Google+

სიახლეები

29.06.2013
მიხეილ სააკაშვილი: „საქართველოს ეკონომიკის და, შესაბამისად, ქვეყნის  საქართველოს უსაფრთხოებისა და მომავლის გადასარჩენად, საჭიროა ენერგიული ნაბიჯების გადადგმა“

მოგესალმებით.

მინდა მოგმართოთ იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, რომელიც გამოაქვეყნა სტატისტიკის დეპარტამენტმა - მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ნულ პროცენტამდე ჩამოვიდა.

იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში ეს მაჩვენებელი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე რეგიონებში, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რეგიონებში დაწყებულია ფართომასშტაბიანი ეკონომიკური სტაგნაცია.

შევარდნაძის პერიოდის შემდეგ - მხოლოდ 2008 წელს, ომისა და ეკონომიკური კრიზისის წელს იყო ერადერთი გამონაკლისი, თორემ საქართველო ასეთ ეკონომიკური მაჩვენებლების პირობებში არ ყოფილა, საქართველოს ეკონომიკა არ ყოფილა ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეგნებულად ვიკავებდი თავს ეკონომიკური ინიციატივებისგან, ეკონომიკის თემაზე დეტალური კომენტარებისგან, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყველაფერს პირიქით გააკეთებდა. ისეთი რეაქცია აქვს ყველა ჩემს წინადადებაზე,  რომ ყველაფერი საწინააღმდეგოდ უნდა გააკეთოს.

თვისთავად, ეს უჩვეულო მდგომარეობაა, მაგრამ სამწუხარო რეალობაა.

ახლა ეს უკვე აღარ არის ეკონომიკური და რაღაც მიმდინარე პოლიტიკური საკითხი.

თუ საქართველოს ეკონომიკის განადგურება იმ ტემპით გაგრძელდება, რა ტემპითაც პროცესი, სამწუხაროდ, ახლა მიმდინარეობს, ეს უკვე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი გახდება. ამით ძალიან ადვილი ლუკმა გავხდებით საქართველოს არაკეთილმოსურნეების, საქართველოს დამპყრობელისთვის.

რამდენიმე საკითხია, რამაც გამოიწვია საქართველოს ეკონომიკური ზრდის ასეთი შეჩერება და რის გამოც საქართველოს აღმოჩნდა სტაგნაციის პირას.

პირველი, ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება; ეს არის ლაზიკის პორტის მშენებლობის შეჩერება; ეს არის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის, ფაქტობრივად, შეჩერება, რადგან მისი მშენებლობა წელს უნდა დამთავრებულიყო, მინიმუმ, მომავალი წლის დამლევამდე გადადებულიყო და რა ტემპითაც მიდის ეს ნიშნავს ფაქტობრივად შეჩერებას; ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერებას.

ეს არის ერთი მიზეზი.

მეორე მიზეზი არის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის მკვეთრი გაუარესება და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს  ინვესტორებზე.

ჩვენი ქვეყნის მიმართ ისეთი კრიტიკა, როგორიც ახლა - თუნდაც ბოლო თვეებში, ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში გვესმის, უკვე მრავალი წელია, შევარდნაძის პერიოდის შემდეგ არ მსმენია.  

ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს საქართველოში ინვესტიციების შემოსვლაზე.  

შემდეგი მიზეზი არის ვითარების გაუარესება საკანონმდებლო მიმართულებით - მაგალითად, შრომის კოდექსი, რომელიც ნამდვილად არ ასახავს საქართველოს ეკონომიკურ რეალობას და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც კანონმდებლობაში შევიდა ცვლილების სახით, მკვეთრად აუარესებს სიტუაციას.

კიდევ ერთ-ერთი მიზეზი არის კრიმინალური ფონის მკვეთრი გაუარესება - კრიმინალების ციხიდან გამოშვება და ა.შ.

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ეკონომიკაზე.

ამიტომ, საქართველოს მთავრობისადმი ჩემი მოწოდება და რჩევა (თუკი ვინმეს ამ რჩევის მოსმენა უნდა) იქნება:

უპირველეს ყოვლისა, უნდა განახლდეს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტები. საქართველოს ჭირდება ახალი დიდი პორტი. ჩვენ ძალიან დიდი ტვირთების გადმოტანის შანსი გვქონდა ავღანეთიდან. ამ სტაგნაციის ნაცვლად, ჩვენ გვქონდა მკვეთრი ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარების შანსი - სამეგრელოსთვის, გურიისთვის, მთელი დასავლეთ საქართველოსთვის ეს პორტი არის ამოსუნთქვა.

მეორე - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა. ვიცი, რომ  ეს გადაწყვეტილი აქვთ ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოტანა ბათუმიდან.

ეს პროექტები, უპირველესად, ამ რეგიონებისა და მთლიანად საქართველოს განვითარებისთვის ხორცილედებოდა.

დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი საკანონმდებლო ცვლილებებზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც შეეხება შრომის კოდექსს.

დაუყოვნებლივ უნდა განვიხილოთ ეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზაცია, ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ ადრე შევიტანეთ პარლამენტში.

უნდა განვიხილოთ ასევე ამნისტიის საკითხები, რადგან ამ საგანგებო ვითარებაში ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის სტიმულირებას.

უნდა განახლდეს სხვა პროექტები, მაგალითად, მესტიის ტურისტული პროექტი, წყალტუბოს პროექტი, არა იმ მასშტაბით, რომელიც დღეს არის, არამედ ბევრად დიდი მასშტაბით, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული.

