Google+

სიახლეები

13.06.2012
პრეზიდენტის  პრესსამსახურის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტება გააკეთოს გაზეთ „გურია news“-ის ელექტრონული ვერსიით 11 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რეგიონალური და ცენტრალური მედიასაშუალებების მიერ, ქალაქ ოზურგეთში იუსტიციის სახლში საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის გაშუქებას შეეხებოდა.

2012 წლის 2 ივნისს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის ფორმატით, გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და რეგიონალური მედია ასოციაციის წარმომადგენლებს შორის, რომლის დროსაც მოხდა შეთანხმება პრეზიდენტის საჯარო ღონისძიებების გაშუქების წესების შესახებ. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მსგავსი ღონისძიებების თანაბარი ხელმისაწვდომობა როგორც საერთონაციონალური, ისე რეგიონული მედიასაშუალებებისთვის, ადმინისტრაციამ გამოთქვა მზაობა, საეთერო სიგნალი მიეწოდებინა ტელევიზიებისათვის, ხოლო ადგილზე სამუშაოდ გამოეყო პრესზონა როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის.

პრეზიდენტის პრესსამსახური გაკვირვებას გამოხატავს „გურია news“-ის მიერ გავრცელებული ცნობების გამო, თითქოს, მათ ოზურგეთში 11 ივნისის ღონისძიების გაშუქების დროს, ხელოვნური ბარიერები შეექმნათ და ფოტოების გადაღებისა  და თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა შეეზღუდათ. მსგავსი განცხადებების აბსურდულობას თავად საინფორმაციო საშუალების ვებგვერდზე განთავსებული ღონისძიების ამსახველი ფოტოების სიმრავლეც მოწმობს. რაც შეეხება პრესზონის გამოყოფას, რაზეც რეგიონალური მედიის ასოციაციების წარმომადგენლებთან შეთანხმება მოხდა, ეს მსგავსი ღონისძიებების გაშუქებისას აპრობირებული ფორმაა და ჟურნალისტებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე სამუშაო პირობების შექმნას გულისხმობს, რათა ხელი არ შეეშალოს არც პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფას და არც თავად ღონისძიების მსვლელობას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მედიასაშუალების წარმომადგენლები გაგებით მოეკიდებიან უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში მიღწეულ შეთანხმებას და დაიცავენ იმ წესებს, რომლებიც მნიშვნელოვანია, უპირველესად, საზოგადოების ინფორმირებისთვის და ასევე,  ღონისძიების შეუფრეხებლად გამართვისთვის. პრეზიდენტის პრესსამსახური კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, თანაბრად უზრუნვლყოს ნებისმიერი მედიასაშუალება ინფორმაციის ხელმისაწვდომობით და, ამავე დროს, არ დააწესოს პრივილეგიები ცალკეული მედიასაშუალებისათვის.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)