Google+

სიახლეები

21.03.2013
მიხეილ სააკაშვილი: "ყველა შევთანხმდეთ იმაზე, რომ პატივი უნდა ვცეთ კანონს, უფლებებს, ინსტიტუტებსა და სახელმწიფოს"

მოგესალმებით.

მინდა მოგმართოთ განცხადებით დღევანდელი საპარლამენტო კენჭისყრის გარემოებებთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე ქართული დემოკრატიისთვის, ქართული პოლიტიკური სივრცისა და ახალი საქართველოს დემოკრატიული რეალობის ჩამოყალიბებისთვის.

დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არასოდეს დავნებდებით შანტაჟსა და ზეწოლას, ასევე დავამტკიცეთ, რომ ყოველთვის ვიქნებით მზად შეთანხმებისთვის ჩვენი ხალხის, ჩვენი ერისა და ევროპული მომავლის საკეთილდღეოდ.

მმართველი ძალა თავისი პროკურორებით, ახალი გამგებლებითა და ახალი ფორმირებებით, მათ შორის, ქუჩის ხულიგნებითა და სხვა ძალებით, თვეებისა და კვირების განმავლობაში ცდილობდა ჩვენი პარლამენტარების დაშანტაჟებას. ისინი ზეწოლის ყველაზე უღირს მეთოდებს იყენებდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად.

აშანტაჟებდნენ მათი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით; ემუქრებოდნენ არა მხოლოდ მათ, არამედ მათ შვილებსა და  მათი შვილების მომავალს. თქვენ ეს ყველას კარგად გახსოვთ. მოულოდნელად აპატიმრებდნენ მათ ნათესავებს ან უქმნიდნენ პრობლემებს მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს.

შეთავაზება ყოველთვის ერთიდაიგივე იყო: მიეცით ცვლილებებს ხმა უმრავლესობასთან ერთად და თქვენი პრობლემები მოგვარდება.

დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს.

დღეს პრემიერ-მინისტრმა პირველად იხილა საკუთარი თვალით, რომ მისი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი ფულზე იყიდება ან 90-იანი წლების ყაჩაღური რუსული მეთოდები ყოველთვის შეუცვლელად მოქმედებს, მცდარია.

საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, საზოგადოების ყველაზე ჯანმრთელ, ჯანსაღ დემოკრატიულ ნაწილზე, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობაა და ამ შემთხვევაში მათ შორისაა პოლიტიკური სპექტრის ეს წარმომადგენლები, მსგავსი მეთოდები არ მოქმედებს.

ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ნიშანი ქართული საზოგადოებისთვისაც და ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის. საქართველო არ არის რუსეთი, საქართველოში სხვა მეთოდები არ მუშაობს და საჭიროა მხოლოდ დემოკრატიული დიალოგი.

მე ვამაყობ, რომ ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი და იმ გუნდის ნაწილი, რომელმაც ამის დამტკიცება შეძლო. 

მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო საპარლამენტო  უმცირესობის ყველა წარმომადგენელსა და ოპოზიციის თითოეულ წევრს. მათ შორის არიან არა მხოლოდ პარლამენტის წევრები, არამედ თბილისის საკრებულოს წევრები, ქუთაისის საკრებულოს წევრები, უამრავი სხვა ოპოზიციური ორგანიზაციის წევრები.

მსურს ვუთხრა მათ, თუ რამდენად მეამაყება თითოეული მათგანი. ამ პირობებში მათი წინააღმდეგობა ძალზე მნიშვნელოვანი იყო  და მინდა აღვნიშნო თუ რამდენად დასაფასებელი და აუცილებელია ეს  ჩვენი დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის  გადასარჩენად.

თუ მათ ხმა მისცეს დღევანდელ ინიციატივას იმის ჩვენებით, რომ ვერ შეძლეს ბრუტალური მეთოდებით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, სწორედ ეს იყო მთავარი. ამ არალეგალური გზებით, მათ ვერ შეძლეს ჩვენთვის ხელების გადაგრეხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩვენეთ სიმტკიცე ისევე, როგორც კანონისა და ჩვენი ამომრჩევლის პატივისცემა.

ამავე დროს, ამ ცვლილების ინიცირებით, რომელიც უმრავლესობას ასე უნდოდა და რომელთან დაკავშირებითაც არანაირ პრობლემას არ ვქმნიდით, უმრავლესობა მზად იყო ყველაფერი შეეწირა, მათ შორის, ჩვენი დემოკრატია და ევროპული მომავალი.

ეს ნიშნავს იმას, რომ ვაჩვენეთ - ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და ვალდებულება თანაცხოვრების, თანამშრომლობისა და მშვიდობის მიმართ.

