Google+

სიახლეები

28.11.2010
ლისაბონში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლისაბონში ნატო- სამიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრა გამართეს.

ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ორ სახელმწიფოს შორის მტკიცე და ზრდად პარტნიორობაზე, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებსა და სტრატეგიულ ამოცანებზე.

მათ განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და ამ მიმართულებით, დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ორივე ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ურთიერთობის გაღრმავებას საქართველო-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეგიდით, რომელიც ოთხ ფართო სფეროს მოიცავს: დემოკრატიულ რეფორმას, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას, თანამშრომლობას ეკონომიკის დარგში და ხალხთა შორის კავშირს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ობამასა და მის ადმინისტრაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე იმისთვის, რომ აშშ ადასტურებს საქართველოს გზას ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებისკენ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველი ხალხის სახელით მადლიერება გამოხატა ობამას ადმინისტრაციის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ იმისათვის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების პაკეტი გამოუყვეს, რაც ჩვენს ქვეყანას ორი წლის განმავლობაში დიდად წაადგა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში.

პრეზიდენტმა ობამამ დადებითად შეაფასა საქართველოს წვლილი ნატო- აისეფის მისიაში ავღანეთში, სადაც თითქმის ათასი ქართველი სამხედრო მსახურობს და გულწრფელი მადლიერება გამოხატა იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწოდა კვლავაც განაგრძოს მათი განხორციელების პროცესი. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და ნატო-ში.  

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)