Google+

სიახლეები

22.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს პროგრესი და თავისუფლება როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის მიმართულებით“

ბოლო დღეების დაკავებებთან დაკავშირებით, მინდა მოგმართოთ ქუთაისში მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად.

კანონის უზენაესობა ერთ-ერთი მთავარი მცნებაა, რომელსაც თანამედროვე სახელმწიფოებრიობა ეფუძნება.

ჩემი ფუნქცია არ არის შევიჭრა სასამართლოს პრეროგატივაში, თუმცა ჩვენ ყველამ ვიხილეთ ტელევიზიით, რომ სასამართლოზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს ინტენსიური ზეწოლა ძალადობრივი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ელემენტების მხრიდან.

ისინი ცდილობენ მიაღწიონ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას - ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრებას.

ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ძალიან ბრძენი და დახვეწილია, მას მშვენივრად ესმის, რომ აქ არ არის ლაპარაკი კონკრეტულ სამართლებრივ ბრალდებებზე.

აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, თუ ვინ რომელ აგარაკზე ცხოვრობდა, ვინ ვის უხდიდა რაღაც ხელფასს.

თუნდაც ბოლო თვეების პროცესებმა, იგივე ახალაიას პროცესმა, საზოგაადოებას დაანახა, რომ პოლიტიკური მოტივით დაწყებული პროცესი მალე შედის სამართლებრივ ჩიხში.

ვფიქრობ, აქ არ სამართლდება კონკრეტული ქმედებები - რეალურად, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიას ვასამართლებთ.

ჩვენ ვასამართლებთ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებულ წარმატებულ მცდელობას, შეგვექმნა თანამედროვე სახელმწიფო იქ, სადაც ამას არავინ არ მოელოდა - კავკასიაში, საქართველოში, მანამდე ყველასგან მივიწყებულ, ძალადობისთვის განწირულ რეგიონში.

ვანო მერაბიშვილი, ზურა ჭიაბერაშვილთან და იმ ჯგუფთან ერთად, რომელსაც დღეს გასამართლებით ემუქრებიან, არის სახელმწიფოებრიობის წარმატებულად განხორციელებული იდეის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი.

ვანო მერაბიშვილის სახელი ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის, მთელი რეგიონისა და ჩვენს გარშემო მყოფი ქვეყნებისთვის ასოცირებულია წესრიგთან, სიმშვიდესთან, ჩვენი მოქალაქეების დაცულობასთან.

წინა დღეებში უცხოეთში მივლინებების დროს ვნახე, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერს  სურს პოლიციის წარმატებული რეფორმის ჩვენეული გამოცდილების გაზიარება.

ის, რომ ვანო მერაბიშვილს დღეს მის მიერ შექმნილი პოლიცია ხელბორკილებით დაატარებს, ის, რომ ეს პროცესები ძველი ნანგრევების ნაცვლად, ჩვენ მიერ აშენებულ თანამედროვე, განათებულ, ძალიან კარგად მოწყობილ სასამართლო შენობებში, სწორად აღჭურვილ, კარგად მომზადებული პერსონალის პირობებში მიმდინარეობს, თავისთავად, არ შეიძლება არ იყოს გარკვეული ისტორიული ირონიის გამოხატულება.

ასევე ზურაბ ჭიაბერაშვილი არის სიმბოლო თბილისში მრავალი ათწლეულისა და ასწლეულის განმავლობაში გამეფებული სრული კლეპტოკრატიის დასრულებისა.

მე ვიყავი თბილისი საკრებულოს თავმჯდომარე და ვიცი რა ხდებოდა თბილისის მერიაში, ვიდრე ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნებოდა.

მან წერტილი დაუსვა კორუფციას, ქურდობას და რეალურად დაიწყო ჩვენი დედაქალაქის აღმშენებლობა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეძლო ჩვენი დასავლური ვექტორის წინ წაწევა რუსეთთან ურთულეს მოლაპარაკებებში, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში მისი გაწევრიანების დროს, ისევე, როგორც ევროსაბჭოში, სადაც მან საოცარი ქმედებებით მოახერხა ოკუპაციის, როგორც ტერმინის დამკვიდრება; ასევე საქართველოს პოზიციების დამკვიდრება განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ.