ჩვენ არ ვფიქრობდით და არც ახლა ვფიქრობთ, რომ ეს გაამართლებს შემდგომ შეტევებს დემოკრატიაზე, თუნდაც დღეს შემოიტანეს სრულიად წარმოუდგენელი, არადემოკრატიული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ და ბევრი სხვა გეგმაც აქვთ.

ეს არ გაამართლებს ყველა იმ პრობლემას, რომლებიც ამ შეტევების შედეგად ევროპელ მეგობრებთან შეგვექმნა.

 

ჩვენ ასევე არ გვინდოდა მიგვეცა იმის საბაბი, რომ ეს შეტევები და არეულობა გაგრძელებულიყო.

ჩვენ გვსურს ქართული დემოკრატია, რადგან ეს ჩვენი წარმატებაა - ამას სწორედ ჩვენ ვაშენებდით ამდენი წლის განმავლობაში.

ჩვენ გვსურს წარმატება ვილნიუსის სამიტზე, რომელზეც ძალიან ბევრი რამ უნდა გადაწყდეს ამ წლის ნოემბერში. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.

ამის მიღწევა შეუძლებელია, თუკი არ შედგება თანამშრომლობა მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის და თუ ჩვენ ერთმანეთს პროკურორების საშუალებით, ძალადობის მოწოდებით ან ძალადობის გამოყენებით ვესაუბრებით.

მინდა მოვუწოდო უმრავლესობას და პრემიერ მინისტრს: ახლა დროა, აჩვენოთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ჩვენი ინსტიტუტები და ევროპული მომავალი.

შეაჩერეთ ეს სიგიჟე.

ევროპის მთავარ პოლიტიკურ პარტიასა და გავლენიან პოლიტიკოსებზე შეტევა არ არის გზა, რომელიც დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ ოჯახში შეგვიყვანს; იმ ოჯახში, რომელშიც საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქეს უნდა შესვლა.

ამის ნაცვლად, პასუხი უნდა გაეცეს იმ საკითხებს, რომლებზეც ისინი ღელავენ; უნდა შეჩერდეს ის ქმედებები, რომლებიც მათ აშინებს და საქართველოსთვის ხელს აკვრევინებს.

ეს უნდა მოხდეს საპარლამენტო უმცირესობის, სამართლისა და კონსტიტუციის პატივისცემით, ასევე ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებით. არ შეიძლება მთავარი დასკვნების უგულვებელყოფა, მაგალითად, სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ ვიბრძოლოთ პრინციპებისთვის. ახლა დროა, გავხსნათ ახალი სივრცე ჩვენს ურთიერთობაში.

ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით მთელ რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე, მაგრამ ყველა შევთანხმდეთ იმაზე, რომ პატივი უნდა ვცეთ კანონს, უფლებებს, ინსტიტუტებსა და სახელმწიფოს.

დატვირთული კვირების შემდეგ, მოდით, დავუბრუნდეთ თანამედროვე პოლიტიკის ძირითად კანონებს.

თქვენ შეიძლება დაგვარწმუნოთ, რომ ზოგიერთი რამ, რასაც თქვენ აკეთებთ, სწორია, ხოლო ჩვენ დაგარწმუნოთ იმაში, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ, მცდარია.

თუმცა ყოველივე ეს უნდა ხდებოდეს ღია და კანონიერი გზით და არა პირად ცხოვრებაში ჩარევით, შერჩევითი სამართლით ან სხვა დაუშვებელი მეთოდებით.

პირველი, როგორც დღეს ვნახეთ, ეს არ იმუშავებს.

მეორე, ეს დახურავს ევროპის კარს.

მესამე, ეს საფლავს გაუთხრის ჩვენს დემოკრატიას.

ასე რომ, მოდით, ვიმოქმედოთ უფრო მეტი პასუხისმგებლობით და ვიყოთ ჩვენი ხალხისა და ერის ღირსი.

არა მხოლოდ ბოლო ხანებში, არამედ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური ელიტის მოღალატეობრივმა ინსტიქტებმა ბევრჯერ უღალატა ჩვენი ხალხის დიდებას.

თქვენ ნახეთ, რომ საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად არის გამოსული მე-5 კოლონა.

მოდით, ნუღარ ჩავაგდებთ ჩვენ ერს მათ ხელში და მსგავს გასაჭირში; მოდით, დავივიწყოთ პიროვნული სიბრაზე და ვიმუშაოთ ხალხისთვის.  

