Google+

სიახლეები

26.11.2010
საქართველოს პრეზიდენტი თერჯოლის რაიონს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად იმერეთში ხოფელ ჩხარში ახლადაშენებული სკოლა გახსნა. სკოლა სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. შენობაში არის დახურული სპორტული დარბაზი, ხოლო იქვე დიდი სპორტული კომპლექსი აშენდა. პროგრამის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" პროგრამის ფარგლებში ინგლისურ ენას ამერიკელი პედაგოგი ასწავლის. საქართველოს პრეზიდენტი პირადად დაინტერესდა სწავლების მეთოდიკით და პედაგოგებსა და მოსწავლეებს გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა სკოლის ორი წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დააჯილდოვა.

"ყველა, ვინც კარგად ისწავლის, კომპიუტერს მიიღებს. აქ ისეთი ლამაზი სკოლა გახსნილა, რომ გავოცდი. ამ სკოლაში გაზრდილი ბავშვი არასდროს არ დაკომპლექსდება, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში ხდებოდა-ხოლმე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მოსწავლეებთან საუბრისას.

1872 წელს დაარსებული სკოლა 1991 წელს მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლის მოსწავლეები სოფელი ჩხარის მიმდებარე სოფლებში გადანაწილდნენ. ახალი საჯარო სასწავლებლის მშენებლობა 2008 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო და ის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.

ამავე დღეს, პრეზიდენტმა  ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ბუცხრიკიძე, რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. მისი თქმით, ასეთი ადამიანები ქვეყანას მრავლად სჭირდება.  

"დამოუკიდებლობის პერიოდში ჩამოყალიბდა ხალხის დიდი ჯგუფი, რომელთა შორის არიან გამორჩეული ადამიანები. მათ სრულიად სხვაგვარად ააწყვეს საკუთარი  დამოკიდებულება თავისი ქვეყნისადმი, სამოქალაქო და საჯარო სამსახურებისა თუ  საპარლამენტო მოღვაწეობისადმი. თუ ვინმეს ხალხის ტკივილი საკუთარივით ტკივა, ეს ზურაბ ბუცხრიკიძეა. იგი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კარდაკარ დადიოდა, ყველა პრეზიდენტსა და მინისტრს  აწუხებდა, რათა საკუთარი რაიონისთვის, თერჯოლისა და მისი მოსახლეობისთვის, რაიმე გაეკეთებინა. მინდა გითხრათ, რომ იგი ზუსტად ის ადამიანია, რომელსაც თავისთვის არაფერი არ უნდა. მას ყველაფერი საკუთარი ხალხისთვის ემეტება. მინდა, რომ ყველა მისნაირი იყოს. დღეს პოლიტიკური პარტიები იმის თაობაზე დავობენ, რომ პარლამენტში რაიონული დეპუტატები აღარ იყვნენ. ერთ-ერთი ტელევიზიით აცხადებდნენ კიდეც, რომ, თითქოს, ამ ადამიანებს [მაჟორიტარ დეპუტატებს], არავინ არ იცნობს. თუ ყოველდღე სტუდიაში არ ზის ყელმოღერებული, ე.ი. ისინი არაფერს არ აკეთებენ, არადა, სწორედ ასეთი ხალხი აკეთებს საქმეს საკუთარი ქალაქების, რაიონებისა და სოფლებისთვის. ჩვენ არასდროს არ დავუშვებთ, რომ პარლამენტში რაიონებს წარმომადგენლობა გაუუქმდეს და მარტო ერთ ქუჩაზე მოღვაწე პარტიებმა გადაინაწილონ ერთმანეთში ყველაფერი. ჩვენ გვჭირდება ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად დაიცავენ საზოგადოებრივ ინტერესებს. თუკი რომელიმე ორდენი შეესაბამება ზურაბ ბუცხრიკიძეს, ეს მართლაც ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენია, რადგან ხალხის საქმეში ბრძოლისთვის, ეს კაცი ბრწყინვალების ნიმუშია. ამიტომაც, თერჯოლაში ის დაუმარცხებელია. ამ რაიონში ამ ადამიანს არათუ კონკურენტი არ ჰყავს, არამედ ყველას უყვარს. ეს მისი დამსახურებაა", -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიალზე და მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა მას, ხალხის უანგარო სამსახურისთვის.

ზურაბ ბუცხრიკიძე იგი ოთხი მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს  მრავალი პროექტი და საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)