ჩვენ ვასამართლებთ ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, რადგან, ჩემო მეგობრებო, შარშან ჩვენ შევქმენით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრეცედენტი უპრობლემო, მეგობრულ, კეთილგანწყობილ გარემოში.

ახლა ვქმნით პრეცედენტს, რომ ხელისუფლების ასეთი გადაცემა ძალიან საშიში ყოფილა ხელისუფლების გადამცემთათვის, რადგან ამ პროცესს მოყვა ღვარძლი, შური და შურისძიება.

ამგვარად, იმის ნაცვლად, რომ ეს პრეცედენტი გამოგვეყენებინა ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის შემდგომი გაძლიერებისთვის, ქართული სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისათვის, პრაქტიკულად, მივიღეთ პრეცენდენტი, რომ მომავალში ყველა დაფიქრდეს, ვიდრე დემოკრატიის განმტკიცებისთვის შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, რადგან ჩვენ ვასამართლებთ დასავლურ ორიენტაციას.

თქვენ დღეს ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, რომლებიც უკვე გაკეთდა.

ახლახან ვესაუბრე ევროკავშირის ელჩს, რომელიც ძალიან შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით და, დარწმუნებული ვარ, იტყვის კიდეც საკუთარ სათქმელს, მაგრამ გამოხმაურება ევროპიდან სულ უფრო მეტია.  

ის, რაც საქართველოში ამ პროცესებთან დაკავშირებით ხდება, სამწუხაროდ, არის პირდაპირი გზა საქართველოს საერთაშორისო დასუსტებისა და იზოლაციისკენ.

ამას მიანიშნებს ის ლოზუნგები, რომლებიც დღეს ისმის, ის შეტაკებები და ძალადობა, რომლებიც ქუჩაში გამოჩნდა, თავდასხმები, რომლებიც ხორციელდება მათ შორის, სხვადასხვა უმცირესობების მიმართ - იქნება ეს, რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური უმცირესობები თუ მათი ორგანიზაციები, ასევე ხმამაღალი გამოსვლები იმის თაობაზე, რომ, თურმე, ჩვენი ფასეულობები არ არის ევროპული.

მიმაჩნია, რომ ჩვენი ძირძველი, ქრისტიანული, მრავალსაუკუნოვანი ევროპული ტრადიცია - ქართული ტრადიცია და ევროპული ტრადიციები ერთი და იგივეა - ეს არის ჩვენი ევროპული მრწამსის გამოვლინება.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი უძველესი ევროპელები, ჩვენი ქრისტიანული წარსულისა და ამ  ფასეულობების გამო.

აი, ამ თავდასხმებმა, მოუთმენლობის გამოვლინებამ, დაბოლოს, ამ პოლიტიკურმა პროცესებმა, პრაქტიკულად, მიგვიყვანა იქამდე, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ განვითარების მთავარ ვექტორს.

თუ ჩვენ იზოლირებული აღმოვჩნით დასავლეთისგან, ჩვენს მთავარ ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება.

საქართველოს იზოლაცია დასავლეთისგან, ევროატლანტიკური სივრცისგან, რომელმაც 2008 წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა, ნიშნავს ქართული სახელმწიფოებრიობის გარდაუვალ დასუსტებას, გაუქმებას და, საბოლოოდ,  გაქრობას.

ამ თემაზე ყველანი ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ.

ყოველივე ამის ფონზე, მსურს მივმართო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, რომელიც პირადად იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს, რადგან მასთან ჩემი მუშაობის გადაწყვეტილება ასეთია:

თქვენც ისეთივე ქართველები ხართ, როგორიც ჩვენ! გამოვთქვამ იმედს, რომ არ თამაშობთ უცხოურ თამაშს, რადგან ამის სხვადასხვა ვარაუდი არაერთხელ გამოითქვა და თქვენც ისევე გსურთ საქართველოს წარმატება და გაძლიერება, როგორც ჩვენ.