მინდა გითხრათ, რომ  დღევანდელი კენჭისყრა იყო ჩაფიქრებული არა იმ საკითხზე, რომელიც არაფერს წარმოადგენდა (მინდა ყველას ვუთხრა, მე როგორც პრეზიდენტი არასდროს არ ვაპირებდი  პარტლამენტის ან მთავრობის დათხოვნას, მით უმეტეს, ამ ეტაპზე. მომავალში კი იქნება სხვა რელობა და სხვა პრეზიდენტი. ეს ჩემს ვადაში გამორიცხული იყო), საუბარი იყო სხვა რამეზე - მთელი ეს რეფორმები და პროცესი მოფიქრებული იყო ისე, რომ უკანონოდ დაენგრიათ საკონსტიტუციო ბარიერი.

პირველ ოქტომბერს მათ მანდატი ამაზე არ მიუღიათ და მივეცით იმაზე მეტი, ვიდრე ეს კონსტიტუციით იყო განსაზღვრული.

მათ უნდოდათ ნაციონალური მოძრაობის, როგორც ოპოზიციური ძალის, განადგურების გაფორმება.  

დღეს დაიბადა ახალი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა და ყველას დაუმტკიცა, რომ უფრო ცოცხალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემას სჭირდება ძლიერი მთავრობა და ასევე ძლიერი ოპოზიცია.

დღეს იყო უსახური მცდელობა იმისა, რომ ჩემსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის შუღლი დაეთესათ. წინა თვეებში ამას კულუარებში ამბობდნენ, დღეს კი ეს ტრიბუნიდან გაცხადდა.

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მეც მათი ერთ-ერთი წევრი ვარ და ყოველგვარი მცდელობა შიგნიდან გაგვთიშონ, როგორც ნახეთ, კრახით დასრულდება.

უფრო მეტიც, არ გამოუვათ ის, რომ პირადად მე გამიყვანონ პოლიტიკური ბრძოლიდან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რადგან მე ვიქნები ერთ-ერთი მებრძოლი დემოკრატიული ღირებულებების საბოლოოდ დამკვიდრებისთვის.

კარგად მესმის იმ ხალხის ფრუსტრაციის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში რუდუნებით აშენებდნენ ახალ საქართველოს. ვინც რა არ უნდა ილაპარკოს, ჩვენ შევქმენით სასწაული და კავკასიაში პირველად შეიქმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა. სწორედ ეს არის ჩვენი დამპყრობლის გაღიზიანების მთავარი წყარო.

ჩვენ არა მხოლოდ შევქმენით ახალი საქართველო, რომელიც აღტაცების საგანია ჩვენი სამეზობლოს ბევრ ქვეყანაში, არამედ 2008 წელს გადავარჩინეთ ის სრულიად უთანასწორო ბრძოლაში, მაშინ, როდესაც 100 სახელმწიფოდან 90 დაეცემოდა და გაქრებოდა.

ჩვენ, ქართველმა ხალხმა და მაშინდელმა მთავრობამ გადავარჩინეთ ეს ქვეყანა და მე ამით ძალიან ვამაყობ.

მთელი მსოფლიო აღტაცებით შემოგვცქეროდა და გვეხმარებოდა ამაში.

ჩვენ განვახორციელეთ წარმოუდგენელი რეფორმები და კარგად მესმის იმ ხალხის, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში აშენებდა.

მინდა მათ ვუთხრა: გულს ნუ გაიტეხთ - იმით, რომ არა მხოლოდ გაჩერდა, არამედ დანგრევის პირასაა ამდენი რამ, ჩვენი ბრძოლა გრძელდება.

დღეს ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ ბრძოლის უდიდესი უნარი გვაქვს.

დღეს ვაჩვენეთ, რომ ყაჩაღური, რუსული მეთოდებით, საქართველოში ოპოზიციასთან ვერავინ ილაპარკებს.

ჩვენ ბრძოლას, პრეზიდენტის რანგში თუ ამ სტატუსის  გარეშე, თქვენთან ერთად გავაგრძელებ მეც, ვიდრე ხელახლა დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი.

ჩვენ გადავარჩინეთ ეს სახელმწიფო 2003 წელს, როდესაც უიმედო და ჩამოშლილი ქვეყანა ფეხზე დავაყენეთ.

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო 2008 წელს ისეთი შემოტევისგან, როგორსაც ვერ გაუძლო ავღანეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, უნგრეთმა, პოლონეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა...

ჩვენ საქართველოს გადავარჩენთ ამ გამოწვევების პირობებშიც, რომლებიც, რა თქმა უნდა,  სახეზეა.

მინდა, რომ ყველაფერი ვინმეს ჯინზე კი არ გაკეთდეს - და დღეს ბევრი რამ სწორედ ასე ხდება - არამედ თანამშრომლობით.

ჩვენ თანამშრომლობისთვის ვართ გახსნილი და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ.

ამ ბრძოლაში ბოლომდე თქვენთან ერთად ვარ და ჩვენს პოზიციებს ყოველთვის ისე გავიტანთ ბოლომდე, როგორც ეს დღეს გავაკეთეთ.

დიდი მადლობა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)