Google+

სიახლეები

24.03.2013
ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო, პრეზიდენტის სასახლეზე დროშას დაუშვებენ

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ბათუმში ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში შიმშილისა და გაჭირვების გამო ხალხი არ უნდა იხოცებოდეს. მისი თქმით, სოციალური პროგრამა უფრო მეტი დატვირთვით უნდა ამუშავდეს და უკიდურესად გაჭირვებულ ხალხს სახელმწიფო სათანადოდ უნდა ეხმარებოდეს. 

 „ბათუმში შიმშლით გამოწვეული დაავადებებისგან  გარდაიცვალა ერთი წლის ბავშვი, გოგიტა აბაშიძე. არ ვაპირებ, რომ ამაში ვინმეს ბრალი დავდო და ვინმე ხელაღებით დავადანაშაულო. მიმაჩნია, რომ ყველა უნდა დავუფიქრდეთ იმას, რაც მოხდა და კარგად შევისწავლოთ. უკიდურესად გაჭირვებულთათვის სოციალური დახარების პროგრამა ჩემი პრეზიდენტობის პირველ წლებში ამოქმედდა, მაგრამ ბოლომდე არასოდეს არ ვიყავი კმაყოფილი ამ პროგრამის მუშაობით, განსაკუთრებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამაზე ყურადღება არაერთხელ გავამახვილე. ერთელ სპეციალურად ჩავედი ბათუმში და ხალხს პასუხი ვაგებინეთ მაზე, რომ ეს პროგრამა სათანადოდ არ ხორციელდებოდა. ამ მხრივ, რთული ვითარება იყო წინა მთავრობის დროს და კიდევ უფრო მეტი სირთულე წარმოიქმნა ახალი მთავრობის პირობებში. ყურადღება  ამას წინათაც, რუსთავში ყოფნისას გავამახვილე იმ ფაქტზე, რომ ძალიან ბევრი ოჯახი არასათანადო ყურადღების გამო, უმძიმეს პირობებში ცხოვრობს და ამ პროგრამის მიღმაა დარჩენილი. აქედან გამომდინარე, კონკრეტულად ვინმეს დადანაშაულება ახლა არ იქნებოდა სწორი. ერთადერთი, რისკენაც მოვუწოდებ ახალი მთავრობის მინისტრებს და რისკენაც ყოველთვის მოვუწოდებდი, მათ შორის, წინა მთავრობის ხელმძღვანელებს - ნუ ისხდებით კაბინეტებში, გამოდით და თქვენ თვითონ იარეთ ოჯახ-ოჯახ და შეისწავლეთ გაჭირვებულების პრობლემები. ნუ დავადანაშაულებთ მათ, რომ რაღაც საბუთი ვერ მოაგროვეს, რაღაც ისე ვერ გააკეთეს... ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, უნდა ავუხსნათ, გავაკეთოთ და შევძლოთ ყველფერი, რათა მომავალში ასეთი რამ აღარასდროს განმეორდეს. 21-ე საუკუნეში არავინ არ უნდა კვდებოდეს შიმშილით, თუნდაც ჯერ კიდევ არგამდიდრებულ საქართველოში, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც იმის საშუალება ნამდვილად არის, რომ შიმშილით სიკვდილის პრობლემა არ დადგეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, გოგიტა აბაშიძის სიკვდილი უდიდესი ტრაგედიაა. მისი განკარგულებით, მწუხარების ნიშნად, პრეზიდენტის სასახლეზე დროშას დაუშვებენ. 
„დღეს გავეცი განკარგულება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის სასახლეზე ჩვენი მწუხარების ნიშნად დაუშვებენ დროშას. ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, თითოეული  ჩვენგანისთვის და ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა მომავალში მსგავსი ფაქტები ავიცილოთ თავიდან. გვერდზე დავუდგეთ და დავეხმაროთ საქართველოს ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს. გაჭირვება დღეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მტერია და თუ ყველანი ერთად დავდგებით, მტერს აუცილებლად დავამარცხებთ“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.   
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)