Google+

სიახლეები

16.12.2011
მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთის ცენტრში მოსახლეობას მიმართა

გაიხარეთ ისე, როგორც მე გამახარეთ დღეს თქვენი გაბრწყინებული თვალებით, თქვენი ენთუზიაზმით, განსაკუთრებული ოპტიმიზმით, განსაკუთრებული მხარში დგომითა და  განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით. 

უპირველესად, უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის ეს საავადმყოფო უბრალოდ ჰოსპიტალი კი არა, ოცნების შესრულებაა.

ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში თუ რაიმე კარგი ხდებოდა, ეს სადმე სხვაგან იყო და ტელევიზორით უნდა გენახა და თუ რაიმე ცუდი ხდებოდა, ეს აქ იყო და ხშირად, ტელევიზიითაც არ აშუქებდნენ. არადა, გურია წარმოუდგენელ სიკეთეს იმსახურებს, უპირველესად იმიტომ, რომ აქ საუკეთესო ხალხი ცხოვრობს. 

აქ ცხოვრობენ გამორჩეულად ნიჭიერი ადმიანები იმათგან, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მინახავს.

გურიას აქვს ყველაფერი - ზღვაც და თვალისმომჭრელად ლამაზი მთაც, იქ ამასწინათ ვიყავი და შემიძლია ეს მრავალგზის დავადასტურო, რომ გურიას აქვს მშვენიერი კლიმატი.

მართალია, ეს მხარე მცირემიწიანია, მაგრამ ეს მცირე მიწაც საუკეთესოა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გურიას ჰყავხართ თქვენ და ეს ბავშვები.

ვთქვით, რომ მომავალ წელს აღმოსავლეთ საქართველოში კახეთის აღმშენებლობაზე ვამახვილებთ ყურადღებას, დასავლეთ საქართველოში კი, ეს იქნება გურიის წელიწადი.

 2012 წელს ჩვენ ყველამ ერთად გურია ბოლომდე უნდა წამოვაყენოთ ფეხზე.

ჩვენ ვქმნით გურიის აღორძინების საპრეზიდენტო ფონდს, რომელსაც სათავეში ჩაუდგება რამაზ ნიკოლაიშვილი, თუმცა რამაზთან ერთად პირადად ვუხელმძღვანელებ ყველაფერს.

ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წელს გურიაში არსად არ იყოს ცუდი გზა. ისეთი გზები, როგორც ახლაა, ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს.

მომავალ წელს არ უნდა იყოს არც ერთი ოჯახი, რომელსაც არ ექნება ბუნებრივი გაზი, არ ქნება სითბო და შუქი.

ყველა სახლი უნდა იყოს გამთბარი, განათებული და გამრიცხველიანებული. ყოველივე ამის გაკეთება წელს უნდა დასრულდეს.

არ უნდა იყოს არც ერთი სოფელი, სადაც არ დაიწყება წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება. 

ამ საქმეს ოზურგეთშიც მივიყვანთ ბოლომდე და მთელს გურიას წყალსადენის თანამედროვე სისტემა ექნება.

ასევე არ უნდა დარჩეს არც ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც არ ექნება ჯანდაცვის  პაკეტი და სოციალური დახმარება. ყველას, ვისაც უჭირს, სახელმწიფო მხარში უნდა ამოუდგეს. 

ჩემთვის ასევე მთავარია, რომ მომავალ წელს ვლაპარაკობდეთ არა მხოლოდ ბათუმის და  ანაკლიის სასწაულზე, არამედ ამას დაერთოს და უკეთესად გაკეთდეს ურეკის სანაპირო.

ურეკი განსაკუთრებული ადგილია, მაგრამ ძალიან დიდი ხანია მისთვის არავის მიუხედია.

ყოველივე ამას დააგვირგვინებს ის, რაც მომავალ ზაფხულს გვექნება - აგვისტოს დამდეგს ყველას ბახმარობაზე გეპატიჟებით.

ეს ჩვეულებრივი ბახმარობა არ იქნება - ეს იქნება საქართველოს ყველაზე თვალწარმტაცი ზაფხულის მთის კურორტი.

