Google+

სიახლეები

25.09.2013
საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრს ედი რამას შეხვდა.  მხარეებმა  ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში პარტნიორობის მიმართულებები განიხილეს. თავის მხრივ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის მართველობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა.   

„ჩვენი მეგობარი საქართველოს პრეზიდენტი გმირია ალბანეთის ახალგაზრდა თაობის პოლიტიკოსებისთვის. ძალიან დიდია მისი ღვაწლი ქვეყნის წინაშე. ჩვენ კი დაგვიმტკიცა, რომ  შეუძლებელი არაფერია, თუკი ადამიანს აქვს მტკიცე ხედვა და უნარი, მიჰყვეს მას. ამავე დროს ჩვენ გაგვიმართლა, რადგან მისი გამოცდილებიდან ბევრს ვსწავლობთ და შეგვიძლია ერთმანეთს საკუთარი იდეები გავაცნოთ. დაბოლოს, მოხარული ვარ, რომ შემიძლია გავუზიარო მას ჩემი შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მარტივ პოპულიზმსა და მარტივ რიტორიკას სამყაროს შეცვლის თაობაზე, რაც, საბოლოოდ, შეიძლება,  კოშმარად იქცეს“, - განაცხადა ედი რამამ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი მზადაა მას შეძენილი გამოცდილება  გაუზიაროს და მომავალში მჭიდროდ ითანამშრომლოს სხვადასხვა მიმართულებით. მიხეილ სააკაშვილმა ედი რამას წარმატებები, ხოლო მის ქვეყანას წინსვლა უსურვა.       

„ის ევროპული პოლიტიკის სუპერვარსკვლავია. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, რადგან ორივეს ერთნაირი გამოწვევები გვქონდა - სიღარიბე, უიმედობა, ცვლილებებისთვის საზოგადოებრივი ენთუზიაზმის უკმარისობა და გამოუცდელობა, ასევე კომუნიზმის, კორუფციისა და კრიმინალის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. ვფიქრობ, ალბანელებს გაუმართლათ, რომ ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავთ, ევროპას კი გაუმართლა, რადგან ასეთი ახალი ლიდერი ჰყავს. ჩვენ განვიხილავდით იმ გზებს, რომელთა საშუალებითაც გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია. პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა საქართველოს საჯარო სექტორისა და პოლიციის რეფორმით. ჩვენ მოხარული ვიქნებით ისინი ექსპერტებით მოვამარაგოთ. გვინდა მას ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. ჩვენ ქვეყნებს შორის ბევრი მსგავსებაა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ალბანეთის პოლიტიკა ამჟამად გაცილებით უკეთესია და წარმატების უკეთესი შანსი გაქვთ... საქართველომ რეფორმების მთელი სკოლა შექმნა, რითაც მართლაც შეგვიძლია ვიამაყოთ. თავად მოისმინეთ, რა განცხადა ერთ-ერთი ცენტრალური ევროპული ქვეყნის პრემიერმა. ეს ჩემი პიარი არ არის... საქართველო უკვე ბრენდია მთელ მსოფლიოში. ისეთი რამ შევქმენით, რომ მთელი მსოფლიო შემოგვნატრის, განსაკუთრებით ევროპა. ნუ გადავაყოლებთ ღვარძლსა და ბოღმას იმას, რაც საქართველოს მთავარი უპირატესობაა, საქართველოს უკვე მთელი მსოფლიო იცნობს იმით, რაც წინა წლებში შევქმენით. შეიძლება ზოგიერთის გადმოსახედიდან ეს სიკეთე ბოლომდე ვერ მიიღო ყველამ, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანამ ნამდვილად  მიიღო. ამიტომ, მიღწეულს უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ჩვენი წარმატებული რეფორმები არის ჩვენი ქვეყნის პასპორტი უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

შეხვედრისას, ლიდერებმა რეგიონში არსებული მდგომარეობაც განიხილეს და უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, ალბანურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)