Google+

სიახლეები

14.06.2011
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში იუსტიციის სახლის წინ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

მინდა მოგესალმოთ ჩემო რუსთაველებო!

ჩვენს ამ ქალაქში ყველაფერი ზედმეტად ჩქარა და კარგად მიდის.

აქ მართლაც ბევრი წელია დავდივარ აქ და თქვენ, აქ მცხოვრებლებმა ჩემზე უკეთესად იცით , რომ რამდენიმე წლის წინათ ეს იყო მომაკვდავი ქალაქი.

ეს იყო ქალაქი სადაც არ იყო სამსახურები, სადაც  იყო დამნაშავეობის კატასტროფული დონე,  სადაც ყველა ქუჩა მონგრეული იყო; სადაც არ იყო წყალი; სადაც სკოლები, საბაშვო ბაღები იყო საშინელ, უკიდურეს მდგომარეობაში.

ეს იყო ქალაქი, საიდანაც ყველა გარბოდა; სადაც ბინების ნახევარზე მეტი დაკეტილი იყო.

რა თქმა უნდა, ჯერ არც ნიუ იორკი ვართ, არც პარიზი და არც ლონდონი, მაგრამ ეს არის ქალაქი, სადაც პრაქტიკულად ყველა საწარმო, რომლის ამუშავება შესაძლებელი იყო, ხელახლა ამუშავდა.

რუსთავი ისევ იქცა საქართველოს ინდუსტრიულ გულად და ცენტრად.

ე.ი აქაურ ახალგაზრდობას ისევ გაუჩნდა პერსპექტივა.

ე.ი. ძალიან ბევრ აქაურ, გამოცდილ სპეციალისტს, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში არ უმუშავია, ისევ გაუჩნდა სამსახური.

ე.ი. ჩვენ შვილებს ისევ ჩაუდგათ სინათლე თვალებში.

ე.ი. საქართველოში ისევ შესაძლებელი ყოფილა წარმოების, მრეწველობის განვითარება და ეს ყველაფერი ხდება აქ, რუსთავში, რაც დიდი იმედია თბილისისთვის, ქუთაისისთვის, ბათუმისთვის და სხვა ქალაქებისთვის, სადაც ადრე საწარმოები იყო და სადაც ბევრი მათგანი გაჩერებულია.  

დღეს რუსთავში უკვე 10 ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი 1-2 ქარხანა რაღაც მეხუთედი, მეექსვედი დატვირთვით მუშაობდა.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი აქ იყო ადგილები, სადაც წყალი სამ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მოდიოდა. დღეს კი მეუბნებიან, რომ აქ წყლის მიწოდება, თითქმის, 24 საათის განმავლობაში ხდება.

რუსთავის დასაწყისიდან რუსთავის ბოლო ძველ რუსთავამდე არ იყო არც ერთი ქუჩა, რომელზეც შეიძლებოდა გავლა. შიგნით, კორპუსებში სწრაფად გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

აქაც არის პატარ-პატარა ქუჩები, რომელიც ჯერ კიდევ გასაკეთებელია, მაგრამ მთლიანობაში აქ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა საქართველოს მასშტაბით.

თქვენ იცით, რომ აქ გაკეთდა ასევე ძალიან დიდი ბაზრობები და ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრი.

აქ გადმოდის ადმინისტრაციული შენობები, გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი,  დიდი ცენტრი, გაკეთდა ახალი ავტოდრომი და მანქანების ტრეკი, რომელშიც მილიონობით დოლარი ჩაიდო.

ახლა ვიწყებთ ახალი სპორტის სასახლის მშენებლობას, ვიწყებთ ძველი აუზის აღდგენას და  რუსთავს ოლიმპიური აუზი ექნება.

 სპორტულ ინფრასტრუქტურას ვაკეთებთ, პრაქტიკულად, ყველა სკოლაში;  ორგანიზებულია სასკოლო შეჯიბრებები და სასკოლო ლიგები.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, კომფორტი ბრუნდება.

ყოველივე ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ აქ შეიძლებოდეს ნორმალურად ცხოვრება,   განვითარება  და ბავშვების გაზრდა, არ გვინდოდეს აქედან სადმე გაქცევა.

მე მეუბნებიან, რომ ხალხის ნაწილი დაბრუნდა ბინებში; ისიც ვიცით, რომ ძალიან ბევრი ჩამოსულია სამუშაოდ, ასევე ადგილობრივ სავაჭრო ობიექტებზე და რადგან ახალი სასტუმროების მშენებლობა ვერ მოესწრო, ბინებიც ქირავდება.

