Google+

სიახლეები

13.02.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტანილავ სადალსკის საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუს მსახიობს სტანისლავ სადალსკის საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ქართული პასპორტის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა, მიხეილ სააკაშვილმა მას "მოქალაქეობრივი პოზიციისათვის", რომელიც მან რუსეთში წარმოებული ანტი-ქართული კამპანიის დროს დაიკავა, მადლობა გადაუხადა. ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა სტანისლავ სადალსკის ქართულ-რუსული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ღირსების ორდენი გადასცა.

"თქვენი სახით ყველა გამბედავ რუს ადამიანს მივესალმები, რომლებმაც რუსეთისთვის ძალზე რთულ თვეებში, გამბედავობა გამოიჩინეს, დამცირებულთა და შეურაცხყოფილთა გვერდზე დადგნენ და სიმართლის დასაცავად გამოვიდნენ. საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილი თქვენ თამამად გამოთქვით მაშინ, როდესაც ქართველებს ქუჩებში დევნიდნენ, კეტავდნენ მათ რესტორანებსა და სხვა ობიექტებს, კრძალავდნენ ყველაფერს ქართულს, ხალხს მშობლიურ ენაზე ლაპარაკს უშლიდნენ. თქვენი სახით მინდა მივესალმო იმ ახალგაზრდა პეტერბურგელებს, რომლებმაც საკუთარ გვარებს დაბოლოებებით შეუცვალეს და ქართული დაბოლოებები მისცეს. მსურს მივესალმო ჩემთვის საყვარელი, დიდი რუსეთის ჭეშმარიტ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხმამაღლა განაცხადეს იმის თაობაზე, რომ ადამიანის დამცირება და მისი ღირსების შელახვა არც ერთი ნიშნით არ შეიძლება და რომ ამის გაკეთება ეროვნული ნიშნის მიხედვით მით უმეტეს მიუღებელია. ბევრი ხმამაღალი განცხადება გავიგე რუსეთიდან იმასთნ დაკავშირებით, რომ ისინი ამას არ შეეგუებიან. მინდა გითხრათ, რომ საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა და ის ყველას ეკუთვნის - რუსებსაც, სომხებსაც, აზერბაიჯანლებსაც, აფხაზებსაც, ოსებსაც, ებრაელებსაც და თითოეულ მათგანს, ვინც საქართველოში ცხოვრობს. ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი ძალა ჩვენს მრავალეროვნებაშია. ჩვენი ძალაა ის, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, მაგრამ ამავდროულად, საერთო ფასეულობები გვაერთიანებს. ჩვენ ყველაფერი მოგვწონს, რაც ჩვენს გარშემოა - ეთნიკურ ქართველებს ეთნიკური ებრაელები მოსწონთ, ეთნიკურ ებრაელებს - ეთნიკური ოსები, ოსებს - აფხაზები, აფხაზებს - აზერბაიჯანლები და ყველას ერთად საკუთარი სამშობლო გვიყვარს. სწორედ ამაშია ჩვენი ძალა, მრავალფეროვნება და ამ ქვეყნის სპეციფიკა. გულითადი მადლობა მსურს მოგახსენოთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, რომელიც ჩვენთვის ძალზე ბევრს ნიშნავდა. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთთან არა მარტო არ უნდა გავწყვიტოთ კავშირი, არამედ ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ. რუსი ხალხი ახლობელი, ჩვენი მონათესავე ერია და ეს სიახლოვე მხოლოდ გაგვაძლიერებს და უკეთესს გაგვხდის. ამ რუსეთში გამოჩნდა ხალხი, რომელმაც უსამართლობაზე აიმაღლა ხმა. თქვენი სახით მსურს ამ ხალხსაც გადავუხადო მადლობა. მართალია, გასულ წელს უფრო მეტი ქართველი დაბრუნდა ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში გავიდა ქვეყნიდან და ქართველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, მაგრამ დღეს ერთი ქართველით მეტნი ვართ. სასიამოვნოა, რომ იზრდება არა მარტო რაოდენობა, არამედ ჩვენი ახალი მოქალაქეების "ხახახარისხიც". პირადად მე ეს ძალზე მახარებს. ამიტომ პატივი მაქვს, უდიდესი სიამოვნებით გადმოგცეთ 1951 წლის 8 აგვისტოს დაბადებულ სტანისლავ სადალსკის სახელზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული საქართველოს ახალი პასპორტი. ასევე მსურს, საქართველოს სახელმწოფოს სახელით ღირსების ორდენი გადმოგცეთ. ეს საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც განსაკუთრებული მოქალაქეობრივი ქმედებისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის ეძლევათ. მიმაჩნია, რომ თქვენ დამსახურება არა მარტო საქართველოს მიმართ გაქვთ, არამედ რუსულ-ქართული ურთიერთობის წინაშეც; იმ ურთიერთობების წინაშე, რომელიც მრავალ ათწლეულს გასტანს. იმისათვის, რაც თქვენ და თქვენმა მეგობრებმა, რომლებსაც, ალბათ, არც კი იცნობთ, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის ამ მძიმე დღეებში გააკეთეთ, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ", - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სტანისლავ სადალსკის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)