Google+

სიახლეები

21.11.2007
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყების დოკუმენტს მოაწერეს ხელი

მარაბდაში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყების ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ესწრებოდნენ. პროექტი 98 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის ყარსი-ახალქალაქის მშენებლობასაც ითვალისწინებს. აღნიშნული რკინიგზის 68 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო 30 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის, დაგეგმილია ახალქალაქი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის რეკონსტრუქციაც.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ რკინიგზით საქართველო „სატრანსპორტო ფანჯარას ჭრის ევროპაში".

„სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს არის სატრანსპორტო ფანჯარა ევროპაში. სხვათა შორის, არავის სჯეროდა, რომ მოხერხდებოდა ამ პროექტის განხორციელება, მაგრამ ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, ეს შევძელით,' - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, იმ დროს, როდესაც ჩაკეტილია აფხაზეთის რკინიგზა და სატრანსპორტო მაგისტრალები არც რუსეთის მიმართულებით არ მოქმედებს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და ეს იქნება ევროპისკენ ყველაზე უსაფრთხო გზა.

„საქართველო გამოდის ჩიხიდან, საქართველო დგება ფეხზე. ჩვენი ქვეყანა ევროპას უკავშირდება. ჩვენ ვუკავშირდებით სტამბოლს, პარიზს, ლონდონს და ევროპის ყველა ქალაქს," - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ რკინიგზის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება. "ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი არის გრანდიოზული პროექტი. მისი მეშვეობით საქართველოში არა მარტო დასაქმდება მოსახლეობა, არამედ განვითარდება ის რეგიონები, რომლებიც, პრაქტიკულად, ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებიდან ამოვარდნილი იყვნენ. ამ პროექტის განხორციელება ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩაიდება მეტი ახალი ინვესტიციები, ხოლო ჩინეთის ტვირთების უმეტესობა წამოვა საქართველოზე ",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი გრანდიოზული პროექტის განხორციელება მხოლოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობითა და ურთიერთგაგების შედეგით შეიძლება იყოს მიღწეული.

"საქართველო ხდება ევროპის ნაწილი არა მარტო კულტურულად და ისტორიულად, არამედ გეოგრაფიულადაც. დარწმუნებული ვარ, რომ რკინიგზის მშენებლობა ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადისას დასრულდება და მატარებლის პირველი მგზავრი მე ვიქნები,' - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ამ ფაქტს ისტორიული მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ ეს რკინიგზა ბედნიერებას მოუტანს ქართველ, თურქ და აზერბაიჯანელ ხალხს. "სარკინიგზო ხაზი ჩვენ ქვეყნებს ბედნიერებას მოუტანს. მას უდიდესი ძალა აქვს, რომ ისტორია შეცვალოს", _ განაცხადა გიულმა. მისივე თქმით, ამ პროექტს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სარკინიგზო მაგისტრალის სახით ისტორიული აბრეშუმის გზა გაცოცხლდება, ჩინეთი დიდ ბრიტანეთს დაუკავშირდება. ამ პროექტისთვის ყაზახეთის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

"პროექტი ხელს შეუწყობს სამი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ცხოვრების დონის ამაღლებას. იმედი მაქვს, რომ კავკასიის რეგიონში კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება", _ აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ამ რკინიგზამ სამუდამოდ დაუკავშირა ერთმანეთს ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი ხალხები. ალიევის თქმით, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, სამივე ქვეყნის მთავრობებმა გამონახეს რესურსები და დაიწყო იმ პროექტის განხორციელება, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო. ალიევი იმედოვნებს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობით სამი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ცერემონიის დასასრულს სამივე ქვეყნის პრეზიდენტებმა რკინიგზის მშენებლობის დაწყების დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

დღესვე სასტუმროში"შერატონ მეტეხი პალასი" გაიმართა ქართულ-თურქული ბიზნეს-ფორუმი, სადაც საქართველო-თურქეთს შორის 'თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებისა' და 'ორმაგი დაბეგრვის თავიდან აცილების' შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა.