მეგობრებო, აქ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა - დავამარცხეთ კრიმინალი, უშუქობა, დავიწყეთ გზების შეკეთება, მაგრამ მთავარი არის წინ.

მაქვს განცდა, რომ აქამდეც ბევრად მეტი უნდა გაკეთებულიყო და კიდევ ბევრად მეტია გასაკეთებელი.

ასე რომ, თუკი რამაზ ნიკოლაიშვილი ადრე საკუთარი ენერგიის 20 პროცენტს ახმარდა გურიას და 80 პროცენტს დანარჩენ საქართველოს, ახლა გურიას უნდა მოახმაროს 80 პროცენტი. მისი ენერგიის ის 20 პროცენტი კი, რომელსაც დანარჩენ საქართველოს მოახმარს, ყველა იმ გეგმის განხორციელებას იყოფა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სრულდება.

მთელი ჩვენი რესურსები, საპარტნიორო ფონდის ფული უნდა მივმართოთ იმ პროგრამების განხორციელებისკენ, რომლებიც სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სპორტის სფეროებში გვაქვს.

გაუკეთებელი სტადიონები და გაურემონტებელი სკოლები აქ აღარ უნდა დარჩეს. მართალია, სპორტდარბაზებიც გაკეთდა და სკოლებიც ბევრი გარემონტდა, მაგრამ რამდენიმე მათგანიც კი არ უნდა იყოს მიუხედავი.

მოკლედ რომ ვთქვათ, აქ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად უნდა ცხოვრობდეს ხალხი.

არ მოგატყუებთ - შესაძლოა, ისეთი ცხოვრების დონე და შემოსავალი არ გვქონდეს, როგორიც ევროპაში აქვთ (რამდენიმე წელიწადი ამას არც ეყოფა) მაგრამ საავადმყოფო უკვე გვაქვს ისეთი, რომ მსგავსი ჰოლანდიაშიც არ მინახავს დიდი ხანია.

ამას გარდა, ისეთივე სკოლები, გზები, წყლის სისტემები გვექნება, როგორიც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში აქვთ. 

ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ, მაგრამ ეს საავადმყოფო იმისთვის აშენდა, რომ აღარ მოგიწიოთ სამკურნალოდ თბილისში წასვლა, ნათესავებთან და ახლობლებთან თავის შეფარება, ექიმებისთვის, ექთნებისა და სანიტრებისთვის ბოლო თეთრების მიცემა.

ბევრ თქვენგანს ექნება დაზღვევა.

არც ერთი უცხოელი სამკურნალოდ აქ არ ჩამოდის და ყველაზე მაღალი სტანდარტის შესაბამისი კლინიკა, რომელიც ბოლო პერიოდში გავხსენი, რა თქმა უნდა,  არის თქვენთვის.

ამას ვულოცავ საკუთარ თავსაც და მთელ ოზურგეთს.

ეს არის მხოლოდ ჯანდაცვა, ყველაფერი დანარჩენი კი - მთელი ცხოვრება.

ჩვენ განათლების სისტემაც საუკეთესო უნდა გვქონდეს.

აქ ისეთი მასწავლებლები გყავთ, თუ მათ ოდნავ მაინც ხელი შევუწყობთ ხელს, ჩვენს ბავშვებს მსოფლიოში საუკეთესო განათლებას მისცემენ.

მათ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება და ცოტა მეტი ხელფასი უნდა მივცეთ, გამოცდები ჩავაბარებინოთ, სერტიფიცერებულები გავხადოთ და ნახეთ, რამდენად  გაუმჯობესდება სწავლის დონე.

ჩემო მეგობრებო, ეს საქართველოს ერთი განსაკუთრებული რეგიონია, რომელსაც აქვს ყველაფერი და სჭირდება მთავარი რამ - ბევრად უფრო კარგი ცხოვრება.

ჩვენ შევქმნით აქ ყველა პირობას, რათა ცხოვრება ბევრად უფრო კარგი გახდეს.

ჩვენ დავძლევთ გაჭირვებას და დავიწყებთ გამდიდრებას. ამაში დარწმუნებული ვარ.

მშობლიურ გურიას ხელი მოვკიდოთ, რათა საქართველოს ეს განსაკუთრებული მხარე ფეხზე წამოდგეს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)