Google+

სიახლეები

21.03.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნოვრუზ-ბაირამი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მარნეულიდან მიულოცა. მან მარნეულის მოსახლეობას ორ ენაზე - თავდაპირველად აზერბაიჯანულად, ხოლო შემდეგ ქართულად მიმართა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 5 წლის წინათ ქართული ენა ამ რაიონში არავის არ ესმოდა, დღევანდელი თაობას კი უკვე კარგად ესმის სახელმწიფო ენა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ისინი ენთუზიაზმით სწავლობენ ქართულს.

"ბევრმა აზერბაიჯანელმა ახალგაზრდამ გაითავისა, რომ ეს მათი სამშობლო, მათი ენაა, მშობლიურ ენასთან ერთად და მათი წარმატება ამ ქვეყნის წარმატებასაც ნიშნავს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დღეიდან ნოვრუზ-ბაირამი საქართველოში საერთო ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდება.

„თქვენთან ერთად ზეიმობს მთელი საქართველო, რადგან თქვენ ხართ ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ყველანი ერთად ვიბრძოლებთ უკეთესი მომავლისთვის და ვიზეიმებთ, თუკი ეს საჭირო იქნება. დღევანდელი დღიდან ეს არის საერთო ქართული, ეროვნული დღესასწაული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ მარნეულის რაიონში აღარ არის არც სასმელი წყლის, არც ბუნებრივი აირის და არც გზების პრობლემა.

მიხეილ სააკაშვილმა მარნეულის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას კიდევ ერთი სახელმწიფო ინიციატივა გააცნო. მისი განცხადებით, წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აზერბაიჯანელი აბიტურიენტები ტესტირებას გამარტივებული პროგრამით გაივლიან. ასევე ილაპარაკა იმის თაობაზე, რომ წელს ქუთაისში ფუნქციონირებას განაახლებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლა, რომელიც აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის მხრიდან ინიციატივის გამოჩენას ელოდება. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მას და მთლიანად ქართულ სახელმწიფოს სჭირდება, რაც შეიძლება ბევრი სახელმწიფო მოხელე იყოს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობიდან.

"ჩვენი გადაწყვეტილებით, ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება გამარტივებული პროგრამით მოხდება, რათა თქვენ საქართველოდან არსად წასვლა აღარ მოგიწიოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა დღესვე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აზრებაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და, ზოგადად, აზერბაიჯანელ ერს იმისთვის, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო გვერდში ედგა საქართველოს განსაკუთრებით მძიმე წუთებში.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარნეულის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და მედალი და სიგელი გადასცა აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატს განირა ფაშაევას.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ფატულაევების ოჯახს ესტუმრა, რომლის უმცროსი წევრი ელვად ფატულაევმა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის 21 სტროფი ზეპირად ისწავლა და ამავე სახელწოდების კონკურსის გამარჯვებული გახდა.

"ჩვენ ყველა დონეზე გვჭირდება ასეთი ხალხი", - მიმართა მოზარდს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)