მოკლედ, ეს არის ინდუსტრიული და სავაჭრო ცენტრი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი საქართველოში. დანაშაულის დონე აქ ყველაზე დაბალია საქართველოს ურბანულ ცენტრებს შორის,  რაც მინდა თითოეულ თქვენგანს და ასევე საკუთარ თავს მივულოცო.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ეს მართლაც ახალი საქართველოა, თავისი ახალი სახლით.

გაღიმებული გოგო-ბიჭები, რომლებიც ამ შენობაში მუშობენ, ძალიან განსხვავდებიან იმ ძველი უწყებების თანამშრომლებისგან.

საქართველოში ეს სულ ცოტა ხნის წინათ იყო და დღესაც არის რუსეთში, უკრაინასა და ბევრ სხვა მეზობელ ქვეყანაში.

მახსოვს ჩაბნელებული ოთახები... ვინც ჩემი ასაკის, ცოტა უფროსი ან ოდნავ უმცროსია, მათაც ახსოვთ,  ჩაბნელებული საპასპორტო მაგიდები, ჩაბნელებული სახლთმმართველობები, მოჭრიალე იატაკი, ჩამოძონძილი კედლები და იქ მომუშავე ხალხი, რომელიც ჩვენც გვამცირებდა და თავადაც უკიდურესად დამცირებულ მდგომარეობაში იყო.

ისინი ჩვენ გვძალავდნენ ფულს, რადგან იმის გამო, რომ სახლში ოჯახები ჰყავდათ გამოსაკვები, თვითონაც კაპიკებს იღებდნენ. ეს ხალხი თავისდაუნებურად შეერწყა იმ მდგომარეობას ისე, რომ საკუთარი თავიც ეზიზღებოდა და საზოგადოებასაც აზიზღებდა თავს.

ეს ყველაფერი დამთავრდა - როდესაც ამ შენობაში შედიხარ აქედან გასვლა არ გინდა.

ამ ახალგაზრდებს რომ უყურებ, მართლა იმედი გეძლევა, რომ ჩვენ ქვეყანას მომავალი აქვს.

ორი წლის წინათ, მთავრობას ვუთხარი, რომ გამოეფინა საკუთარი საქმიანობა სხვადასხვა რეგიონში. ეს, მათ შორის, რუსთავში მოხდა. ეს ღონისძიებები გაიმართა თელავშიც, ოზურგეთშიც, ზუგდიდშიც და კიდევ რამდენიმე სხვა ადგილზე საქართველოში.

უბრალოდ, ყველა სამინისტროში მომუშავე ახალგაზრდა მომღიმარი ხალხი უნდა მისულიყო ამ გამოფენებზე თავისი მაისურებით, კეპებით და ეთქვათ: „აი, ეს არის ჩვენი სამინისტრო, ამას ვაკეთებთ, ასე შეგვიძლია გემსახუროთ - გამოგვიყენეთ!"

ეს გაკეთდა არა მარტო საზოგადოებისთვის, თუმცა ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის, არამედ თანამშრომლებისთვისაც, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაეგოთ და აეთვისებინათ, რომ ისინი აქ იმიტომ არ არიან, რომ ვიღაცამ მოაწყო.

ყველა კონკურსი ახლა გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია, როგორც ყველა ტენდერი, რომელიც ახლა ელექტრონულად იმართება.

ისინი აქ არიან იმისთვის, რომ ემსახურონ საკუთარ ხალხს, შეუმსუბუქონ ყოველდღიური, ჯერ კიდევ, მძიმე ცხოვრება; ხელი შეუწყონ ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რათა სიღარიბემ ერთხელ და სამუდამოდ მიგვატოვოს და სამუდამოდ წარსულში დაგვრჩეს, როგორც ყველაზე ავადმოსაგონარი ძველი სენი.

ამიტომ, მეც და თქვენც ვიცით, რომ ეს სავაჭრო ცენტრები და ყველაფერი სხვა კეთდება იმის გამო, რომ უკეთესი ბიზნეს გარემო, უკეთესი კანონები, დაბალი გადასახადები გვაქვს და  საქართველოში არ არის კორუფცია.

რეიტინგები, რომელთა მიხედვით, პირველები ვართ ბიზნესში, პირველები ვართ  კორუფციასთან ბრძოლაში, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ მსოფლიოში, იმისთვის არ გვჭირდება, რომ თავი მოვიწონოთ ან თუნდაც სადმე უკრაინაში, რუსეთში, ინგლისში, ამერიკაში ჩვენზე კარგად ილაპარაკონ. ყველაფერი იმისთვისაა, რომ ჩვენმა ხალხმა იგრძნოს შვება, გაუჩნდეს მომავლის პერსპექტივა და საზოგადოებამ თვალებში გამოიხედოს.

საბოლოოდ, ჩვენი წარმატება გაიზომება არა იმით, თუ რომელ რეიტინგში რომელ ადგილზე ვართ, არამედ იმით, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს - მისი სამშობლო და ოჯახი არის ფეხზე დამდგარი და წელში გამართული; იგრძნოს, რომ ოჯახებს აქვს მომავალი, ჩვენს შვილებს აქვთ მომავალი, რომ სიღარიბე და უმუშევრობა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება; რომ კორუფცია,  დანაშაული და კანონიერი ქურდები აღარასდროს დაბრუნდება და ვიცხოვრებთ ისე, როგორც განვითარებული სამყაროს ყველაზე გამართული ქვეყნები და მათი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს არის ჩვენი ოცნება და ჩვენი საერთო ამოცანა.

რა თქმა უნდა, დღევანდელი შენობის გახსნა ეპიზოდია, მაგრამ ეს ამ დიდი ისტორიის ერთი ისტორიული ეპიზოდია.

მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა იმ მეოცნებეებს, რომლებიც ყოველივე ამას ქმნიან - ზურაბ ადეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, ძალიან ბევრ აქ შეკრებილ ადამიანს, ამ სახლის თანამშრომლებს, ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ იდეალიზმი და უკეთესი მომავლის განსაკუთრებული რწმენა.

მინდა მადლობა ვუთხრას ყველას, ვისაც სწამს, რომ საქართველოში შეიძლება ნორმალური ქვეყნის შექმნა, იმის მიუხედავად, რომ მტერს ჩვენი ტერიტორია დაპყრობილი აქვს; იმის  მიუხედავად, რომ ყოველდღიურად გვებრძვიან, ყოველდღიურად გვიწყობენ პროვოკაციებს; იმის მიუხედავად, რომ მძიმე ისტორია გვაქვს - შიდა აშლილობისა და ფეოდალური ურთიერთქიშპობის, ღვარძლისა და უამრავი ცუდი გამოცდილება, რაც გარე ძალამ და ისტორიის ბედუკუღმართობამ მოგვახვია თავს.

დღეს ახალი საქართველოა და ეს სახლი სრულიად  ახალი საქართველოს სახე გახლავთ. ეს ის სახეა, რომელიც ყველა ძველ სიმახინჯეს ნელ-ნელა გადაფარავს. თანდათან დაგვავიწყებს თუ რა გვაქვს გამოვლილი, დაგვავიწყებს იმ უიმედობასა და უპერსპექტივობას, რომელშიც ვიმყოფებოდით.

პირადობის ახალი მოწმობებზე არაფერს მოგიყვებით - თუ რისი გაკეთება შეიძლება მათი საშუალებით - ამას წინათ ვიხუმრე, ამ პირადობის მოწმობით ყველაფრის გაკეთება შეიძლება თმის გაშრობის გარდა-თქო, მაგრამ მართლაც ასეა. ყოველდღიურ ცხოვრებასა და კომერციაში აღარ არის საჭირო რიგებში დგომა, ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლა, ვინმე  ბიუროკრატი თავის ქექვით რომ გეტყოდათ: წადი ქალაქის ერთ ბოლოში, მომიტანე ფურცელი... იქ მიხვიდოდი და ყველაფერი „რწილი და ჭიანჭველასავით" იყო - ახლა შენ წადი მეორე ქალაქში და იქიდან მომიტანე კიდევ მეორე და ასე... რკოს მიუტანთ ღორს, გამოართმევთ ჯაგარს და ასე შემდეგ... სწორედ ასეთი იყო მთელი ჩვენი ცხოვრება. ახლა კი - „რკოც", „ჯაგარიც", „ხორციც" ამ შენობაშია. მოდით კარგად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.

ამიტომაც, საქმე, ლაპარაკის ნაცვლად. 

წინ ისეთი საინტერესო პროგრამა და შოუ გელოდებათ, რომ რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ და რაც მეტი საქმე გაკეთდება, მით უფრო კარგად ვიქნებით ყველანი.

მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე.

ასე გავაგრძელოთ!




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)