მინდა მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ შიდა პოლიტიკური საკითხების გადასაწაყვეტად, ვიმოძრავოთ არა ძალადობის, შურისძიების, ურთიერთქიშპობის, მათ შორის, გარე მტერთან შეკვრის ტრადიციით (სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება საქართველოს აქვს), არამედ  ყველამ ერთად ვიამაყოთ იმ მიღწევებით, რომელიც თუნდაც მერაბიშვილმა, ჭიაბერაშვილმა და მსგავსმა ადამიანებმა შეძლეს.

არსებული ხარვეზები, რომლებიც უდავოდ არის, ერთად უნდა აღმოვაჩნოთ და გამოვასწოროთ.

ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ არა ხალხის დაპირისპირების გზით, რომელიც სიღატაკის, ძალადობისა და უპერსპექტივობისკენ არის მიმართული, ჩიხში შეგვიყვანს და ჩვენს ქვეყანას ადვილ ლუკმად გადააქცევს, არამედ უნდა ვიმუშაოთ ფართო საზოგდოებრივი თანხმობის  მისაღწევად.

ჩვენი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად, ჩვენი ევროატლანტიკური ვექტორის წინ წასაწევად და ჩვენს შექმნილ საძირკველზე ახალი შენობის დასაშენებლად, ჩვენ წარსულზე ნეგატიური კონცეტრირება მომავლის პოზიტიური რწმენით უნდა ჩავანცვლოთ.

ვილაპარკოთ იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის.

იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებთ ავმაღლდეთ ჩვენს პოლიტიკურ ქვენაგრძნობაზე და დავდგეთ ყოველივე ამაზე მაღლა.

დავდგეთ, თუნდაც, სამართლიან გულისწყრომაზე მაღლა, რადგან არაფერი არ შეიძლება იყოს იმაზე ცუდი, ვიდრე გულისწყრომაზე აწყობილი სახელმწიფო პოლიტიკა - ჩიხში მიმავალი გზა.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბევრი საერთო და თუ კარგად მოვძებნით, ვიპოვით კიდეც ბევრ საერთოს, თუნდაც შიდა პოლიტიკაში, საგარეო პოლიტიკაში, თუნდაც არაღიარების საკითხებში, რომელსაც ასევე უქმნის პრობლემას ის, რაც ახლა ხდება.

ჩვენ უნდა ვიაროთ წინ, უკეთესი საქართველოსკენ.

საბოლოოდ, ჩემი მიმართვის მთავარი ადრესატი ახლაც და მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ქართული საზოგადოება.

მე ძალიან ცოტა დრო მაქვს გატარებული ამ შენობაში, ამ კაბინეტში და ძალიან დიდი - ქართულ სოფლებში, საქართველოს ქალაქების უბნებში, ჩვენი თანამემამულეების, სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლების ოჯახებში.

საქართველოს მე ისევე ვიცნობ, როგორც საკუთარ ოჯახს და მინდა ვუთხრა ყველას: ოჯახში, შესაძლოა, გვქონდეს უთანხმოებები, შეიძლება, გვქონდეს განსხვავებები, განსაკუთრებით -  თაობებს შორის, მოსაზრებებს შორის, შესაძლოა, გვქონდეს ყოფითი პრობლემები. ეს ყველა ოჯახში ხდება, მაგრამ ოჯახის მთავარი მიზანი ერთიანობის შენარჩუნება და ჩვენი შვილებისთვის პერსპექტივის გაჩენაა.

ჩვენი შვილების ბედი შიდა კონფლიქტებსა და გულისწყრომას არ უნდა გადავაყოლოთ. ამ სასამართლო პროცესზე დღეს სწორედ ეს წყდება - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებელთა სასამართლო პროცესზე.

თავისთავად, ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია, სიმართლის მომენტი და საქართველოს მომავლის გზაგასაყარი.

ყველას მართებს დაფიქრება - გავერთიანდეთ და, ჩვენი პოზიციების მიუხედავად, მივხვდეთ, რომ გვაქვს ერთი სამშობლო და ერთი მომავალი.

ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს წესრიგი, პროგრესი და თავისუფლება როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის მიმართულებით.

ჩვენი ერთობით კი ამას აუცილებლად მივაღწევთ.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)