვინდა კონფრონტაცია და პრობლემები.
ვფიქრობ, დღეს ეს ვყელამ დაინაა.
საქართველოს სამართალდამცავებმა და პოლიციამ იმოქმედეს ჩქარა და მკვეთრად.
ამიერიდან ასე იქნება!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური