Google+

სიახლეები

16.06.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ამბროლაურის მცხოვრებლებს მიმართა

ჩემო განუმეორებელო რაჭველებო!

სამწუხაროდ, დაახლოებით, ორი წელიწადია აქ არ ვყოფილვარ, თუმცა არა იმიტომ, რომ თქვენზე არ ვფიქრობდი, არამედ იმიტომ, რომ არ მინდოდა ხელცარიელი ჩამოვსულიყავი.

ამ წლების განმავლობაში ბევრი უბედურება მოხდა.

კარგად მახსოვს, როდესაც აქაურობა იბომბებოდა და ეს ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის.

ამ ყველაფერს შემდეგ მიწისძვრაც დაერთო და ბევრი სხვა ქარტეხილიც დაგვატყდა თავს, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ გაოგნებული ვარ - ჩამოვედი და ამბროლაური ვერ ვიცანი.

ეს, მართლაც, ყველაზე ლამაზი ადგილია საქართველოში და არ ჩამოუვარდება ევროპის პატარა ქალაქებს.

ამ სილამაზეს დაემატა ის, რაც თქვენი ხელებით შეიქმნა -ახლადაშენებული შენობები, საავადმყოფო, სასტუმროები, სუპერმარკეტები, ახალი პატარა საწარმოები, პატარა ფერმები, თქვენ მიერ დაგებული გზები.  

მთავრობა იმისთვის არის, რომ ბევრმა გააკრიტიკოს, ბევრმა შენიშვნა მისცეს, მაგრამ პირველივე წამიდან ბევრი თქვენგანი მადლობას მეუბნებოდა.

ამდენი მადლობის მოსმენის შემდეგ, მთელი გულით მინდა თითოეულ თქვენგანს ერთი რამ გითხრათ ჩემგან და დანარჩენი საქართველოსგან - დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ.

მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი რა ძნელია აქ ცხოვრება მაშინ, როდესაც მოწყვეტილი ხარ ყველაფერს - როდესაც არ არის გზა, არ იყო საავადმყოფო და ნორმალური სკოლა.

თუმცა ყველაზე კარგად ბავშვები ყოველთვის რაჭაში სწავლობდნენ.

რთულია, როდესაც არ გაქვს ელემენტარული პირობები, უმეტეს ადგილებში არ არის წყალი.

ის მოკრძალებული კურორტები, რომელიც გვქონდა, ჩამოინგრა და 90-იან წლებში რაჭა  ტურისტებისგან, პრაქტიკულად, დაიცალა.

თქვენ ამ პირობებში შეინარჩუნეთ რაჭა და არ დაცალეთ აქაურობა. რაც მთავარია, შეინარჩუნეთ იმედი და სინათლე თვალებში. ამისთვის, დანარჩენი საქართველოსგან, მართლაც, გეკუთვნით დიდი მადლობა.

2009 წელს აქ დიდი მიწისძვრა მოხდა. ჩვენი მთავრობა 90-იანი წლებისა და წინა წლების მთავრობისგან იმით განსხვავდება, რომ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს გასაჭირში არ მივატოვებთ.

ამიტომ, 2009 წელს დაზარალებულთა უმეტესი ნაწილისთვის კომპენსაცია გაიცა; დღეს ვხსნი კორპუსებს, თუმცა კარგად ვიცი, რომ ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი და მას ეტაპობრივად დავასრულებთ.

პირველი სერიოზული ეტაპი წელსვე დასრულდება და ამისთვის თანხა უკვე გამოყოფილია.

90-იანი წლების დაზარალებულთათვის ხელახლა დავიწყებთ სახლების გაკეთებასაც და კომპენსაციის დარიგებას.

თქვენც ისევე უნდა მოგხედოთ, როგორც ახალ და ძველ დევნილებს, ახალ და ძველ დაზარალებულებს.

ჩვენთვის არ არსებობს ახალი და ძველი დაზარალებული, ჩვენთვის თქვენ ხართ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სისხლი და ხორცი და იმაზე დიდი პრივილეგია, ვიდრე თქვენზე ზრუნვა, საქართველოს მთავრობას, თითოეულ ჩვენგანს და, მათ შორის, მე, ნამდვილად არ გაგვაჩნია.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბოლომდე მოგხედოთ.

მინდა ასევე გითხრათ, რომ რაჭაში კვლავ გამოცოცხლდა ტურიზმი.

ისეთი ლამაზი სასტუმრო, როგორიც აქ ვნახე, საქართველოს ნებისმიერ კუთხეს და, შეიძლება, ბევრ ევროპულ ქვეყანასაც შეშურდეს. წელს მთლიანად დასრულდება გზის მშენებლობა ტყიბულამდე და რაჭველებს გზის პრობლემა ნამდვილად აღარ გექნებათ და საუკეთესო  გზით ვივლით ყველანი, მით უფრო, ქუთაისშიც, რომელიც საქართველოს მეორე დედაქალაქი ხდება.

ასე რომ, თქვენ ახალი გზით დაუკავშირდებით საქართველოს მეორე დედაქალაქს, საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისე შორს აღარ იქნებით დედაქალაქისგან, როგორც გასული ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში.

თქვენ იცით, რომ მესტიაში ჩვენ ავაშენეთ ძალიან კარგი, თანამედროვე აეროპორტი, მომავალ წელს კი ასეთი ახალი, უფრო უკეთესი აეროპორტი იქნება ამბროლაურში.

ამბროლაურს ექნება თავისი აეროპორტი, რაზეც მე და რამაზ ნიკოლაიშვილმა უკვე  ვისაუბრეთ.

რაჭაშიც უნდა ჩამოვიდეს ათჯერ, ასჯერ მეტი ხალხი, დახარჯონ მეტი ფული.

რამდენიც არ უნდა მოვიყვანოთ სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენ რძესაც ჩავაბარებთ, რამდენ ძროხასაც და საქონელსაც გავზრდით, ყველაფერი უკლებლივ უნდა გაიყიდოს და 10-ჯერ და 20-ჯერ მეტი მოთხოვნა უნდა გაჩნდეს.

ჩვენი ოჯახები წელში უნდა გაიმართოს.

აქ ცხოვრობს ყველაზე ინტელექტუალური ხალხი საქართველოს მასშტაბით.

ჩემო ძვირფასებო, როდესაც 2005 წელს  ერთიანი ეროვნული გამოცდა შემოვიღეთ, უნივერსიტეტში ერთი ამბავი ატყდა, რადგან ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე ქუჩის გადაღმა გადავიდოდა და უნივერსიტეტში ეწყობოდა - თუ მისი ბებია-ბაბუა, მამა იქ სწავლობდა, თავადაც იქ უნდა ჩაებარებინა და მის შვილსაც იქ უნდა ესწავლა.

არავინ არავის ხელს არ უშლის - ყველას თანაბარი შანსი აქვს, მაგრამ არასდროს არ მავიწყდება - ამას აქაც ვამბობ და დანარჩენ საქართველოსაც ვახსენებ - რომ 2005 წელს  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი ქულა ონის ერთი საშუალო სკოლის კურსდამთავრებულმა გოგომ აიღო, რომელსაც მანამდე, ათი წლის განმავლობაში, სახლში,  პრაქტიკულად, დენი არ ჰქონია, მის ოჯახს საკუთარი თავის გამოკვება უჭირდა. ამ ბავშვმა ყველას აჯობა ჭკუით, რადგან ყველაზე მშრომელი და ყველაზე ჭკვიანი ხალხი ხართ აქ, იმის მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში დაჩაგრული იყავით.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ ეს შეგვინარჩუნეთ.

იცით, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება. რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ, რა თანხაც არ უნდა გამოყოს, რამდენი მინისტრიც არ უნდა გამოაგზავნოს და თავზე დააყენოს, თუ ხალხი თვითონ არ არის ნიჭიერი და მშრომელი, თუ ხალხი თავად არ არის ერთდროულად თავმდაბალი, მაგრამ ღირსებით აღსავსე, თუ მას ფანატიკურად არ უყვარს საკუთარი მხარე, თავის ქალაქი, სოფელი და, ზოგადად, სამშობლო, ეს სილამაზე ვერ შეიქმნება, ჩემო მეგობრებო.

ყოველივე ეს იქმნება იმიტომ, რომ მთავრობა თავის პატარა საქმეს აკეთებს, მაგრამ თითოეულ თქვენგანს უყვარს ამ მიწის ყოველი მტკაველი, უყვარს ყოველი ქუჩა, ყოველი კუთხე და შენობა, ყოველი ხე და ბუჩქი.

ამ სიყვარულით და თქვენი შრომით თავად ქმნით ისევ ამ სილამაზეს, რომ დანარჩენ საქართველოს აჩვენოთ -თურმე შესაძლებელი ყოფილა სხვაგვარად ცხოვრება, თურმე შესაძლებელი ყოფილა სხვა დონის შექმნა, თურმე არც ისე შორს ვართ განვითარებული ევროპისაგან, როგორც ბევრი ამტკიცებდა.

როდესაც რაიმეს მოინდომებ, ხელს გაანძრევ, დაიჯერებ, დღე და ღამე მუხლჩაუხრელად იშრომებ ყველა მიზნის მიღწევა და ყველა საქმის გაკეთება შეიძლება.

ეს არის ჩემი და თქვენი ერთობლივი გზავნილი დანარჩენი საქართველოსთვის.

იმედის ქალაქი და იმედის სამხარეო ცენტრი დანარჩენი საქართველოსთვის და პირადად ჩემთვის, უპირველესად, არის ამბროლაური.

გაუმარჯოს თქვენ შრომას, გაუმარჯოს თქვენ თავდადებას, დიდი მადლობა დანარჩენი საქართველოს სახელით -  ეს ერთი და სხვა მრავალი ასეთი დღე!




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)