Google+

სიახლეები

25.03.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმება ქართველი სამხედროების მონაწილეობას ავღანეთის ოპერაციაში. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა. ანდერს ფოგ რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის კარი საქართველოსთვის კვლავაც ღიაა.

"ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ სააკაშვილის მიღება აქ, ნატო-ს შტაბბინაში. დღეს ვისარგებლე შემთხვევით, რათა მადლობა გადამეხადა ავღანეთში ნატო-ს მისიაში საქართველოს შეტანილი წვლილისათვის. მე კიდევ ერთხელ დავარწმუნე საქართველოს პრეზიდენტი, რომ ნატო-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეცვლილა და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ნატო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ნატო-ს მოკავშირეები საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას კვლავ გააგრძელებენ. ამასთან, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ნება დართოს საერთაშორისო დამკვირვებლებს მონიტორინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელონ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტების მოგვარების ქართულ სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც, კონფლიქტების მხარეებმა დაახლოება უნდა შეძლონ და არა იზოლაცია. მიმაჩნია, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ამას გარდა, ჩვენ განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო აუცილებელ საარჩევნო და კონტიტუციურ რეფორმას განახორციელებს. მაისში დაგეგმილ არჩევნებს, ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს და აღნიშნა, რომ ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს წვლილი, ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია.

"ჩვენთვის სასიხარულოა თქვენთან ერთად ყოფნა. მას შემდეგ, რაც თქვენ ნატო-ს გენერალური მდივანი გახდით, ალიანსის კარი ფართოდ გაიღო საქართველოს ოფიციალური პირებისათვის. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ისეთი ინტენსიური, როგორიც დღეს გვაქვს, არასდროს ყოფილა. ამისათვის მადლობას გიხდით. ჩვენ ავღანეთის მისიაში ვართ ჩართული და ერთ სულ მოსახლეზე სამხედრო ძალის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ. ჩვენ ძალიან პატარა, მაგრამ პროფესიული არმია გვყავს და ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა ათასამდე ჯარისკაცის საზღვარგარეთ გაგზავნა. ქართველ ჯარისკაცებს სრულად აქვთ გაცნობიერებული თუ რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრებათ და რა რისკზე მიდიან. ამ გადაწყვეტილებაში მათ სრულიად საქართველო უჭერს მხარს. ჩვენ, ამავე დროს, გთავაზობთ საქართველოში ავღანელი პოლიციელების მომზადებას, ასევე გთავაზობთ საქართველოს ტერიტორია სატრანზიტო ტერიტორიად გამოიყენოთ. საქართველო-ნატო-ს კომისია ძალზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ინსტრუმენტია და იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო შედეგიანი და წარმატებული იყოს, უმნიშვნელოვანესია მისი სწორად გამოყენება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში მოიწვია.

"პრეზიდენტმა საქართველოში დამპატიჟა და მე ეს მოწვევა მივიღე. მოუთმენლად ველი ამ ვიზიტს, უბრალოდ, თარიღი ჯერ არ არის დადგენილი. ნატო არ შეცვლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს მიმართ. ორივე ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი. ყველა სახელმწიფომ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნატო-სთან დაკავშირებით და განახორციელოს შესაბამისი რეფორმები. ალიანსს თითოეული ამ ქვეყნის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ექნება", - დასძინა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთ დროს ბალიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება საეჭვო იყო. თუმცა, მისი თქმით, მოვლენები იცვლება. მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ნატო-ში შესვლამდე გამთლიანდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)