ეკონომიკას დღეს კიდევ უდგას სული ჩვენ მიერ დატოვებული ტურიზმით. ტურიზმის მიმართულებით  გარკვეული ზრდა გრძელდება, მაგრამ ეს არის ბევრად ნაკლები, ვიდრე ჩვენ მოველოდით.

თბილისში ყოველთვის იქნება ტურისტი, მაგრამ ბათუმი, რომელიც არის ცალკე პროექტი და წინსვლისთვის მუდმივად სჭირდება სულის შებერვა.

ბათუმში წელს მკვეთრად დაიკლო ტურისტების რაოდენობამ. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ წლებში კიდევ უფრო ცუდად წავა საქმე. ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ რამე ამ მდგომარეობის შესაცვლელად.

ეს არის ის საკითხები, რომლებზეც რჩევის სახით, საქართველოს მთავრობასთან არაფორმალურად და არაოფიციალურად არაერთხელ გვისაუბრია.

იმედი მაქვს, ყველანი ერთად ვიმუშავებთ, რათა ხალხმა, განსაკუთრებით რეგიონებში, იგრძნოს, რომ არ არის მიტოვებული.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა, როგორც არასდროს, მოხდეს ეკონომიკის სტიმულირება.

წელს ერთიანი ეროვნული პროდუქტის 11 პროცენტიან ზრდას ვვარაუდობდით. შარშან, პრაქტიკულად,  გარანტირებული იყო 8 პროცენტიანი ზრდა. როგორ უნდა მოახერხო ის, რომ ყოველგვარი დიდი მსოფლიო კრიზისის გარეშე, საქართველოს ეკონომიკაში ყოველგვარი კოლაფსის გარეშე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 11 პროცენტიდან ნულ პროცენტზე ჩამოიყვანო - ამას მართლა განსაკუთრებული მოხერხება ჭირდება.

ეს აისახება ჩვენი ხალხის შემოსავალზე, ჯიბეზე, ყველაფერზე, ცხოვრების ყოველდღიურ მდგომარეობაზე.

ამ ვითრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა გამოფხიზლდეს, რადგან ჩვენ ამ მთავრობას რამდენიმე მილიარდი დავუტოვეთ, პრემიერ-მინისტრმა კი დახარჯა სრულიად გაუაზრებელ,  პოპულისტურ ეკონომიკურ ნაბიჯებში.

ჩაიყარა ფული უფასო ხვნის პროგრამაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მიწების უმეტესობა არ დათესილა და, პრაქტიკულად, მოსავალი არ იქნება.

მესმის, რომ ხალხს სიამოვნებს ის, რომ დამატებით 100-200-300 ლარი ოჯახს შეიძლება გაუჩნდეს ერთჯერადად, მაგრამ ის, რომ ამას საქართველოს განვითარება, სამწუხაროდ, არ მოყვება, ელემენტარულია.

როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი აპირებს, ჩვენი დატოვებული მილიარდები ამ პროექტებს „მიაფშვნას“ და მერე თქვას: მე წავედი ახლა სხვა მთავრობა რჩება და მე რაც შემეძლო უკვე მოგეცითო.

ის აძლევს იმას, რაც მას წინა მთავრობამ დაუტოვა - ეს არის საქართველოს განვითარების და მომავლის პროექტები.

ყველა პროექტი, პრაქტიკულად, მათი აბსოლუტური უმეტესობა დღეს გაყინულია, მათი განხორციელებისთვის განკუთვნილი ფული კი - გაფლანგული...

მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ამ ყველაფრის კვალდაკვალ, სწორად ახლა არის დრო, როდესაც მასშტაბურად უნდა ჩადოს, თუნდაც თავისი პირადი ფული, ეკონომიკის გავითარებაში.

თუ ახლა ეკონომიკა სპირალში შევიდა, მისი გამოყვანა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება ნებისმიერი შემდგომი მთავრობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ პირობებში, ასეთი მთავრობა დიდხანს ვერ გასტანს.  

ერთხელ შელახული რეპუტაციის აღდგენა ბევრად უფრო ძნელია.

შევარდნაძის დროს მთავრობას არ ქონდა არანაირი რეპუტაცია და ამიტომ დავიწყეთ ყველაფრის  ნულიდან დაწყება, მაგრამ როდესაც უკვე აშენებულია და იმას ანგრევ, აღდგენა არის ძალიან ძნელი.

საკითხი საქართველოს მომავალს შეეხება.

იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრი აცნობიერებს, რომ ამ მძიმე და არასწორი ეკონომიკური ნაბიჯების შედეგად, რომც წავიდეს მთავრობიდან, რეალურად, გვიტოვებს უსაფრთხოების ძალიან მძიმე ფონს და საქართველოს, პრაქტიკულად, აქცევს ძალიან ადვილ მსხვერპლად ქვეყნის დამპყრობლისთვის.  

იმედია, რომ ეს არ არის მისი განზრახვა.

ასე რომ, მზად ვარ, ამ თემებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას ვესაუბრო და ვიდრე გვიან არ არის, ყველა საკითხი დეტალურად გავიაროთ.

საქართველოს ეკონომიკის და, შესაბამისად, ქვეყნის  საქართველოს უსაფრთხოებისა და მომავლის გადასარჩენად, საჭიროა ენერგიული ნაბიჯების გადადგმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)