ფორუმს ორივე ქვეყნის პრეზიდენტები, ეკონომიკური განვითარების მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

'დღეს ვაწერთ ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რაც წარმოუდგენელი იყო და ამის შემდეგ საქართველო გაიტანს თავის პროდუქციას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად და სწრაფად მზარდ თურქეთის ბაზარზე იმ პირობებში, როცა საქართველოს მთავარი საექსპორტო რუსეთის ბაზარი დაიხურა,' - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბიზნეს-ფორუმზე და თურქეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა დახმარებისა და მეგობრობისათვის. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თბილისი აღარ არის ჩიხი და საქართველო რელსებზე დგება. მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ქართული მონაკვეთის მშენებლობის დაწყება ნიშნავს, რომ თბილისი "აბრეშუმის გზის" მთავარი წერტილის როლს იბრუნებს.

"ჩვენ რკინიგზით დავუკავშირდებით ევროპის ყველა დედაქალაქს. საქართველო რელსებზე დგება და ამ რელსებზე ყველას გავუსწრებთ. ჩვენ ვერავინ ჩამოგვწევს, როგორც ეს ზოგიერთს ბოლო თვეებსა და დღეებში ეგონა", - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი თავისუფალი ვაჭრობის ერთიანი დიდი ზონა იქნება.

როგორც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ-თურქულ ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა, სამივე ქვეყნის ლიდერი იზიარებს ხედვას იმის შესახებ, რომ საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა დიდი ეკონომიკური ერთიანობა უნდა შექმნან.

საქართველოს ყველა მეწარმისა და მოქალაქისთვის თურქეთის ბაზარი ღია იქნება. ამის შესახებ თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ განაცხადა.

"ეს ნიშნავს სერიოზულ ეკონომიკურ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის. ეს არის წამახალისებელი ფაქტორი და ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობისთვის",-აღნიშნა გიორგი არველაძემ.

საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილი და აბდულა გიული პირისპირ შეხვდნენ, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ დღეს გაფორმებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის 2006 წლიდან დღემდე ორჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, ხოლო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 10-ჯერ გაიზარდა მგზავრთა ნაკადი.

პრეზიდენტმა ბათუმის აეროპორტის მშენებლობაში თურქეთის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბათუმი ცოტა ხნის წინ ჩიხი იყო, ხოლო ახლა ამ ქალაქიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში რეისები სრულდება. სააკაშვილის თქმით, ასეთივე ცენტრი სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტი გახდება. სააკაშვილმა ასევე ორ სახელმწიფოს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, უახლოეს თვეებში თურქეთის ტერიტორიაზე ოშკის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია დაიწყება.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში თურქეთის პოზიტიურ როლზე ისაუბრა.

როგორც სააკაშვილმა თავის თურქ კოლეგასთან აბდულლაჰ გიულისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თურქეთი რეგიონული კონფლიქტების გადაწყვეტაში დადებით როლს თამაშობს.

მისი თქმით, თურქეთის მთავრობამ ოფიციალურად აკრძალა აფხაზეთის ტერიტირიაზე რაიმე ქონების შეძენა და ინვესტიციების განხორციელება.

"ეს არის ნამდვილი მეგობრის გადაწყვეტილება, რომელსაც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება სურს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

აბდულა გიულის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ და პოლიტიკურ მთლიანობას. მისი განცხადებით,

თურქეთში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ვიზიტი სწორედ თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად გაუქმდა.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებზე თურქი დამკვირვებლების ჩამოსვლის საკითხიც განიხილა.

პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დემოკრატიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო ისეთივე დემოკრატიული ქვეყანაა, როგორც თურქეთი.

"ჩვენთან აქტიური ოპოზიციაა, ტარდება თავისუფალი არჩევნები", - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მორიგი თავისუფალი არჩევნები ქვეყანაში 5 იანვარს ჩატარდება.

დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტთან ერთად შავი ზღვის უნივერსიტეტს ესტუმრა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)