Google+

სიახლეები

06.05.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ვარდების რევოლუციის მესამე წლისთავის აღსანიშნავად ბათუმს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ვარდების რევოლუციის მესამე წლისთავის და გიორგობის აღსანიშნავად ბათუმს ესტუმრა.

საქართველოს პრეზიდენტი თავდაპირველად ბათუმის ბულვარში მივიდა, სადაც საზეიმო ვითარებაში საძირკველი ჩაეყარა სასტუმროს „შერატონი".

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრეზიდენტთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან თურქეთის გამოკლებით, მთელ შავიზღვისპირეთში "შერატონის" ქსელის ყველაზე გრანდიოზული სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ასეთი შენობა, არ იქნება არა მხოლოდ საქართველოს შავიზღვისპირეთში, არამედ არ იქნება სოჭში, იალტაში, კონსტანცაში და იქნება ჩვენთან საქართველოში. ეს არ არის ერთადერთი შენობა, რომლის მშენებლობაც რედისონის ქსელის დიდ სასტუმროს სურს საქართველოში" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აჭარაში ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა ფარმაცევტული ქარხანა მოინახულა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ამჟამად თანამედროვე ტიპის დანადგარებით აღიჭურვა. ქარხანაში ჯერ მხოლოდ 20 დასახელების მედიკამენტი მზადდება, რომლებიც შუა აზიის ქვეყნებში გაიყიდება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქარხნის ამოქმედებით ჩვენი ქვეყანა გავა ტრადიციულ ბაზრებზე შუააზიაში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. „ეს ქარხანა უკვე შესრულებული დაპირებაა. უახლოეს თვეებში 700-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო წლის დამლევს 1000 და მეტი. ამ ტერიტორიაზე სხვა საწარმოებიც იხსნება. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ ეს ქარხანა აჭარის სამკურნალო მცენარეებს იყენებს". - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ბილაინის" ოფისს ესტუმრა. „თბილისისა და რუსთავის შემდეგ, ეს საქართველოში "ბილაინის" მესამე რეგიონული ოფისია. კომპანიის დაფარვის ზონა ჯერჯერობით მხოლოდ ბათუმში გავრცელდება, ზაფხულიდან კი, აჭარის რეგიონს მთლიანად მოიცავს"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა საძირკველი ჩაუყარ ახალ სასტუმროს, „რეზიდორი", რომელიც სასტუმროს „მედეა" ადგილას აშენდა. ასევე ბათუმის მშენებარე აეროპორტი დაათვალიერა, რომელიც მაისის ბოლოს დასრულდება.

მიხეილ სააკაშვილი ბათუმის უნივერსიტეტშიც მივიდა, სადაც სტუდენტების წინაშე სიტყვით წარსდგა.

„არასოდეს ჩვენ ისტორიაში ასე მოკლე არ ყოფილა მანძილი ნგრევასა და შენებას, დამარცხებასა და გამარჯვებას, სიღატაკესა და კეთილდღეობას, უუფლებობასა და თავისუფლებას შორის.

ასე სწრაფად, ყველას ერთად, არასდროს გადაგვილახავს ეს მანძილი.

არასდროს ასე ახლოს არ მივსულვართ ჩვენ უმთავრეს ისტორიულ მიზანთან - მოვიპოვოთ თავისუფლება და ვუზრუნველვყოთ ჩვენი სამშობლოს, საქართველოს კეთილდღეობა მის ისტორიულ საზღვრებში.

ეს იყო მიზანი, რომლისთვის ბრძოლას ჩვენი წინაპრების მთელი თაობები ეწირებოდნენ.

ყველაზე ახლოს ამ მიზანთან აღმოჩნდა ჩვენი თაობა, რადგან თქვენ პატრიოტებისა და რეზერვისტების თაობა ხართ...

თქვენ ხართ ბევრად უფრო თავისუფალი, ძლიერი, უკოპმლექსო, განათლებული თაობა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს რას ნიშნავს ცხოვრება თავისუფალ სახელმწიფოში.

დღეს ჩვენს ქვეყანას უნიკალური მომენტი აქვს. საქართველო ამდენად დამოუკიდებელი პოლიტიკურად და ეკონომიკურად ყოფილა.

თქვენ ნახეთ, რომ მთავარმა სავაჭრო პარტნიორმა აბსოლუტური ბლოკადა გამოგვიცხადა.

დღეს ჩვენ აბსოლუტური ბლოკადისა და ებმარგოს პირობებში ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, აჭარის დედაქალაქ ბათუმში დღეს ას მილიონ დოლარზე მეტი საინვესტიციო სამუშაოები მიმდინარეობს...

მეგობრები და პარტნიორები რომ არ გვყავდეს, დიდი ხნის წინათ შეეცდებოდნენ ჩვენს განადგურებას.

ჩვენს მოწინააღმდეგეებს უპირველესად ჩვენი ერთიანობის ეშინიათ და შემდეგ ჩვენი მეგობრების.

საქართველო არასდროს არ ყოფილა ასე საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსათვის და ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ორგანიზებული როგორც დღეს.

დღეს ქართველთა მთავარი ძალა ჩვენი ერთიანობა და დემოკრატიის დიდი მნიშვნელობის გაცნობიერებაა. ათასწლეულების განმავლობაში ჩვენი მთავარი ამოცანა გადარჩენა იყო, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა საბოლოო გამარჯვებაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენს ისტორიულ რეალობასა და დღევანდელობას შორის"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)